2019 წელს, თბილისში 147 მეტრის სიმაღლის 37 სართულიანი „აქსის თაუერსი“ გაიხსნება, რომელიც საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და დეველოპერული კომპანია „აქსისის“ ერთობლივი პროექტია. ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, გალაქტიონის ძეგლის უკან არსებული ცათამრჯენი ბიზნეს ცენტრს, საცხოვრებელი ფართებს, სავაჭრო ცენტრებს, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსა და საფეხმავლო რეკრეაციული ქუჩას გააერთიანებს. ტყუპი კოშკების ყველა სართული ბირთვის გარშემო 2 გრადუსით ბრუნავს, რაც შენობების მოძრაობის შთაბეჭდილებას ქმნის. ერთი კოშკი ბუნებრივი თეთრი ქვით, ხოლო მეორე მუქი მინებითაა მოპირკეთებული. 19-ე სართულიდან Accor ჯგუფში შემავალ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს „Pullman“ იფუნქციონირებს. როგორც „იმედთან“ „პულმანის“ გენერალური მენეჯერი ანტუან ლუგენოტო აცხადებს, სასტუმრო ბიზნეს ტურიზმზე იქნება ორიენტირებული. „226 ნომრიან სასტუმრო „პულმანი“ ათვლას 19-ე სართულიდან იწყებს და ორიენტირებულია ბიზნეს ტურიზმზე. იგი გამორჩეულია სხვა „პულმანის“ სასტუმროებისგან არა მხოლოდ დიზაინით და მაღალი სტანდარტით, არამედ საკონფერენციო დარბაზებითა და სხვა სივრცეებით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფართომაშტაბიანი ფორუმებისა და ღონისძიებების ჩატარებას“, – განაცხადა ანტუან ლუგენოტომ. „აქსის თაუერსის“ მშენებლობის პროცესში და ამ პროცესის უზრუნველყოფაში ათეულობით ქართული კომპანიაა ჩართული. პროექტის მშენებლობის ეტაპზე დასაქმებულია 2000 ადამიანი, ხოლო მისი დასრულების შემდგომ ჯამურად 1000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. როგორც თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, ცათამრკენების ექსპუატაციაში შესვლის შემდეგ 10 მილიონ ლარზე მეტს შეიტანს ყოველწლიურად ქვეყნის ბიუჯეტში.