თუშეთის ყველაზე დიდი სოფელი და ადმინისტრაციული ცენტრი ომალო ორ ნაწილად არის გაყოფილი:
ძველი და ახალი ომალო. ძველი ომალო, ანუ კესელოს ციხე, XVIII ს-ის ძეგლია. 3- და 4-სართულიანი დაბალი
და განიერი კოშკები უმეტესად ფიქლით, მშრალად, უდუღაბოდ არის ნაგები და ფიქლითვეა გადახურული.
ადრე მთელი სოფელი ციხის ირგვლივ ყოფილა გაშენებული. მას შემდეგ, რაც მოსახლეობა ვაკე ადგილას
ჩამოსახლდა, კოშკებს მხოლოდ მტრის თავდასხმის დროს იყენებდნენ თავშესაფრად. ჩვენამდე რამდენიმე კოშკმა მოაღწია. ერთ-ერთ მათგანში დღეს ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული, სადაც თუშური საყოფაცხოვრებო და საბრძოლო იარაღებია წარმოდგენილი. ომალოშიც, ისევე როგორც მთელ თუშეთში, ბევრგან შეხვდებით სამკურნალო-მინერალურ წყლებს: ომალოსთან თვითდინებით სამი მინერალური წყარო ამოდის. ერთ-ერთი - „ჩიღოს წყალი“ - მარილიანია და ქლორიდებს შეიცავს; ვეძის გორის ძირში მჟავე წყლის ორი წყარო გამოდის; ტუტე-მარილიანი წყლები გვხვდება ხისოსთან, შენაქოსთან, ფარსმასთან,
ნასოფლართან და ჭონთიოსთან; დიკლოსთან გოგირდიანი წყლების საბადოა, დოჭუსა და ხახაბოს მიდამოებში - რკინის შემცველი წყაროები. ეს წყლები მეცნიერულად შესწავლილი და გამოკვლეული არ არის. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ივლის-აგვისტოს თვეში ძველ ომალოში, კესელოს ციხეებთან იმართება სახალხო დღესასწაული „მეცხვარის დღე“ („თუშეთობა“), რომელიც თუშების ძირითად საქმიანობას - მეცხვარეობას უკავშირდება. ამ დღეს ეწყობა მეცხვარეების დაჯილდოება და თუშური ტრადიციული თამაშობები (ისრის სროლა, სირბილი ტომრებით, ბაგირის გადაძალვა, ჯრაქვაობა, გაგლეჯილა, ნაბადზე ხტომა...). ქსოვასა და თექის თელვაში დახელოვნებული თუში ქალები განსაკუთრებულ გეომეტრიულ სტილსა და ბუნებრივ
ფერებში შესრულებულ ფარდაგებს, ჭრელ წინდებს, ნაქსოვ ფეხსაცმელს (ჩითებს), ნაბდის ქუდებსა და ქეჩებს გამოფენენ ხოლმე. იმართება ფოლკლორული კონცერტი თუშური გარმონის თანხლებით. დღესასწაულის სტუმრებს შეუძლიათ თვალი ადევნონ ლუდის ხარშვას, ხინკლის მოხვევასა და თუშური ყველის
ამოყვანას. ყველაზე პატარა მონაწილეები საღებავითა და ფუნჯით ფიქალზე ხატვაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.
მდებარეობა: დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის, პირიქითის ალაზნის მარჯვენა ნაპირზე.
მანძილი: ახმეტიდან – 100 კმ, თელავიდან – 110 კმ, თბილისიდან (გომბორის გავლით) – 200 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1880 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, მდგრადი თოვლის საფრით. ზაფხული ზომიერად თბილი, მშრალი. საშუალო წლიური ტემპერატურა 6-80ჩ.
1-2. სოფელი ომალო და კესელოს კოშკები. ძველი ომალო საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის
#665 ბრძანებულებით ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლების სიაში შევიდა. 2007 წლის 24 ოქტომბერს თუშეთის უნიკალური ლანდშაფტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშიც შეიტანეს.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"