იმერეთი
|
მოწამეთის ეკლესია მდებარეობს ქ. ქუთაისიდან აღმოსავლეთით 6 კმ-ზე, მდინარე წყალწითელას ხეობაში. მონასტრის დაარსების ისტორია არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელს უკავშირდება. ისინი 736-738 წლებში საქართველოში შემოჭრილმა მურვან ყრუმ შეიპყრო და ქრისტიანობის ერთგულებისთვის სიკვდილით დასაჯა. ეკლესიამ წამებული გმირები წმინდანებად შერაცხა. მათი წმინდა ნაწილები თავდაპირველად ხარების დანგრეულ ეკლესიაში იყო დასვენებული. XI საუკუნეში ბაგრატ III-მ ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები. 1844-65 წლებში იმერეთის ეპისკოპოსის დავით წერეთლის ხელმძღვანელობით მოწამეთა შეაკეთეს და გააფართოეს. ამ დროს დაედგა ტაძარს გუმბათი, დაიგო ქვის იატაკი, შეიცვალა კანკელი. 1923 წელს ბოლშევიკებმა ეკლესია დახურეს, წმინდანთა ცხედრები კი აკლდამიდან ამოიღეს და წყალში გადაყარეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლო წმინდანთა ნაშთების გადარჩენა. ისინი ქუთაისის მუზეუმში გადაიტანეს. მოწამეთა კვლავ ამოქმედდა 1954 წელს. ამ წელს დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ქუთაისის მუზეუმიდან ისევ ეკლესიაში გადაასვენეს. მოწამეთობის დღესასწაული 15 ოქტომბერს აღინიშნება.
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge
ფოტო გალერეა
|