ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყაზანიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება იწყება
21 ივლისი, 2017

4 აგვისტოდან, რუსეთის ქალაქ ყაზანიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება იწყება. როგორც რუსული მედია წერს, აღნიშნულის შესახებ განცხადება Twitter-ის მიკრობლოგზე ტურისტული კომპანია AVT-ის ხელმძღვანელმა აზამატ საბიროვმა გააკეთა. რეისები ყოველ ორშაბათს და პარასკევს შესრულდება.

როგორც ცნობილია აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენას ივნისიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი გეგმავდა, თუმცა როგორც ავიაკომპანიის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებამ Georgian Airways-ს ყაზანის მიმართულებით ფრენებზე უარი განუცხადა.

საბოლოოდ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი 5 აგვისტოდან მოსკოვის ჟუკოვსკის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს, Georgian Airways-ს კი რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ გაუქმებული 4 რეისი აღუდგინა. ასევე Georgian Airways-მა ყაზანის მიმართულებით ფრენების უფლებას მოიპოვა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყოველთვის მხარს უჭერს ადგილობრივ ინდუსტრიებს, მათ შორის ადგილობრივი საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო ჰაბისა და ტურისტულად მიმზიდველი მიმართულების პოზიციონირებისთვის.

ადგილობრივი საავიაციო ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორისაა შიდა საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვის, აგრეთვე შიდა საავიაციო სამუშაოების გათავისუფლება დღგ-სგან და ამ სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო საწვავი და საპოხი მასალების გათავისუფლება იმპორტის გადასახადისგან, აქციზისა და დღგ-სგან. აღნიშნული მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს და ხელს უწყობს რესურსების დარჩენას კომპანიებში.

სახელმწიფო მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობით მოხდა ქართული კომპანია „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ იმ 4 სიხშირის აღდგენა, რომელიც რუსეთის საავიაციო ხელისუფლების მიერ 15 ივლისს იქნა შეჩერებული. შედეგად, კომპანიას აქვს შესაძლებლობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეისების განხორციელება“, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.