ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
დმანისი და მანგლისის სიონი
ქვემო ქართლი
დმანისი შუა საუკუნეების ციხე-ქალაქია. იგი ქვემო ქართლში, მდ. ფინეზაურისა და მაშავერას შესართავთან, ქ. თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 93 კმ-ზე მდებარეობს. საისტორიო წყაროებში პირველად იხსენიება IX ს-ში, როდესაც არაბთა მფლობელობაშია და ქალაქს ამირა მართავს. XI ს. 80-იან წწ-ში დმანისს სელჩუკები იკავებენ. 1123 წ. დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა დმანისი და სამეფო ქალაქად აქცია, რამაც განაპირობა მისი განსაკუთრებით დაწინაურება XII-XIII სს-ში. აქ გადიოდა წინა აზიისკენ მიმავალი საქარავნო გზები, არსებობდა ზარაფხანა _ ფულის საჭრელი. XIV-XV სს-ში დმანისმა არაერთი შემოსევა განიცადა (თემურ-ლენგის, იაყუბ-ყაენის...), რამაც ქალაქის ეკონომიკური დაცემა და გაპარტახება გამოიწვია. დმანისი ხშირად ექცეოდა დამპყრობელთა (ოსმალები, სპარსელები) ხელში.
ქალაქს გარშემოვლებული ჰქონდა ბაზალტის ქვით ნაგები და კონტრფორსებით გამაგრებული მაღალი გალავანი, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთიდან ქალაქს შესასვლელი ჭიშკარი ჰქონდა დატანებული. ქალაქის შიგნით კი ქუჩები 2,5 მ. სიგანის ფილაქნით იყო მოკირწყლული. შიდა ციხეში მდებარეობს სამნავიანი ბაზილიკა _ დმანისის სიონი (VI ს.), რომელსაც გიორგი IV ლაშას (1210-1223) მეფობისას მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭე მიაშენეს. შიდა ციხეში მდებარეობს აგრეთვე გვიანფეოდალური ხანის ეკლესია და სამრეკლო. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია: მდინარეზე ჩასასვლელი ფართო გვირაბი, სახელოსნოები (ზეთსახდელი, სამეთუნეო), აბანოები, ქულბაქები, მარნები, მეჩეთი მინარეთით და მედრესე. მდიდარ დმანისელთა საცხოვრებელი სახლები მწვანე შორენკეცით იყო შემოსილი.
დმანისის მიდამოები უძველესი დროიდანვე იყო დასახლებული. აქ 1992 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ადამიანის ნაშთები (ქვედა ყბა, კბილები). გერმანელმა პალეოანთროპოლოგებმა დაადგინეს, რომ ეს ნაშთები 1800000 წლისაა. ამდენად, ეს უძველესი ადამიანია ევრაზიის კონტინენტზე. მეცნიერებმა შექმნეს `დმანოპითეკის~ მულაჟები _ მამაკაცი და ქალი, რომელთაც ძველი ქართული სახელები: ზეზვა და მზია დაარქვეს. ეს მულაჟები თბილისში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
 
მანგლისის სიონი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი და ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი ცენტრია საქართველოში. მანგლისში პირველი ეკლესია აშენდა IV ს-ში, V ს-დან კი ის უკვე საეპისკოპოსო ცენტრია. ამჟამინდელი ტაძრის ძირეული ფენები VII ს-ით თარიღდება. 1002 წ. ტაძარი განაახლეს. ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილი, კარიბჭეები და კედლების მოპირკეთება XI ს-ს მიეკუთვნება. იმდროინდელია გუმბათის მოხატულობაც. 1852 წ. რუსულმა ხელისუფლებამ ტაძრის ინტერიერი შეათეთრა, რამაც ფრესკული მხატვრობა მთლიანად გაანადგურა. ამ პერიოდშია აგებული ტაძრის გალავანი და მასში ჩაშენებული სამრეკლო. მთავარი ტაძრის დეკორში შეინიშნება რუსული არქიტექტურის კვალი. ტაძრის ეზოში მრავლადაა XVIII-XIX სს-ის საფლავი.
 
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.