ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ბორჯომი
კატეგორიები
საქართველოს ყველაზე ცნობილი და პოპულარული კურორტი ბორჯომი მესხეთისა და თრიალეთის ქედებს შორის, ულამაზეს ხეობაშია გაშენებული. ქედების ფერდობები ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით არის დაფარული. მტკვარი, რომელსაც ქალაქის ტერიტორიაზე კიდევ ორი მდინარე - ბორჯომულა და გუჯარეთისწყალი უერთდება, ბორჯომს ორ ნაწილად ყოფს. კურორტის მთავარ სიმდიდრეს წარმოადგენს ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი, რომლის სამკურნალო თვისებები ცნობილია მთელ მსოფლიოში და მინერალური წყლების შეფასების ეტალონად არის აღიარებული. ბორჯომის წყლების სიკეთით ასეული წლებია სარგებლობენ. ამას ადასტურებს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისით დათარიღებული თლილი ქვის 7 აბაზანა. XVI საუკუნის ბოლოს ბორჯომის დასახლებული ხეობა გარეშე მტრის განუწყვეტელი შემოსევებისგან თითქმის მთლიანად დაცარიელებულა და წყაროების არსებობაც დიდი ხნით მისცემია დავიწყებას. XIX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ბორჯომის მიდამოებში ხერსონის გრენადერთა პოლკი განლაგდა. ჯარისკაცებმა ტყეში, მდინარე ბორჯომულას მარჯვენა ნაპირზე, მჟავე წყაროს მიაგნეს. მინერალური წყლით დაინტერესდა პოლკის მეთაური, რომელსაც კუჭის წყლული აწუხებდა. წყალი მისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. გამოჯანმრთელებულმა პოლკოვნიკმა წყაროებთან ახლოს ჯარისკაცებისთვის აბანო ააშენებინა. სულ მალე ცნობამ მჟავე წყლების სასწაულმოქმედი თვისებების შესახებ ამიერკავკასიის მაშინდელი მეფისნაცვლის, ევგენი გოლოვინის ყურამდეც მიაღწია. გენერალმა გადაწყვიტა, ბორჯომში სნეული ქალიშვილი ჩაეყვანა სამკურნალოდ. ავადმყოფის პატივსაცემად, რომელიც მალევე განიკურნა, N1 წყაროს მისი სახელი - ეკატერინეს წყარო ეწოდა, N2 წყაროს კი მეფისნაცვალ გოლოვინის პატივსაცემად ევგენის წყარო დაარქვეს. 1844 წელს კავკასიის ახალმა მეფისნაცვალმა, მიხეილ ვორონცოვმა, შეიმუშავა ბორჯომის კეთილმოწყობის პროექტი, რომლის მიხედვითაც ქალაქში შეიქმნა მინერალური წყლების სამმართველო, აშენდა აბანოები, სასტუმროები, მოეწყო პარკი. ყოველივე ამან ხელი შეუწყო დამსვენებელთა რაოდენობის ზრდას: იმ დროს ბორჯომს სტუმრობდნენ ვიზიტორები თბილისიდან, ქუთაისიდან, ერევნიდან, ალექსანდროპოლიდან, ბაქოდან და შუა რუსეთის გუბერნიებიდან. 1862 წელს ვორონცოვი შეცვალა რუსეთის იმპერატორის ძმამ, მიხეილ ალექსანდრეს ძე რომანოვმა, რომელმაც ბორჯომი საუფლისწულო მამულად და რომანოვების სამეფო დინასტიის საზაფხულო რეზიდენციად აქცია. მალე ბორჯომი გახდა პირველხარისხოვანი სამკურნალო ცენტრი, რომელიც მომსახურების ხარისხით ევროპის კურორტებს უტოლდებოდა. საბჭოთა პერიოდში ბორჯომში ფუნქციონირებდა ათეულობით სანატორიუმი და პანსიონატი, რომლებსაც ბოლო წლებში კიდევ რამდენიმე სასტუმრო და გესტჰაუზი შეემატა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყაროებს, პარკს, ბაგირგზას, რომელიც მინერალური წყლების პარკს პლატოსთან აკავშირებს. დღეისთვის კურორტი წლის განმავლობაში ათი ათასობით დამსვენებელს მასპინძლობს. მსოფლიოში ცნობილი სუფრის მინერალური წყალი ბორჯომი პირველად 1850 წელს სამხედრო ლაზარეთის აფთიაქარმა ზახაროვმა ჩამოასხა ოვალურ, ნახევარლიტრიან ბოთლებში და თბილისში თითო 20 კაპიკად გაყიდა. 1894 წელს მიხეილ რომანოვმა მინერალური წყლების პარკში წყლის ჩამოსასხმელი საამქრო ააშენა (შენობაში ამჟამად განთავსებულია ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). მალე წარმოების პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით კურორტზე შუშის ქარხანაც აშენდა. 1900 წლიდან მინერალური წყალი რუსეთში გავიდა ექსპორტზე. ბორჯომმა უმოკლეს დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა. წარმოების მექანიზაციის წყალობით უკვე 1913 წლისთვის ქარხნის ბრუნვამ 9 მილიონ ბოთლს გადააჭარბა. 1927–1978 წლებში ჩატარებული ბურღვითი სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ახალი საექსპლუატაციო უბნები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მინერალური წყლის მარაგი. 1980-იან წლებში „ბორჯომის“ გაყიდვამ 400 მილიონ ბოთლს მიაღწია. დღეს მისი საექსპორტო არეალი 30 ქვეყანას მოცავს. 2007 წელს საერთაშორისო სასერტიფიკაციო კომპანიამ Bureau Veritas-მა `ბორჯომს“ წარმოების უსაფრთხოებისა და ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 22000 მიანიჭა. „ბორჯომი“ მწვანე ბოთლებში ისხმება, ბოთლის ფერი დაპატენტებულია და მას `ქართული მწვანე ჰქვია.
 
1. დიდი მთავრის, მიხეილის სასახლე პარკის ცენტრალურ ნაწილში. სასახლე 1850 წელს ააგეს. ულამაზესი
ხის შენობის ადგილზე 1968 წელს სანატორიუმი „მესხეთი“ აშენდა.
2. სამეფო ოჯახის პარალელურად, ბორჯომში აგარაკები იმ დროის უმდიდრესმა ვაჭრებმა და მეწარმეებმა
აიშენეს: დიდვაჭარმა გიორგი კონდუროვმა აგარაკი ბორჯომულას მარცხენა სანაპიროზე გამართა,
მამაცოვმა - რუსთაველის ქუჩაზე, იოსელიანმა - ჭავჭავაძის ქუჩაზე, ლაუდენბახმა - მთის ქუჩაზე.
1892 წელს საქართველოში ირანის კონსულმა რიზა-მირზა-ხანმა კი ბორჯომის მინერალური წყლების
ბაღის შესასვლელში ულამაზესი სახლი „ფირუზა“ ააშენა. შენობის აივნის ჭერი მრავალფეროვანი ფირუზებით არის შემკული. მირზას სასახლე ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.
 
მდებარეობა: მესხეთისა და თრიალეთის ქედების ფერდობებს შორის, მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების - ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის ხეობაში.
მანძილი: თბილისიდან – 155 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 800-1000 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: სუბტროპიკული ზონის დაბალმთიანი ტყის ჰავა. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი.
მდგრადი თოვლის საფარი აღინიშნება დეკემბრის ბოლოდან მარტის პირველ დეკადამდე. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2,10С. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,10С.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 653 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1800-1900 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა; ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 5,0- 7,5 გ/დმ3 და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი, ბორიანი (და კაჟმჟავა-ბორიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 5,6-6,4 გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება (დალევა), მინერალური
წყლის აბაზანები, გამორეცხვები და ინჰალაციები. 
სამკურნალო ჩვენებები: ქრონიკული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კოლიტი და ენტეროკოლიტი, ღვიძლისა და ნაღვლმდენი გზების დაავადებები, პანკრეატიტი, ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული სნეულებები, შაქრიანი დიაბეტი.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 

ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.