ღირსშესანიშნაობა: გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი წარმოადგენს პლიოცენის პერიოდის განამარხებული ფლორისა და ფაუნის უნიკალურ ადგილსამყოფელს, რომელიც წარმოდგენილია ძეგლის ფარგლებში 3 მონაკვეთზე, ზღვის დონიდან 1600-2100 მ. სიმაღლეზე, ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. საერთო ფართობი ჯამში შეადგენს 365 ჰა-ს.
აქ გაშიშვლებული ნეოგენის ვულკანოგენურ წყებებში მოჩანს განამარხებული ტყის შემადგენელი ნაწილები, რომელიც შეიცავს ქვედაპლიოცენური ასაკის დიდძალ მცენარეულ ნაშთებს (პალმები, მაგნოლიები, დაფნები, მირიკასებრნი, საპინდასებრნი, მირტასებრნი ერთის მხრივ და ტირიფისებრნი, არყი, რცხილა, წიფლისებრნი - მეორე მხრივ). მცენარეული ნაშთები გამოსახულია ნაცრისფერ ვულკანურ ტუფში მოქცეული ხეების გაქვავებული და ნახევრად გაქვავებული ღეროებითა და ფოთლების ანაბეჭდებით.
მდებარეობა: ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტები, გოდერძის უღელტეხილის მიდამოები, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის სიახლოვეს.
კოორდინატები: X 291276 Y 4613080
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარზმა. თბილისიდან ზარზმა დაშორებულია 240 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ;
სოფელ ზარზმიდან- გოდერძის ნამარხი ტყისბუნების ძეგლი - 18 კმ; ხანგრძლივობა - 30 წთ;
ქ. ბათუმიდან გოდერძის უღელტეხილის გავლით ბუნების ძეგლამდე მანძილი შეადგენს 115 კმ; ხანგრძლივობა - 2 საათი და 30 წთ.
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დ. ხულოში ან ქ. ახალციხეში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.
საკონტაქტო ინფორმაცია: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია
ტელ: 577 10 18 95
ელ-ფოსტა: info@apa.gov.ge/ ltabunidze@apa.gov.ge