ბათუმიდან 120 კმ-ით დაშორებული ბეშუმი მთის კლიმატურბალნეოლოგიური კურორტია. ის მდებარეობს ბათუმი-ახალცხის გზაზე, გოდერძის უღლეტეხილიდან 7 კმ-ში. ბათუმიდან ბეშუმისკენ მიმავალი ულამაზესი გზა ჩანჩქერებით მდიდარი მდინარე აჭარისწყლის ხეობას მიუყვება. ბეშუმი სუბალპური ზონის წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი) ტყეებითა და მთებით გარშემორტყმული დასახლებაა. მცირე ტენიანობა, მზის ულტრაიისფერი სხივების სიუხვე, სასმელი და მინერალური წყაროები, სამკურნალო ტალახი და სუფთა ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი არაერთი დაავადების, მათ შორის, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. კურორტის ტერიტორიაზე ამოდის რამდენიმე მინერალური წყარო, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალოდ გამოიყენება. ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე ბეშუმი მასპინძლობს ათასობით დამსვენებელს, რომლებიც, ძირითადად, ბათუმიდან ან ახალციხიდან ჩადიან. აგვისტოს
პირველ შაბათ-კვირას ბეშუმში ტრადიციული სახალხო დღესასწაული "შუამთობა" იმართება. ამ დღეს კურორტზე უამრავი სტუმარი იყრის თავს. ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ იმართება ხალხური რეწვის პროდუქტის გამოფენა, დოღი, ჭიდაობა და სახალხო სეირნობა. წელიწადის უმეტეს დროს კურორტი დაცარიელებულია, ვინაიდან ზამთარში გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე თოვლის საფრის სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევს და უღელტეხილი იკეტება.
1. ბეშუმი ზაფხულში
2-3. ტურისტებს შორის პოპულარულია ბეშუმიდან მწვანე ტბისკენ და ხიხანის ციხისკენ (X-XIII სს) მიმავალი მარშრუტები.
კურორტიდან 7 კმ-ში მდებარე ტბა, მიუხედავად იმისა, რომ თოვლის საფარი აქ მდგრადია მაისის ბოლომდე, ზამთრობით არ იყინება. ტბაში თევზი არ არის.
მდებარეობა: აჭარის მთიანეთი, არსიანის ქედის აღმოსავლეთი ფერდობი.
მანძილი: ხულოდან – 30 კმ, ბათუმიდან – 120 კმ, თბილისიდან (ბათუმის გავლით) – 490 კმ, ხოლო ახალციხის (გოდერძის უღელტეხილის) გავლით – 240 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1850-1900 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი), ზომიერად მშრალი. ზამთარი ცივი, უხვთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -50C. ზაფხული ზომიერად თბილი, ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 170C. ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1100 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა, მინერალური წყლის მიღება (დალევა).
მკურნალობის სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები ბავშვებში, ბრონქული ასთმა, სისხლნაკლებობა,
გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებები.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"