ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
რელიგია აჭარაში
აჭარა

მართლმადიდებლობა აჭარაში

უფლის ამაღლების შემდეგ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავის წილხვედრ ქვეყანა -საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად ანდრია პირველწოდებული გამოარჩია და თან მცველად თავისი ხატი გამოატანა. ანდრია პირველწოდებულმა სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ტრაპიზონის მხარის მცხოვრებთა მოქცევის შემდეგ აჭარაში დაამკვიდრა საეკლესიო წყობილება. შემდგომ სვიმონმა და მატათამ კვლავ იმოგზაურეს და იღვაწეს საქართველოში და აქვე აღესრულენ (სვიმონი - ათონში, მატათა - გონიოში). ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებას ამ კუთხეში ხელს უწყობდა მისი აქტიური კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობა ახლო აღმოსავლეთთან.

აჭარაში იმთავითვე ფართოდ გაიშალა საეკლესიო მშენებლობა, რომაელთა ნაშთები დღემდეა შემორჩენილი. პირველი ტაძარი დღევანდელი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში მთავარანგელოზის სახელზე აიგო, რომლის ერთ-ერთ ქვაზე წერია: "აქ ქრისტეს პირველმა მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ ააგეს პირველი ქრისტიანული ტაძარი საქართველოში". არქეოლოგიური გათხრებით და სხვა გამოკვლევებით დასტურდება, რომ ამ კუთხის ყველა დასახლებულ პუნქტში არსებობდა ქრისტიანული სალოცავები. ამის დასტურია ისიც, რომ რეგიონში ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ჩამოყალიბდა საეკლესიო ცენტრები: სხალთის - IV საუკუნეში, პეტრას (ციხისძირის) - VI საუკენეში, ხინოს- IX საუკუნეში, ტბეთის - X საუკუნეში. XIX საუკუნის მეორე ნახევარში აჭარაში მყოფ მოგზაურ-მკვლევართა ჩანაწერები ადასტურებენ, რომ შუა საუკუნეების აჭარისწყლის ხეობის თითქმის ყველა სოფელში მოქმედებდა ქრისტიანული სალოცავები.

სხვა რელიგიური აღმსარებლობები აჭარაში

დღეს აჭარაში სრულიად ჰარმონიულად თანაარსებობენ ისლამისა და მართლმადიდებლობის მიმდევრები, ებრაული, კათოლიკური, სომხური რელიგიის წარმომადგენლები. უფრო მეტიც, ისეთ პატარა ქალაქში, როგორიცაა ბათუმი, შესაძლებელია თითქმის ყველა დიდი რელიგიის საკულტო ძეგლების ხილვა. სომხური სამოციქულო ეკლესია, სინაგოგა, კათოლიკური ეკლესია, ბათუმის ჯამე თუ მთიან აჭარაში განთავსებული მეჩეთები ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებთან ერთად რეგიონის კულტურულ და სულიერ სიმდიდრეს წარმოაჩენენ. ამიტომაც აჭარა, როგორც დანარჩენი საქართველოს ზოგიერთი კუთხე, რელიგიურად ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული რეგიონია როგორც ქვეყნის, ისე ამიერკავკასიის მასშტაბით.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.