ქაშვეთის ეკლესია თავდაპირველად პატარა სამლოცველოს სახით წმინდა მამა დავით გარეჯელმა ააგო. ტაძრის დაზიანების გამო მეორედ 1753 წელს აგურით ააშენა შიდა ქართლის სადროშოს სარდალმა გივი ამილახვარმა. ამ მშენებლობის შესახებ წარწერა შემონახულია ქვემო ტაძრის კარიბჭის მარცხენა კედელში. ქაშვეთის ამჟამინდელი ტაძრის მშენებლობა 1904 წლის 12 ნოემბერს დაიწყო. ხუროთმოძღვრები იყვნენ: ლ-პ. ბილიფელდი, ე. ლ. ანდრეოლეტი, ძმები აღლაძეები; ძირითადი დამფინანსებელი დავით სარაჯიშვილი.
თანამედროვე ქაშვეთს საფუძვლად დაედო სამთავისის ეკლესიის გეგმა. მისი არქიტექტურული თავისებურებაა კანკელის არატრადიციული მდებარეობა. კანკელი გამართულია არა წინა სვეტებს შუა, არამედ მათ უკან, მლოცველებზე მეტი ადგილი მღვდელმსახურებს რომ დაეთმოს. მშენებლობაში გამოყენებულია ალგეთის ქვა, ძეგამის თეთრი ქვა, იტალიური მარმარილო. ტაძარი სადად არის მოჩუქურთმებული. ჩუქურთმები გადმოღებულია საქართველოს სხვადასხვა ეკლესიიდან და ჰარმონიულად არის ურთიერთშეთანხმებული. ტაძრის საკურთხეველი მოხატულია ცნობილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის მიერ.