ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მანგლისი
ქვემო ქართლი
მანგლისი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის "ნინოს მიერ ქართლის მოქცევა", ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", ჯუანშერის "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა", "ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი", ბერი ეგნატაშვილის "ახალი ქართლის ცხოვრების" პირველი და მეორე ტექსტი, "მოქცევაი ქართლისაი", 1047-1053 წწ. "მათესა და იოანეს სახარების თარგმანი", იოანე ბაგრატიონის "ქარტლ-კახეთის აღწერა", პაპუნა ორბელიანის "ამბავნი ქართლისანი", ნიკო დადიანის "ქართველთ ცხოვრება", XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები, ეპისტოლეთა წიგნი, მოვსეს კალანკატუაცის "ალვანთა ქვეყნის ისტორია", უხტანესის "ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან", იოჰან გიულდენშტედტის "მოგზაურობა საქართველოში".
 
ვახუშტი ბაგრატიონი მანგლისის შესახებ გადმოგვცემს: მდ. ალგეთისა და მჟვის ხევის შესართავს "ქუეით არს მანგლისი, ეკლესია გუმბათიანი, აღაშენა დიდმა კონსტანტინემ მირიან მეფის ჟამს და დაასუენა აქა ფერხის ფიცარი უფლისა; აროდეს შემუსვრილ არს. სამხრით გუმბათსა შინა არს მაჰმად, ლომსა ზედა მჯდომარე დახატული, იტყვიან ამის გამო მოჰმადიანთა არა შეუმუსრავთ. ზის დასმული გორგასლისგან ეპისკოპოზი, მწყემსი ალგეთის ხეობისა და ქციის ზემოთისა თრიალეთამდე"
 
 
ფოტო ი. ჭუმბურიძე
 
მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს, სოფ. მანგლისის ტერიტორიაზე.
 
წყაროებში მოიხსენიება ქართლში ქრისტიანობის გავრცელებისა და პირველი ეკლესიების მშენებლობის შესახებ თხრობისას. მირიან მეფემ საბერძნეთიდან მოიწვია "კირიტხურონი და ქვისმთლელნი", რომლებმაც ააშენეს მანგლისში ეკლესია და დაასვენეს კეისრის მიერ გამოგზავნილი ფიცარი, რომელზეც უფლის ფეხი იყო მილურსმული. ქალკედონის 506 წ. კრების მონაწილე ეპისკოპოსთა შორის მოხსენიებულია ალაგრეს მანგლელი. მანგლისის ეკლესიაში სალოცავად მოდიოდნენ მეზობელი ქვეყნების ქრისტიანები. ქართველ-სომეხთა განხეთქილების შემდეგ აბრამ კათალიკოსი მოუწოდებდა ალბანელებსა და სომხებს, არ წასულიყვნენ მანგლისს ჯვრის თაყვანისსაცემად. 639 წ. ჰერაკლე კეისარმა (610-641) წაიღო მანგლისიდან ფიცარი, რომელზეც უფლის ფეხი იყო მილურსმული. 1121 წ. 18 აგვისტოს თურქთა ჯარი შემოესია თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს. დავით აღმაშენებლმა მტერი დიდგორთან დაამარცხა. 1396 წ. მანგლისში ორი თვე იდგა თემურ-ლენგი. 1397 წ. ის კვლავ მისულა მანგლისს. 1609 წ. თათართა ჯარმა გადაწვა მანგლისი და კველთა. ჯავახეთიდან გადმოსულ ლეკთა ჯარს თეიმურაზ II-მ (1744-1762) დაადევნა ლაშქარი, რომელმაც მანგლისთან დაამარცხა მტერი. 1721 წლის აღწერით მანგლისში ითვლებოდა 1 მებატონე და 27 გამომღები ყმა.

ფოტო ი. ჭუმბურიძე

მანგლისში შემთხვევით აღმოჩნდა განძი, რომელიც შედგება ბრინჯაოს ბალთების, ზარაკების, ირმისა და სხვა ცხოველის ქანდაკებების, ხვიებისა და მძივებისაგან.

 
1923 წ. ლ. მელიქსეთ-ბეგმა მანგლისში გათხარა ქვის სამარხები. ისინი ინდივიდუალურია. სამარხებში მიცვალებულები ჩაესვენებინათ ძლიერ მოხრილ პოზაში მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით ნებისმიერ მხარეზე. სამარხეული მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
 
მანგლისის განაპირას, ძველ მანგლისში აღმარტულია გუმბათიანი ტაძარი (ტეტრაკონქი, 22,5X16X23,5 მ). IV ს-ში იქ პირველად აუშენებიათ ქვის ეკლესია. V ს-ში ააგეს ახალი ეკლესია, ხოლო XI ს-ში ის გადააკეთეს და გააფართოეს. მიაშენეს სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები. ჩასვეს ახალ პერანგში და მოაჩუქურთმეს. გუმბათში შემორჩენილია კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სარკმლები თითო-თითოა ყველა აფსიდაში. გუმბათის ყელში ექვსი ფართო სარკმელია. აფსიდები ნახევარწიულია. ტაძარს აქვს სამკვეთლო და სადიაკვნე. ძეგლი გადახურულია წითელი კრამიტით. სამხრეთი კარიბჭის აფსიდაში სარკმელთან მოთავსებულია წარწერა, რომელზედაც მ. ბროსე და ექ. თაყაიშვილი კითხულობდნენ "ბაღუაშ"-ს. აკ. შანიძე - "ბაღათურ"-ს. შემორჩენილი წარწერებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია სამხრეთი კარიბჭის შესასვლელის თაღზე გარედან მოთავსებული, რომელშიც მოხსენიებულია მეფე გიორგი I (1014-1027).
 
 
ფოტო ბადრი ვადაჭკორია
 
ტაძარს გარს უვლის მაღალი გალავანი, რომელსაც შესასვლელი აქვს აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. გალავანს ჩრდილო-აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებში აქვს ცილინდრული კოშკები. გალავანი მრავალჯერაა შეკეთებული. ნაგებია ფლეთილი ქვით კირხსნარზე. შიგადაშიგ დიდი ქვათლილებია. აღმოსავლეთ კარებთან მოთავსებული წარწერის მიხედვით, გალავანი 1667 წ. აუგია არსენ ეპისკოპოსს. გალავნის შიგნით სხვადასხვა შენობების ნაშთებია.
 
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვა).
 
ავტორი: გურამ ხარშილაძე

საქართველოს ისტორია /History of Georgia



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.