თბილისის ეროვნული პარკი ქ. თბილისიდან ჩრდილოეთით, საგურამო-იალნოს ქედზე, ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა და ქვემო ქართლის, ერწო-თიანეთისა და კახეთის მაქსიმალურ მიახლოებაზე მდებარეობს. მისი ფართობია 243 კმ2. იგი დაარსდა საგურამოს ნაკრძალის ბაზაზე, რომელიც ფუნქციონირებდა XX საუკუნის შუა ხანებიდან.
თბილისის ეროვნული პარკი ზომიერად ტენიანი სუბტროპიკული ჰავის ოლქს მიეკუთვნება. აქ 4 ტიპის ჰავა ფორმირდება, რასაც რელიეფის ფორმები და ექსპოზიცია განაპირობებს. შედეგად, გვხვდება დაბალი და საშუალო მთის ლანდშაფტები რცხილნარ-მუხნარი, მუხნარი და წიფლნარი მცენარეულობით. ამგვარად, თბილისის ეროვნული პარკი წარმოადგენს გეოგრაფიულ კვანძს, რაც კავკასიის დაცული ტერიტორიების ერთიანი ქსელის ფორმირების მნიშვნელოვანი ასპექტია.
მცენარეულობიდან გვხვდება 700-მდე სახეობა, მათ შორის მესამეული პერიოდის კოლხური მცენარეულობის წარმომადგენელები: კოლხური ჭყორი (ლეხ ცოლცჰიცა), კოლხური და პასტუხოვის სურო (ედერა ცოლცჰიცა, ედერა პასტუცჰოწიი), კავკასიური დეკა და სხვ.
თბილისის ეროვნული პარკის ფაუნა ათწლეულების მანძილზე სახელმწიფოს დაცვის ობიექტს წარმოადგენს, აქ რამდენიმე სახეობის მსხვილი ძუძუმწოვარი გვხვდება, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კავკასიური კეთილშობილი ირმის (ჩერვუს ელაპჰუს) შენარჩუნებას.
დაცული ტერიტორია მსოფლიო მნიშვნელობის უძველესი ქალაქის მცხეთისა და საქართველოს დედაქალაქ თბილისის სიახლოვეს მდებარეობს. მის დასავლეთ მიჯნაზეა მცხეთის ჯვარი მეექვსე საუკუნის ქართული არქიტექტურისა და ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი. აქვეა უამრავი და უნიკალური არქეოლოგიური და კულტურული ობიექტი, რომელთა ნაწილს იუნესკო იცავს.
სტატიის სპონსორია გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge