ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მარტვილი (ჭყონდიდი) მონასტერი
სამეგრელო ზემო სვანეთი
ჭყონდიდის მარტვილ­თა (წამებულთა) ეკლესია მდებარეობს ქ. მარტვილში. აგებულია VII ს-ის I ნახევარში. X ს-ში, ჭყონდიდის საეპისკოპოსოს დაარსე­ბის შემდეგ, მარტვილი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი გახდა. ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი 1104 წლიდან დავით აღმაშენებელმა აქცია მწიგნობართუხუცესად (პრემიერ-მინისტრად).
მონასტერში იყო სკრიპტორიუმი. აქ შექმნილ ხელნაწერთა კოლექცია დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მარტვილის ეკლესია ადრეული ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიების ტიპის ნაგებობაა და ძლიერ ჰგავს მცხეთის ჯვარს. თურქ-არაბთა შემოსევებმა ძლი­ერ და­ა­ზიანა იგი, რის გამოც X საუკუ­ნეში ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთა აფხაზ­თა მეფე გიორგი II-მ (923-957). ამოიყვანეს ახალი გუმბათის ყელი, დაუმატეს გარეთა კედლები, მიაშენეს დასავლეთ ექვტერი. ტაძრის მოხატულობა შესრულებულია XVI-XVII სს-ში ოდიშის მთავრების დაკვეთით. მთავარი ტაძრიდან ჩრდილოეთით, გალავანზე დგას თლილი ქვებით ნაგები მინიატიურული ჯვარგუმბათოვანი `ჩიქვანების~ სამსართულიანი ეკლესია. `ქართლის ცხოვრების~ ცნობით მარტვილის მონასტერშია დაკრძალული საქართველოს მეფე ბაგრატ IV (1027-1072).
ძველ დროში ჭყონდიდი წარმართული რელიგიური და საკულტო კერა იყო. მაღალ ბორცვზე იდგა ბომონი _ ჭყონის (მუხის) უზარმაზარი ხე. იგი წარმოადგენდა ნაყოფიერების, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის მფარველ კაპუნიას წარმართულ სალოცავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, აქაური ქურუმები _ ჭყოინდარები კი ჩვილებს სწირავდნენ. პირველი ეკლესია სწორედ აქ მდებარე მუხის ადგილას აშენებულა ანდრია პირველწოდებულის სახელზე, რომელმაც სამეგრელოში ქრისტიანობა იქადაგა. 
2007 წლიდან მარტვილში განახლდა სამონასტრო ცხოვრება, დაარსდა წმ. ანდრია პირველწოდებულის მამათა და წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრები.
 
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
 
www.klio.ge


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.