ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
უზურგეთის მუნიციპალიტეტის დღეობები
გურია

„ალეგრობა″


          „ალეგრობის” დამკვიდრების ისტორია გურიიის უკანასკნელი მთავრის  მამია V გურიელს (1789-1826) პერიოდს უკავშირდება, რომლის სასახლე იმ დროის ევროპული კულტურული სალონი იყო  დასავლეთ საქართველოში. მაშინდელ ოზურგეთში უცხოელების გამოჩენა არავის უკვირდა, ქალაქში იტალიელი მისიონერებიც უნახავთ და გერმანელი მოხეტიალე მსახიობ-კომედიანტთა დასიც. გურიელმა თავის კარზე რომ დაიტოვა სანახაობათა მოსაწყობად. ამიტომ „ალეგრობა” - იტალიური შინაარსის სიტყვა რომ ეწოდა მხიარულ, მრავალფეროვან და მასობრივ დღესასწაულს, დღევანდელი გადასახედიდან თითქოს არც უნდა გაგვიკვირდეს. „ალეგრობა”, როგორც სახალხო სანახაობა, გურიაში ძველთაგანვე საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. იმ დღეს თითოეული ოჯახი სურსათ-სანოვაგით შეეწეოდა ხოლმე ორგანიზატორებს, ლატარიიდან შემოსული თანხაც მთლიანად საზოგადოებრივ-საქველმოქმედო დანიშნულებით იხარჯებოდა. ქალაქის გარდა, „ალეგრობა” სოფლებშიც იმართებოდა და განსაკუთრებით განთქმული იყო ბახვის, ლიხაურის, შემოქმედის, კვირიკეთის „ალეგრობები”. XIX საუკუნის 80-იან წლებიდან მოყოლებული, ეს დიდი ტრადიცია 1941 წლამდე მოვიდა და მეორე მსოფლიოს ომმა შეაჩერა. იმ ადრინდელი „ალეგრობების” შესახებ ცნობები კი ძველმა გაზეთმა და თანამედროვეთა მოგონებებმა შემოგვინახეს.  სხვადასხვა წლებისა და ეპოქის „ალეგრობებს” ჩაქურიან - ყაბალახიანი, ულვაშაწკეპილი გურული ვაჟკაცებიც ახსოვთ და „ცარსკებით” დამშვენებული, „ჩესუნჩისა” თუ სატინის ბლუზებიანიც; ნაწნავ-თავსაფრიანი უმშვენიერესი ასულებიც და მხიარულ „ბუზიკაზე” „ფოქსტროტისა” და „ვალსის” მოცეკვავე გოგონებიც. ყოფილა დიდი მხიარულება, სეირნობა, ქალ-ვაჟთა „გადანახულება”, მუშაობდა „სიყვარულის ფოსტა”, „ბედის კასრი”, იმართებოდა შეჯიბრი ცეკვებში... უხუცეს ოზურგეთელებს ახსოვთ, დღესასწაულის ყველაზე ლამაზ გოგონას ქადეიშვილის ქალის განთქმულ ტორტს რომ მიართმევდნენ პრიზად, თეთრი ვარდებით მორთულ ფაეტონში ჩასვამდნენ და არემარეს ზარზეიმით შემოატარებდნენ. „ალეგრობაზე” ბევრი ქალ-ვაჟის ბედი გადაწყვეტილა.

„კალანდა″

       მაშინ, როცა მსოფლიო ახალ წელს წელიწადში ერთხელ ზეიმობს, მართმადიდებელი ქრისტიანები მას ორჯერ ავღნიშნავთ: ძველი და ახალი სტილით, 1 და 14 იანვარს. 14 იანვრის აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა მხარეში, განსხვავებული ტრადიციებით, რიტუალითა და სახელწოდებითაც ხდება, რაც საუკუნეების განმავლობაში ტრადიციად იქცა. გურულები ძველით „ახალ წელს″ „კალანდას″ ეძახიან. „კალანდის″ მთავარი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელსაც მსხვილი თხილის ჯოხისაგან ამზადებენ. ჩიჩილაკი წმინდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული. გურიაში მას ″ბასილის ფაფუკ წვერებსაც″ ეძახიან. ძველით „კალანდას“ ახალ წელიწადს გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას (საახალწლო კვერი), საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილის ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. თუ გატეხვის შემდეგ კაკალი ცარიელი აღმოჩნდა, რაც მისი რწმენით უბედურების მომასწავებელია, ის ხელმეორედ ეხვეწება წმ. ბასილს, რომ მისი ოჯახი ცარიელ კაკლს არ დაამსგავსოს. ამის დასასრულს პროცესია სახლისკენ გაემართება და მეკვლეს კარებს სამჯერ დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!″ სახლიდან სამჯერ უპასუხებენ „რა მოგაქვს?“ ამაზე მეკვვლე უპასუხებს მთელი რიგი სანატრელი საგნების ჩამოთვლით. შემდეგ კარებს უღებენ და იწყება საახალწლო მილოცვები.

თეატრი

 ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი –  ქ. ოზურგეთი, ჭავჭავაძის ქ. 1

ა.ი.პ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო თეატრი – ქ. ოზურგეთი, ჭავჭავაძის ქ. 1

 

 გალერეა

ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა

მისამართი: 3500, ქ. ოზურგეთი, შოთა რუსთაველის ქ. 6

ტელეფონი: (+995 296) 7 45 42, (+995 99) 177 564 (მობ.)

დირექტორი: ავთანდილ თავართქილაძე

 

წყარო/References

1.       http://ozurgeti.gov.ge/

2.       http://tourismreality.ge/

3.       http://www.travelingeorgia.ge/

4.       http://www.klio.ge/

 

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.