ქობულეთიდან 12 კმ-ში, მდინარე ჩაქვისწყლის ნაპირებზე მდებარეობს ზღვისპირა კლიმატური კურორტი ჩაქვი. აჭარის სხვა სანაპირო ზოლის კურორტებისგან ის სიწყნარით და სიმყუდროვით გამოირჩევა: სასტუმროები და სააგარაკო სახლები სანაპირო ზოლის მშვიდ ყურეში, ზღვასთან ახლოს არის განლაგებული. პლაჟსა და დასახლებას მხოლოდ ხეხილისა და ციტრუსების ბაღების ვიწრო ზოლი და რკინიგზის ხაზი ყოფს. საბჭოთა პერიოდში ჩაქვში რამდენიმე დასასვენებელი სახლი ფუნქციონირებდა, ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში კი ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ჩაის ქართული ჯიშების გამოსაყვანად. დღეისთვის ცნობილი ქართული ჩაის ორ ათეულზე მეტი ჯიშიდან
რამდენიმე - მწვანე ჩაი 95 და საქართველოს თაიგული, ასევე ქართული I, ქართული II და სხვა - სწორედ ამ ინსტიტუტში მოღვაწე მეცნიერებმა გამოიყვანეს. პირველად ჩაი საქართველოში, სავარაუდოდ, XVIII ს-ის II ნახევარში გამოჩნდა, როცა რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-მ ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს საჩუქრად ჩინური ჩაის სერვიზი და ჩაის ფოთლები გამოუგზავნა. ჩაის კულტურის გავრცელება კი თავად მიხეილ ქაიხოსროს ძე ერისთავის სახელთან არის დაკავშირებული. XIX ს-ის ბოლოს გურულმა თავადმა ჩინეთში იმოგზაურა, ჩაის ნაყენი დააგემოვნა და იმდენად მოეწონა, რომ მისი საქართველოში გაშენება გადაწყვიტა. ვინაიდან ჩინეთიდან მცენარის თესლის ან ნერგის გატანა სასტიკად იყო აკრძალული, მიხეილ ერისთავს თესლი ტროსტის ბუნიკში დაუმალავს და ისე გადმოუტანია საზღვარზე. არავინ იცის, ნამდვილია ეს ამბავი თუ გამოგონილი, მაგრამ ფაქტია, რომ თავადმა ჩაი ოზურგეთში, თავის მამულში გააშენა და ქართულ გარემოსთან მის შეგუებაზე დაიწყო ზრუნვა.
გასაბჭოების შემდეგ, XX საუკუნის 20-იან წლებში, ქვეყანაში მეჩაიეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა სახელმწიფო პროგრამა, სადაც წამყვანი ადგილი ჩაქვის ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა კვლევით ინსტიტუტს ეჭირა. რესპუბლიკის მასშტაბით ათეულობით ჩაის ფაბრიკა აშენდა. მეჩაიეობა დასავლეთ საქართველოს რეგიონების - სამეგრელოს,
გურიის, აჭარისა და იმერეთის სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგი გახდა. ცნობილია, რომ XX საუკუნის 70-80-იან წლებში
საქართველო წელიწადში 95 ათას ტონა ჩაის აწარმოებდა.
1. სასტუმრო ოაზისი
2. ჩაქვში ჩაის პლანტაცია XIX ს-ის ბოლოს რკინიგზის სადგურის ახლოს რამდენიმე ჰექტარზე გააშენეს. XX ს-ის დასაწყისში სერგეი პროკრუდინ - გორსკის მიერ გადაღებული ეს ფოტო ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება.
მდებარეობა: შავი ზღვის სანაპირო, მდინარე ჩაქვისწყლის ხეობა.
მანძილი: ბათუმის ცენტრიდან – 15 კმ, თბილისიდან – 350 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 5-30 მ
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშ. ტემპერატურა 50C. ზაფხული ცხელი, აგვისტოს საშ. ტემპერატურა 230C.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი. მკურნალობის სახეობა: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში.
სამკურნალო ჩვენებები: ნერვული და გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის, სასუნთქი ორგანოების არატუბერკულოზური
დაავადებები, სისხლნაკლებობა.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"