ბეშუმი
ბეშუმი სამთო-კლიმატური კურორტია, რომელიც არსიანის ქედის აღმოსავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს. აქ შეზავებულია შავი ზღვიდან, მაღალი მთის მდელოებიდან და საშუალო მთის მუქწიწვიანი ტყეებიდან მონაბერი ჰაერის მასები. კურორტის ფარგლებში ბალნეოლოგიური მნიშვნელობის რამდენიმე მინერალური წყაროა, რომელთაც აქტიურად იყენებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებისთვის.
ბეშუმის საკურორტო მნიშვნელობა კომფორტულ ჰავას, სუფთა და ჯანსაღ ჰაერს უკავშირდება. სეზონი რამდენიმე თვის განმავლობაში _ ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. აქაური ჰაერი ძალზე ეფექტიანია სასუნთქი გზებისა და ბავშვთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.
ბეშუმის მიდამოებში სწრაფად ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც ძირითადად სათხილამურო სპორტისა და სამთო მარშრუტების განვითარებას უკავშირდება. აქ ყოველწლიურად დიდი სიმძლავრის მშრალი და ხანგრძლივი თოვლის საფარი ყალიბდება, რაც რელიეფის რბილ ფორმებთან ერთად სათხილამურო ტრასების მშენებლობის კარგი წინა პირობაა.
ავტორი: გამომცემლობა "კლიო"