ხელოვნება ღია ცის ქვეშ - პარასკევ-შაბათ-კვირას თბილისში კულტურული ღონისძიებები გაიმართება
თბილისის მერია საზოგადოებას კულტურული და შემოქმედებითი ხელოვნების ახალ პლატფორმას სთავაზობს. ახალი პროექტი დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, საკუთარი იდეები ახლებური ხედვით, ღია ცის ქვეშ განახორციელოს.
ახალი პლატფორმის ფარგლებში ქალაქში იგეგმება კონცერტების, საგანმანათლებლო ლექციების, გამოფენების, თეატრალური, მუსიკალური, ფოტოხელოვნებისა და გრაფიტის ფესტივალების მოწყობა, ღონისძიებებში მონაწილეობა კი ყველა დაინტერესებულ პირისთვის იქნება შესაძლებელი.
კახა კალაძის განცხადებით, პროექტი, რომელიც ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებს გააერთიანებს, აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.
„ყოველ პარასკევ-შაბათ-კვირას ქალაქში იქნება კონკრეტული ლოკაციები მოცემული, სადაც სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები - კონცერტები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები გაიმართება. ვფიქრობ, ამით ახალ სიცოცხლეს შემოვიტანთ ქალაქში. რაც მთავარია, ჩვენ არ ვიქნებით ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ ადგილებზე და ცენტრალურ ქუჩებზე. მთელი ქალაქის მასშტაბით იქნება კონკრეტული ადგილები, სადაც კონცერტები და ეს პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას თქმით, პროექტი ქალაქს სხვა რაკურსით წარმოაჩენს და ქალაქში სხვადასხვა საინტერესო ლოკაციებს შექმნის.
ახალი პლატფორმის მიზანია დედაქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა; ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა; კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების სტიმულირებით დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; უქმე დღეების განმავლობაში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება.
www.travelingeorgia.ge