კინტრიშისა და მტირალას დაცული ტერიტორიები
კინტრიშისა და მტირალას დაცული ტერიტორიები ქ. თბილისიდან 320–340 კმ-ზე, აჭარის ტერიტორიაზე, აჭარა-იმერეთის ქედის დასავლეთ ფერდობებზე, მდინარე კინტრიშის ხეობაში და ქ. ქობულეთის სიახლოვეს მდებარეობს. იგი ორი ნაწილის _ კინტრიშის ნაკრძალისა და მტირალას ეროვნული პარკისაგან შედგება. კინტრიშის ნაკრძალი დაარსდა 1959 წელს, ხოლო მტირალას ეროვნული პარკი თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ _ 2006 წელს.
დაცული ტერიტორიები შავი ზღვიდან მონაბერი ჰაერის მასებისადმი პერპენდიკულარულად განლაგებულ ფერდობებზეა წარმოდგენილი. აქ, მთა მტირალას მიდამოებში, 4 ათასი მმ-ზე მეტი ნალექი მოდის, რაც უდიდესი მაჩვენებელია არა მარტო კავკასიაში, არამედ ევროპაშიც. შავი ზღვის სიახლოვე და ნალექების დიდი რაოდენობა განაპირობებს ნოტიო სუბტროპიკული ჰავისა და მძლავრი კოლხური ტყეების ფორმირებას.
დაცული ტერიტორიების მთიანი რელიეფი რამდენიმე ჰიფსომეტრულ საფეხურს მოიცავს და თვალსაჩინო შეფარდებითი სიმაღლის მქონეა, რაც განსაზღვრავს ლანდშაფტის ვერტიკალურ სარტყლურობას და, შესაბამისად, ბუნებრივ მრავალფეროვნებას.
დაცული ტერიტორიები კოლხური მცენარეულობის არნახული სიმრავლითაა ცნობილი. ტყეებში დაკავებული ფართობით წიფლნარები, წაბლნარები და რცხილნარები გამოირჩევა. რელიქტებიდან აღსანიშნავია პონტოური მუხა (Qუერცუს პონტიცა), მედვედევის არყი (Bეტულა მედწედეწიი), უნგერნის შქერი (ღჰოდოდენდრონ უნგერნიი), უთხოვარი, თაგვისარა (ღუსცუს პონტიცუს), კავკასიური ხურმა (Dიოსპყროს ლოტუს), ჩვეულებრივი წაბლი (ჩასტანეა სატივა) და სხვ. ტყეებში განვითარებულია მძლავრი ქვეტყე, სადაც დომინირებს რამდენიმე ტიპის ლიანა, კოლხური ბზა, ჭყორი და წყავი.
დაცული ტერიტორიების ფაუნა მდიდარია ფრინველებით, ძუძუმწოვრებით, თევზით, ქვეწარმავლებით და სხვ. მტაცებლებიდან გვხვდება დათვი, მგელი, ფოცხვერი, მელა, ჩია არწივი, ქორი, მიმინო, ზარნაშო, წყრომი, ჭოტი და სხვ.
დაცული ტერიტორიები საქართველოს საზღვაო-ბალნეოლოგიური ტურიზმის უდიდესი ცენტრების (კვარიათი, ბათუმი, ჩაქვი, ქობულეთი) სიახლოვეს მდებარეობს. რეგიონი მდიდარია ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლებით. მათ შორისაა უძველესი გონიოს (აფსარუნტი) ციხე და ნამოსახლარები, შუა საუკუნეების არაერთი ეკლესია, მეჩეთი და ციხესიმაგრე.
ავტორი: გამომცემლობა "კლიო"