ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
აწყურის ციხე
სამცხე ჯავახეთი

აწყური, აწყვერი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის "ცხოვრება მეფეთა", ჯუანშერის "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა", მატიანე ქართლისა, ჟამთააღმწერელი, ბერი ეგნატაშვილი "ახალი ქართლის ცხოვრების" პირველი და მესამე ტექსტი, ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა, XIII-XVIII სს-ის ისტორიული დოკუმენტები, იოანე ბაგრატიონის "ქართლ-კახეთის აღწერა", ომან ხერხეულიძის "მეფობა ირაკლი მეორისა, იოჰან გიულდენშტედტის "მოგზაურობა საქართველოში", ევლია ჩელების "მოგზაურობის წიგნი", ჟან შარდენის "მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში", გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი.

XI ს-ის შუა ხანებში ბაგრატ IV-ის მეფობის დროს "ქართლის ცხოვრებაში" იხსენიება "აბუსერი, ერისთავი არტანუჯისა და ხიხათა და ციხისჯუარისა და აწყურის ციხის პატრონი", რომელიც კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ბაღვაშმა დაატყვევა. აბუსერის დატყვევების შემდეგ, ლიპარიტმა დაიკავა სამცხე-საათაბაგოს ციხესიმაგრები. 1058 წ. ბაგრატ IV-ი მიერ ლიპარიტის შეპყრობის შემდეგ, მას ჩამოერთვა ეს ციხეები. XVIII ს-ის 20-იანი წლების დასასრულს მეფე რუსუდანმა თავისი ასული თამარი ყიასდინ სულთანს მიათხოვა და მზითვად აწყური მისცა. XIII ს-დან სამცხის მთავრები ჯაყელები არიან, ხოლო აწყური მათ ერთ-ერთ რეზიდენციას წარმოადგენდა. მეფე დემეტრე II-მ აწყური მისცა სარგის ჯაყელსა და ძესა მისსა ბექას. XV ს-ში აწყური რამდენჯერმე დაარბიეს სპარსელებმა: 1477 წ. შაჰმა უზუნ ჰასანმა; 1486 წ. სამცხეში შეიჭრა ირანის შაჰი იაყუბ ყაენი, აწყურის ციხე აიღო, მოსახლეობა ტყვედ წაასხა და აწყურის ღვთისმშობლის ხატი წაიღო. მოგვიანებით სამცხის ათაბაგმა მანუჩარმა ხატი გამოისყიდა. 1546 წ. იმერეთის მეფე ბაგრატ III-ემ ხატი ჯერ ციხისჯვარში გადაიტანა, 1553 წ. - იმერეთში.  XVI  ს-ის დასასრულს აწყური, ისევე როგორც მთელი სამცხე, თურქების ხელში გადავიდა, ხოლო აწყური სანჯაყის ცენტრად იქცა. აწყურის ციხეში თურქებმა იენგიჩართა რაზმი ჩააყენეს. 1770 წ. ერეკლე II-მ ახალციხის საფაშოს წინააღმდეგ გაილაშქრა. ერეკლე II და რუსეთის იმპერატორის რწმუნებულის ქართლ-კახეთში, გენერალი ტოტლებენი აწყურის ციხეს მიადგნენ. გადამწყვეტი შეტევის წინ ტოტლებენმა ქართველები მიატოვა და თბილისისკენ დაიძრა. ერეკლე II-მ ციხე ვერ აიღო, მაგრამ იქიდან გამოსული თურქთა რაზმი დაამარცხა, ხოლო შემდეგ, ასპინძასთან - აწყურის ციხის გარნიზონის დასახმარებლად წამოსული თურქები.

აწყურთან, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ნაქალაქარი, შენობები ორგვარია: წრიული და ოთხკუთხა, ნაგებია დაუმუშავებელი ქვის კვადრებით, საცხოვრებელ ნაგებობებში დადასტურდა კერა, ღუმელი და საკურთხეველი, ნაქალაქარზე მრავლად მოიპოვება კოლხურ-იბერიული, ბერძნული (იონური, ატიკური) და აქემენიდური კერამიკა. ნაქალაქარი თარიღდება ძვ. წ. V- ახ. წ. I სს-ით.

ნაქალაქარის ტერიტორიაზე გაითხარა სამარხები, რომლებიც თარიღდება ძვ. წ. VII- ახ. წ. I სს-ით. ქვაწრიან ორმოსამარხებში აღმოჩნდა: ბრინჯაოს სამაჯურები დრაკონის თავით და გველის თავით; ბრინჯაოს საბეჭდავი ბეჭდები ცხენის, თევზის, ფრინველის, მზის გამოსახულებებით, კონუსური, ცილინდრული, ნახევარსფერული ფორმის ზარაკები, სხვადასხვა ფორმისა და მასალის მძივები, ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკებები.

მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე მთის ჩრდილოეთ კალთაზე გაითხარა ძლიერ დაზიანებული აკლდამა, რომელიც ადრე შუა საუკუნეებით თარიღდება. აკლდამა წარმოადგენს გეგმით კვადრატულ ნაგებობას, რომელიც აგებულია თლილი კვადრებით. შემორცენილი კედლების ზომებია: სიმაღლე - 1,20 მ, სიგანე - 1,30 მ, სიგრძე - 6 მ. აკლდამას ჰქონდა თაღისებრი გადახურვა, რომელიც ნაგები იყო რიყის ქვით კირხსნარზე. დასავლეთის კედელში მოწყობილ შესასვლელ უერთდებოდა დიდი ზომის რიყის ქვებით ნაგები დრომოსი. აკლდამაში იატაკი მოსწორებული იყო კირხსნარით. შესასვლელთან დაზიანებული იატაკის გაწმენდისას აღმოჩნდა წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებური კრამიტი. სამარხში ნაპოვნია 6 თავის ქალა, დაკრძალვის წესი ვერ დადგინდა. აკლდამაში გამოვლინდა ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული სამეურნეო თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და მსხვილფეხა საქონლის ძვლები.

აწყურის ღვთისმშობლის გუმბათიანი ტაძარი დგას სოფელში. დღეს ის დანგრეულია, ჩამოქცეულია გუმბათი და კამარები, კედლების ზემო ნაწილები; შემორჩენილ კედლებს შემოცლილი აქვს თლილი ქვის პერანგი. ტაძარი თარიღდება X-XI და XIII-XIV სს-ით.



აწყურის ციხე დგას სოფლის მახლობლად, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. დღეს ციხე დანგრეულია. იგი სამხრეთიდან იცავდა ბორჯომის ხეობას, როგორც ჩანს, ციხე დანგრეულია, იგი სამხრეთიდან იცავდა ბორჯომის ხეობას, როგორც ჩანს, მრავალჯერაა შეკეთებული. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ფენა ადრეულ შუა საუკუნეებს ეკუთვნის. იგი დგას კლდეზე, კედლები თითქოს კლდესაა შეზრდილი. შესასვლელი გვირაბიდან ჰქონდა.

სოფელი აწყური არის კახეთშიც (ახმეტის მუნიც.). მოიხსენიება იოანე ბაგრატიონის მიერ შედგენილ "ქართლ-კახეთის აღწერაში".
 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვა).

ავტორი: გურამ ხარშილაძე

საქართველოს ისტორია /History of Georgia

ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.