მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს, ჩრდი-ლოეთით ესაზღვრება არგვეთის თემის სოფელი სავანე, სამხრეთით _ არგვეთის თემის სოფელი მახათაური, დასავლეთით _ მდინარე ლაშურას ხეობა და გორის თემის სოფელი გამოღმა არგვეთი. აღმოსავლეთით შემოსაზღვრულია მდინარე იზვარას ხეობით, სოფელ იტავაზით.
სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია არგვეთის ჩრდილო- აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე იზვარას ხეობაში, სიმაღლე 525 მეტრი, არგვეთის მაქსიმალური ადგილია, უკიდურესი სამხრეთი ნაწილი, საზღვარი სოფელ მახათაურთან, მდინარე იზვარისა და ლაშურის წყალგამყოფი ხაზი, 650 მეტრი ზ. დ. არგვეთი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება საშუალოდ 2-2,5 კმ-ზე, ხოლო, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 2კმ-ზე. არგვეთის ცენტრის სიმაღლე ზ. დ. 560 მეტრია.
სოფელ არგვეთში ცხოვრობს 309 კომლი, 970 სული მცხოვრებით. გავრცელებული გვარებია: კიპაროიძე - 45 კომლი, ლაკლაკიშვილი - 26, თოდაძე - 26, კუპრაშვილი-24, კერესელიძე - 18, ქვათაძე - 11, ბერიძე - 11, მაჭავარიანი - 9, ნაცვლიშვილი - 9, იაშვილი – 5. (იაშვილი – გვარი გავრცელებულია ამბროლაურის, საჩხერის რაიონებში და სხვა. წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოა რაჭასა და იმერეთში. იაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება სავარაუდებელია XV ს. მიწურულს. პირველად იგი მოიცავდა სოფლებს: სადმელს, ძირაგეულს, კლდისუბანსა და ბეთლევს (ამბროლაურის რ-ნი.). ადრინდელი ცნობა ამ საგვარეულოს შესახებ დაცულია 1432 წლის სიგელში. შემდგარია საკუთარი სახელისგან “ია”. სოფელ ასურეთში იაშვილები გადმოვიდნენ ამბროლაურის რაიონის, სოფ. სხვავადან 1951 წელს. ამავე ძირისაა იაძე).
სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მევენახეობა, მესიმინდეობა, მეცხოველეობა. არგვეთში არის პაოლო იაშვილის სახელობის საჯარო სკოლა 251 მოსწავლითა და 31 პედაგოგით, არის აგრეთვე საბავშვო ბაღი. სოფელში იყო ბიბლიოთეკა, ფუნქციონირებს მედეა ჯაფარიძის სახელობის კულტსახლი. ძველი ქართული სასიტორიო წყაროების მიხედვით არგვეთი მთელი კუთხის, ,,ქვეყნის’’ სახელი ყოფილა, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მიხედვით: ,,და დღესა ივანობისასა ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდ აღივსო თურქითა, მოისრა და ტყუე იქმნა ამათ ქვეყანათა მკვდარი ყოველი... და ესე იყო პირველი დიდი თურქობა”... (,,ქართლის ცხოვრება I, თბ., 1955, გვ. 319-320).
ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია შუა საუკუნეებში აგებული ,,ოქონის’’ სახელწოდებით ცნობილი ეკლესია. სოფელში არის აგრეთვე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია.
არგვეთში მდ. ლაშურას ხეობაში 1963-64 წწ. არქეოლოგებმა გათხარეს (რ. აბრამიშვილი) ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეული) სამოსახლო ბორცვი. აღმოჩენილია ნაგებობათა ბათქაშით შელესილი კედლები, თიხატკეპნილი იატაკები, წრიული მოყვანილობის კერები ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტ-ურისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭელი, ლითონის ჩამოსასხმელი ყალიბის ნატეხი, ირმის რქისაგან დამზადებული მიწის დამამუშავებელი პრიმიტიული იარაღი, კაჟის ნამგლის პირები, ორფრთიანი, ყუნწიანი კაჟის ისრისპირები, და სხვ. ბორცვი დასახლებული ყოფილა გვიან ბრინჯაოს ხანაშიც (ნაპოვნია ფოთლისებრი სატევრები) აღმოჩენილია აგრეთვე ორმოსამარხები ხელფეხმოკეცილ მიცვალებულებს ჩატანებული აქვთ გამომწვარი თიხის ხელადები, მძივები, ბრინჯაოს გულსაკიდები, საყურეები. ფრინველის გამოსახულებიანი საკიდები, აბზინდები, რომლებზეც ფანტასტიკური ცხოველებია გამოსახული. აღმოჩენილია აგრეთვე ფეოდალური ხანის ციხედარბაზი, ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები, მარცვლეულის შესანახი ხაროები (მარნები). ძეგლის ზედა ქრონოლოგიური საზღვარია XIII ს. არგვეთი ანუ მარგვეთი ისტორიული სახელწოდებაა, ოღონდ წინათ ეს სახელი რქმევია არა მხოლოდ ერთ ან ორ სოფელს, არამედ მთელ მხარეს, ქვეყანას, ლეონტი მროველის (XI ს.) სიტყვითაც არგვეთის ქვეყანა ლიხის მთებიდან რიონის ნაპირებამდე ყოფილა გადაჭიმული. არგვეთი, ვახუშტი მიხედვით, ,,ქვეყანაა”, რომელიც მთელ იმერეთის ვაკესა და ზემო იმერეთის დიდ ნაწილს მოიცავდა. ვახუშტი ბატონიშვილს არგვეთის აღწერილობისა და საზღვრების დადგენის გარდა, ტოპონიმის ეტიმოლოგიური გარკვევაც უცდია: ,,ხოლო რაჭის სამხრით არს მთას იქით არგვეთი ანუ მარგვეთი, რომელი იწოდა ქვეყნის ნაყოფიერებისაგან და მრგველობისა მუშაკობისათვის...
არგვეთის წმ. გიორგის ეკლესია (სავანის ახლოს) ერთიანი ბაზილიკაა, გადაკეთებული XIXს_ში (მიშენებული აქვს შენობები სამხრეთით და ჩრდილოეთით). ნაშენია ქვითკირისაგან. აღმოსავლეთის მხარეს აქვს ჩუქურთმიანი დიდი ჯვარი, რომელიმე დღესასწაულის გამოსახულებით (მიძინება ღვთისმშობლისა). აქ არსებული სიძველენი იყო: 1. ბარძიმი ვერცხლისა მხედრული წარწერით: მოიხსენე უფალო აბდუშელისაშვილი ბეჟან და მეუღლე მისი ამილახვრის ასული მაია, რომელთაცა შექმნეს ესე ფეშხუმით და კოვზ კამარით. 2. ზარი მხედრული წარწერით: ქ. შევწირე წმინდა გიორგის ზარა ერთი წყვილი ბეჟან აბდუშელის შვილმა და მემცხედრემან ჩემან ამილახვრის ასულმ(ა)ნ მარიამ(ა)ნ სულისა ჩვენ[ისა] საოხაბლად ვინც წარ(ი)კითხოთ შენდობას გიბრძანებდ(ი)თ თქვენცა შენდობილ იქმნეთ აღიწერა ივნისის იზ (17) წლისა ჩყკბ (1822წ.).
არგვეთის სანახების სახელებია: ლაბაძისეული გრძელათი, გვერდათა, კვედალაური, ჯორკნალი, კოხია, გოგოთუბანი, იზვარის-პირეთი, სილები, მუხრანის ტყე, ოქონისა. არის ცივი წყაროები: წინწკილა, მღვდლების წყარო, დავითის-წყარო, კოდისწყარო. სოფლის ტერიტორიაზე მიედინებიან მდ. ყვირილის მარცხენა აუზის მდინარეები: ლაშურა, იზვარა, წინწკილა.
ავტორი: გიორგი დვალაშვილი
ყველა უფლება დაცულია