ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ბეთანია
ქვემო ქართლი

ბეთანიის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძა­რი ქვემო ქართლის რეგიონში, თბი­ლისიდან სამხრეთ-დასავლეთით 15 კმ-ზე, მდ. ვე­რეს ხეობაში მდებარეობს. ბეთანია დაკარგულად ითვლებოდა და XIX ს-ში ხელახლა აღმოაჩინეს. მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას წმინდა გიორგის სახელობის მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც 1196 წელს თამარ მეფის მამიდას რუსუდანს აუგია. დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული ეკლესია XIX საუკუნის შუა ხანებში მოინახულა მხატვარმა გრიგორი გაგარინმა გაასუფთავა და ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის ფრესკაც (გიორგი III, თამარი, გიორგი IV) გამოაჩინა. 1894-1896 წლებში მონასტერში კვლავ დამკვიდრდნენ ბერები. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია. ორნამენტირებულია აღმოსავლეთ ფასადი და სარკმლის საპირეები. ბეთანიაში წარმოდგენილია XII-XIII სს-ის ქართული ფრესკული მხატვრობის საუკეთესო ნიმუშები. საკურთხევლის კონქში `ქრისტე პანტოკრატორის~ ფიგურაა, აფსიდის კედლებზე გამოსახულნი არიან წინასწარმეტყველნი. ჩრდილოეთის კედელზე მაცხოვრის ჯვარცმის ციკლია გამოსახული, სამხრეთ კედელზე კი _ ძველი აღთქმის სცენები. დასავლეთ კედელზე გამოსახული იყო `განკითხვის დღის~ კომპოზიცია (ამჟამად მხოლოდ ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი). საერო ფრესკული მხატვრობის გამორჩეული ნიმუშია სამხრეთ კედელზე განთავსებული სამეფო ოჯახის პორტრეტი _ გიორგი III-ის, თამარ მეფის და გიორგი IV ლაშას გამოსახულებით. ეს მხატვრობა შესრულებულია 1206 წელს, გიორგი ლაშას თანამოსაყდრედ კურთხევის ჟამს. ამ ფრესკას დიდმა ქართველმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ გრიგოლ ორბელიანმა მიუძღვნა ლექსი `თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში~. ტაძრის სამხრეთ კედელზე ბერის სამოსლით და ტაძრის მოდელით ხელში გამოსახულია ქტიტორი სუმბატ ორბელი. ბეთანიის მონასტერს 2000 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია, აშენდა დამატებითი სენაკები.

გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.