ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ფასანაური
კატეგორიები
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე მთიულეთი მდინარე თეთრი (მთიულეთის) არაგვის ხეობას
მოიცავს. მისი ცენტრი, დაბა ფასანაური, თეთრი და შავი (გუდამაყრის) არაგვის შესაყართან, კავკასიონის
ულამაზესი მთებით გარემოცულ ხეობაში მდებარეობს. დაბის დაარსებასა და განვითარებას ხელი შეუწყო საქართველოს სამხედრო გზის გაყვანამ და აქ, გეოგრაფიულად და სტრატეგიული თვალსაზრისით
ხელსაყრელ ადგილას, სამხედრო საგუშაგოს შექმნამ. საგუშაგოზე გამვლელ-გამომვლელს ბაჟს, როგორც
ხალხში იტყვიან, ფასს ახდევინებდნენ და ტოპონიმ "ფასანაურის" წარმოქმნასაც ამას უკავშირებენ.
ფასანაური პოპულარული კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ქალაქის განაპირას, არაგვის ხეობაში, მიწის ზედაპირზე ამოდის რამდენიმე მინერალური წყარო, რომლებიც კუჭ-ნაწლავის დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. შუა მთის კლიმატი კი სხეულის ზოგად გაჯანსაღებას უწყობს ხელს. ადგილობრივთა რწმენით, სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა თეთრი არაგვის წყალიც - ის დადებითად მოქმედებს სახსრების დაავადებებზე. საბჭოთა პერიოდში ფასანაურში რამდენიმე დასასვენებელი სახლი ფუნქციონირებდა. დღეს მათგან მხოლოდ სასტუმრო არაგვი შემორჩა. დამსვენებლების უმეტესობა საოჯახო სასტუმროებში ჩერდება.
 
1. მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში, ფასანაურიდან აღმოსავლეთით, მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე გუდამაყარი. ხეობა პოპულარულია ეკოტურისტებსა და ჰაიკინგის მოყვარულებს შორის. მხარის კულტურული ძეგლებიდან გამოირჩევა აღმოსავლეთ მთიანეთისთვის დამახასიათებელი საკულტო ნაგებობები. ხეობაში ათეულობით მჟავე წყაროა. გუდამაყარში მათ ნადებიან მჟავე წყლებს ეძახიან. წყლები წითელი შეფერილობით გამოირჩევა, სავარაუდოდ, რკინის უხვი შემცველობის გამო.
2. დასვენების ექსტრემალური სახეობის, ჯომარდობის მოყვარულებს მთის მდინარეები სწრაფი, მძლავრი დინებითა და სხვადახვა სახის წინააღმდეგობებით (ქვები, ჭორომები, ჩქარი დინებები) ხიბლავთ. არაგვის მთელ დინებაზე ბევრი ასეთი ადგილია, რის გამოც რაფტინგის მოყვარულები შავსა და მთიულეთის არაგვს ხშირად
სტუმრობენ.
 
მდებარეობა: დუშეთის მუნიციპალიტეტი, დიდი კავკასიონის სამხრეთი ფერდობი, მდ. თეთრი არაგვის ხეობა.
მანძილი: თბილისიდან – 90 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1050 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -4,10C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 18,60C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 1000 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი (ესენტუკის ტიპის) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 3-15 გ/დმ3. მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა).
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.