ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი
იმერეთი

ღირშესანიშნაობა:ბუნების ძეგლი წარმოადგენს რთულ, პალეოგრაფიულ, გეოლოგიურ და განსაკუთრებული გეომორფოლოგიური აგებულებით გამორჩეულ კომპლექს, რომლის შემადგენლობაში შედის ნეოტექტონიკური სტრუქტურები, ტბიური ნალექები, თვალწარმტაცი კლიუზ-კანიონი.
მდ. საწისქვილოს მიერ ზედაცარცულ კირქვებში გამომუშავებული ოკაცეს კანიონის სიღრმე 35-50 მ-ია, სიგანე საშუალოდ 4 მ, ზოგიერთ ადგილას კანიონის კედლები თითქმის უერთდება ერთმანეთს და ბუნებრივ ქვახიდებს წარმოქმნის, ერთ-ერთი მათგანია „ბოგა”, საიდანაც კანიონის ფსკერის დანახვაა შესაძლებელი.
შუა მეოთხეულში მდ. საწისქვილოს ხეობა გადაიკეტა ტექტონიკური ნასხლეტით და მასში გაჩნდა ტბა, რომელშიც თიხა-ქვიშა ილექებოდა. ტბიური ნალექების წყების სისქემ 27 მეტრს გადააჭარბა. მას შემდეგ რამდენიმე ათეულმა ათასმა წელმა განვლო. წყალმა იპოვნა გასასვლელი კირქვის ნაპრალებში, გააფართოვა ისინი და დაცალა ტბა. დაიწყო ტბიური ნალექების გადარეცხვა და კანიონის გამომუშავება. ამჟამად ტბიური ნალექები შემორჩენილია ცალკეულ ფრაგმენტებად. 
გორდის პლეისტოცენურ ტბიურ ნალექებში ნათლადაა გამოსახული სეზონური შრეებრიობა. შრეთა ყოველი წყვილი შეესაბამება ერთ წელს. ტბიური წყების პალინოლოგიური შესწავლით(ნამარხი მცენერეების მტვრისა და სპორების მიკროსკოპული კვლევით) გაირკვა, რომ წყების ქვედა ნაწილში დაცულია ფლორის არქაული, სადღეისოდ გამქრალი სახეობების ნაშთები (ჭაობის კვიპაროზი ანუ ტაქსოდიუმი, ენგელჰარდტია, კარია, ტსუგა, კედარი ანუ ცედრუსი და სხვ.). გორდის ტბიური წყების უფრო მაღლა მდებარე შრეებში ეს მცენარეები აღარ არის, რაც არეკლავს ოროგენეზის მიერ გამოწვეულ კლიმატის აცივებას.
დღეისათვის კანიონი თავისებურ მიკროკლიმატს ქმნის, რაც განაპირობებს, მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მერქნიანი მცენარისთვის, საბინადრო გარემოს ჩამოყალიბებას. 

მდებარეობა: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. გორდის მიდამოები, 520 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 27.079 E42 33.003

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ხონი. თბილისიდან ხონი დაშორებულია 260 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;
ქ. ხონი - სოფ. გორდი, ოკაცეს  კანიონის ბუნების ძეგლის ვიზიტორთა ცენტრი  - 21 კმ; ხანგრძლივობა - 25 წთ;

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წყალტუბოში ან ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაცია: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელ: 577 10 18 06
ელ-ფოსტა: info@apa.gov.gezkvantaliani@apa.gov.ge 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.