საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე აჭარა არამარტო არაჩვეულებრივი ბუნებით, შავი ზღვის ხიბლითა და მზიანი დღეებით გამოირჩევა, არამედ განსაკუთრებულად თბილი და მოსიყვარულე ხალხით, მდიდარი ფოლკლორული ტრადიციებითა და კულტურული სიმდიდრეებით. აჭარის ბუნება მრავალფეროვანია, მასში მთისა და ზღვის წარმტაცი პეიზაჟები, ბუნებრივი ნაკრძალებისა და ულამაზესი პარკების სიმდიდრე, საუცხოო სამზარეულო და თვითმყოფადი ტრადიციები ერთმანეთს ავსებს და ერთნაირად იზიდავს ქართველ თუ უცხოელ დამსვენებლებს.
აჭარაში მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და უნიკალური ბოტანიკური ბაღი, რომელშიც თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები. აჭარის ბუნების სიმდიდრეს ამ ტერიტორიაზე არსებული დაცული ტერიტორიები და ბუნებრივი ნაკრძალების სიმრავლეც ცხადყოფს. მტირალას ნაციონალური პარკი, ისპანის ჭაობი, კინტრიშის ნაკრძალი თუ მაჭახელას ტრანსსასაზღვრო დაცული ტერიტორია, საუკეთესო ადგილებია ეკოტურიზმის მოყვარულთათვის.
აჭარაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უნიკალური ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინო, გაეცნოთ აჭარულ სამზარეულოს და ხალხურ შემოქმედებას, დაათვალიეროთ აქვე გაშენებული ვენახის – ,,ჩხავერის“ ზვარი, შეიძინოთ ადგილობრივი ხალხური რეწვის ნივთები და მონაწილეობა მიიღოთ რთველში.
აჭარაში შეგიძლიათ ინახულოთ პირველი საუკუნით დათარიღებული უნიკალური გონიოს ციხე, რომელიც ამ ერთ-ერთ უძველეს კუთხეს ანტიკურ და ბიზანტიურ ხანასთან აკავშირებს. სულ რამოდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით შეგიძლიათ მოინახულოთ ისტორიული ციხე-სიმაგრე პეტრა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა.
აჭარაშია შავი ზღვის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი, რომელიც თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებითა და ზღვისპირა ბულვარით თანამედროვე საქართველოს საუკეთესოდ წარმოაჩენს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში შედის. ის გეოგრაფიული პროვინციების აჭარისა და ლაზეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიას მოიცავს. რესპუბლიკას საკუთარი დროშა და გერბი გააჩნია. მასში 6 ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეული შედის :
ქალაქი ბათუმი, ქედის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტები.
ადმინისტრაციული ცენტრი- ბათუმი
ქალაქის მოსახლეობა - 48%;
ფართობი- 2,9 000კმ² (ქვეყნის საერთო ტერიტორიის 4,2%)
საზღვრის საერთო სიგძეა 270 კმ, მათ შორის საზღვაო - 57 კმ.;
მოსახლეობა- 400 000-მდე (82% ქართველი)
ოფიციალური ენა- ქართული
საერთაშორისო კოდი- +995 422
ძირითადი ვალუტა: ლარი (GEL)
დროის სარტყელი: UTC +4
აჭარის მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები XIX- XX საუკუნეებში მოხდა, როდესაც საზღვარგარეთის ქვეყნებისა და რუსეთის იმპერიის შიდა პროვინციებიდან სომხები, რუსები, ბერძნები და გერმანელები ჩამოსახლდნენ. ეთნიკური უმცირესობების რიცხვი ქვეყნის მასშტაბით 16%-ს შეადგენს. დღეისათვის აჭარის მოსახლეობის უმრავლესობას (82%) ქართველები წარმოადგენს.