დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული მხარის, ქიზიყის ნაწილი და კახეთის მხარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია. მისი ტერიტორიის ერთი ნაწილი
უჭირავს ივრის ზეგანს, რომლის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ივრის მარცხენა
სანაპიროზე, მდებარეობს ელდარის დაბლობი (სიგანე 6-7 კმ, სიგრძე ივრის გასწვრივ _ 20-22 კმ, ზ. დ. 90-200მ). ეს ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ნამდვილი ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტი გვხვდება.
მდინარეების - ალაზნისა და ივრის შუამდინარეთში დიდი შირაქის ვაკეა, რომელიც ქოჩების, ნაზარლების,
შუანამთისა და არხილოსკალო-ყაშის დაბალი სერებით არის შემოსაზღვრული. შირაქის ვაკეს საქართველოს პურის ბეღელს უწოდებენ. ვაკის მთელი ტერიტორია (სიგრძე 35 კილომეტრი, სიგანე 15 კილომეტრი) მარცვლეული კულტურების სახნავ-სათეს სავარგულებად გამოიყენება. ალაზნის სანაპიროსთან, შირაქის ველზე, XIX საუკუნეში მთიულეთიდან გადმოსახლებულთა სამი სოფელი გაჩნდა: ზემო ქედი, ქვემო ქედი და არხილოსკალო. შირაქის გაშლილ ვაკეზე მდებარე არხილოსკალოსთვის დამახასიათებელია მზიანი დღეები და სტეპის სუსტი მშრალი ქარები, რაც დაბალ ტენიანობასთან ერთად ორგანიზმიდან წყლის ინტენსიურ აორთქლებას უწყობს ხელს. სწორედ ეს განაპირობებს დაბალი მთის კლიმატური კურორტის პროფილს. არხილოსკალოში ფუნქციონირებდა ბავშვთა ნეფროლოგიური სანატორიუმი, სადაც შარდსასქესო სისტემის დაავადებებს მკურნალობდნენ.
1. არხილოსკალო საზღვრისპირა სოფელია. საბჭოთა პერიოდში აქ განლაგებული იყო საჯარისო ნაწილები. მათი მემკვიდრეობა ამჟამად ტურისტულ ობიექტებს წარმოადგენს.
2. არწივის ხეობა დედოფლისწყაროდან 2 კმ-ში, კირქვიან მასივზეა განლაგებული. ხეობაში სამოცამდე სახეობის ფრინველი ბუდობს. აქვეა საქართველოს ერთ-ერთ უძველესი და ულამაზესი ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი. ციხის მთავარი ციტადელი გაშენებულია მიუვალ კლდეზე, საიდანაც უმშვენიერესი ხედები იშლება ალაზნის ველსა და კახეთის კავკასიონზე.
მდებარეობა: ივრის ზეგანის (შირაქის ველი) აღმოსავლეთინაწილი.
მანძილი: დედოფლისწყაროდან – 35 კმ, თელავიდან –120 კმ, თბილისიდან – 160 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 670 მ.
რელიეფი: ვაკე-ბორცვიანი.
კლიმატი: მშრალი, სუბტროპიკული. ზამთარი ზომიერად ცივი, თითქმის უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა -20C. ზაფხული ძლიერ თბილი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 230C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 544 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2300 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: დაბალი მთისა და ველის ჰავა.
სამკურნალო ჩვენება: შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები - ნეფრიტი და პიელონეფრიტი, ცისტიტი.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"