ზემო კალაუბანში, ყავლაშვილის ქუჩა N9-ში მდებარე ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა.
სამუშაოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში, გვერდით მდებარე სახლის მშენებლობაც ერთ წელიწადში დასრულდება. რეაბილიტირებულ სახლში 14 ოჯახი იცხოვრებს.

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ბაიდარაშვილის თქმით, შენობის რეაბილიტაცია, მისი ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იყო.
კრწანისის რაიონში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წლის ზაფხულში დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების – „ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით“ განახორციელა.
თბილისის მერიის ცნობით, მშენებლობა-რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 612,574.07 ლარი დაიხარჯა.

პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით, ავარიული შენობა დაიშალა, რომლის ნაცვლად, ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა, ხოლო დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვალა. ასევე, მთლიანად შეიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელი: წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ელექტრომომარაგების სისტემა. მოხდა არსებული ხის დეკორატიული ელემენტების რესტავრაცია, რაც ახალი ნაკეთობებით ჩანაცვლდა. მოეწყო ახალი კარ-ფანჯარა და ჩატარდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.

ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge