რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი
|
რაჭა საქართველოს ულამაზესი კუთხეა. იგი ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, ლეჩხუმისა და რაჭის ქედებს შორის, მდინარე რიონის ზემო დინების აუზში მდებარეობს. რაჭის ფართობი 2.47 ათასი კმ2-ია. დასახლებულია ძველი ქვის ხანიდან, რასაც არაერთი არქეოლოგიური ძეგლი მოწმობს. ამჟამად რაჭაში მოსახლეობა მუდმივად იკლებს უკანასკნელ ათწლეულების მანძილზე მისი რაოდენობა 1/3-ით შემცირდა. დადგენილია, რომ ზაფხულის თვეებში, სეზონური რეემიგრაციის ხარჯზე, რაჭის მოსახლეობა 5-ჯერ იზრდება. რაჭა ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იგი ჰიფსომეტრულად თითქმის 4 კილომეტრზეა განფენილი. გეოლოგიურ აგებულებაში ჭარბობს ვულკანოგენური ქანები და ცარცული კირქვები. ჰავა ზომიერად ტენიანი და თბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 00–120-ის, ხოლო ივლისის +7,60+220-ის ფარგლებში მერყეობს. ნალექების რაოდენობა სიმაღლის მატებასთან ერთად ჯერ მატულობს (800 მმ-დან 2000 მმ-მდე), მაღალ მთებში კი კვლავ იკლებს. გეოლოგიური აგებულება და უხვი ნალექები მიწისქვეშა წყლების მინერალიზაციას უწყობს ხელს. რაჭის ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნება პირდაპირ კავშირშია მის ლანდშაფტურ მრავალფეროვნებასთან. აქ მცირე მანძილზე გადაადგილებისას ერთმანეთს ენაცვლება კოლხური დაბალი და საშუალო მთის ტყის, კავკასიური საშუალო მთის მუქწიწვოვანი ტყის, მაღალი მთის სუბალპური და ალპური მდელოს, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები. რაჭაში განსაკუთრებული რეკრეაციული ფუნქცია მუქწიწვიან ტყეებს, მინერალურ და თერმულ წყაროებს აქვს. ამის გამო, ადგილობრივ კურორტებს ძირითადად კლიმატურ-ბალნეოლოგიური დანიშნულება აქვს. კურორტი შოვი, რომელიც ზღვის დონიდან 1520 მეტრზე მდებარეობს, ცნობილია განუმეორებელი პეიზაჟებით და მინერალური წყლებით. აქ ივლისის საშუალო ტემპერატურა +160-ს არ აღემატება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზაფხულის რეკრეაციულ სეზონზე. კურორტის მიდამოებში რამდენიმე მინერალური (ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული-ნატრიუმიან-კალიუმიანი) წყარო გამოედინება, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში `მჟავე წყლების სახელითაა ცნობილი. შოვის წყლები ეფექტიანად გამოიყენება სანაღვლე და საშარდე გზების, ხოლო ფიტოცინდებით გაჯერებული ჰაერი _ სუნთქვის ორგანოების სამკურნალოდ. კურორტი უწერა მდინარე რიონის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე მდებარეობს. ივლისის ტემპერატურა +170-ს აღწევს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა 1400 მმ. აქ ორგვარი მინერალიზაციის წყალი გამოედინება. მაღალი მინერალიზაციის ნახშირორჟანგიანი, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი წყალი ღვიძლის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალოდ გამოიყენება, ხოლო დაბალი მინერალიზაციის წყაროებზე აბაზანებს იღებენ.
|