ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იტალიური გამოცემა Wine News-ი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს - ღვინო და ქვევრი, ქართული კულტურის 8000-წლოვანი სიმბოლო
29 ივნისი, 2023

იტალიური გამოცემა Wine News-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.

„ქვევრს უზარმაზარი სიმბოლური ღირებულება აქვს: მიწაში მოთავსებულ ამ ჭურჭელში ღვინო მზადდება, ამ გზით ღვინო მიწას ერწყმის, აქ ხდება ღვინის ხელახალი დაბადება, ისევე როგორც დიონისედან დაწყებული მრავალი ღვთაება. ღვინო მჭიდროდ დაკავშირებულია მზესთან, ღვთაებრივ სიმბოლოსთან და მის ენერგიასთან. ქართულ სახლებში სარდაფებს, სადაც ღვინოს ათასწლეულებია, ამზადებენ, „მარანი“ ჰქვია. „მარ“ ნიშნავს ადამიანს, რომელიც თავისთავად მზის ენერგიაა. ქვევრი კი ქალური ენერგიისა და დედამიწის სიმბოლოა“, – წერს სტატიის ავტორი პიერ მიშელ კაპული.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჟურნალისტი გამოცემისთვის საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატიას ამზადებს.

„Wine News-ი იტალიაში ღვინის რეგიონების, კულინარიისა და ტურიზმის შესახებ წერს. გამოცემას ყოველდღიურად ვებგვერდზე 40 000 ვიზიტორი ჰყავს. პიერ მიშელ კაპული, სამ იტალიელ ჟურნალისტთან ერთად, საქართველოში მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში გამართული პრესტურით იმყოფებოდა. მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩატარდა, შატო მუხრანისა და „ასოციაცია ქართული ღვინის“ ორგანიზებით. მერანოს ღვინის ფესტივალი, როგორც პირველი ღვინის ფესტივალი ევროპაში, ემსახურება მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური ღვინოების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას“, – აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

1tv.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.