ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი უჯარმა
კატეგორიები

ისტორიული სოფელი უჯარმა მდებარეობს საგარეჯოდან 22 კილომეტრში, მდინარე ივრის ნაპირას. სოფლის ჩრდილოეთით, კლდოვან ქედზე დღემდე შემორჩა III–IV საუკუნეების ციხე-ქალაქის ნაშთები (გალავანი, კოშკები, ტაძარი, სამეფო სასახლე და წყალსაცავი), რომელიც კიდევ უფრო ძველი _ ძვ. წ. II ს-ის ციხის ადგილას აუგიათ. V საუკუნეში აქ დიდი ქართველი მეფის, ვახტანგ გორგასლის რეზიდენცია ყოფილა, სპარსელებთან ბრძოლაში მძიმედ დაჭრილი გვირგვინოსანი აქვე გარდაცვლილა 502 წელს.
უჯარმის უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია იოდ-ბრომიანი სამკურნალო წყლები, რომლებიც 1962 წელს გეოლოგებმა ბურღვითი სამუშაოების შედეგად აღმოაჩინეს. კურორტის ბორცვიანი ტერიტორია მდიდარი ფოთლოვანი ტყით არის დაფარული. ადგილის გეოგრაფიული პირობები აყალიბებს მშრალ კონტინენტურ ჰავას, რომელიც, წყლების სამკურნალო ზეგავლენასთან ერთად, საუცხოო ეფექტს იძლევა პერიფერიული ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობისას. 1963 წლიდან კურორტზე დასასვენებელი სახლი „უჯარმა“ ფუნქციონირებს. კურორტიდან 2 კმ-ში, სოფელ მუხროვანში პატარა მლაშე ტბაა, რომელშიც სამკურნალო ტალახი მოიპოვება.
ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ ფერდობზე კიდევ ორი საკურორტო ადგილია: ცივი კოდა (ზ. დ. 1600 მ), რომლის წიწვოვანი ტყეების არომატით გაჯერებული მთის ჰავა სასარგებლოა სუნთქვის ორგანოების დაავადებებისთვის (მათ შორის, ტუბერკულოზის დახურული ფორმა და არატუბერკულოზური დაავადებები) და გომბორი (ზ. დ. 1165 მ), სადაც ზაფხულის ცხელი თვეების გატარება ძველი დროიდან ჰყვარებიათ გარეკახელებს და კახეთის სტუმრებს. ფოთლოვანი ტყე­ები, მზის სხივების სიჭარბე და საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა დღესაც ბევრ დამსვენებელს იზიდავს. გომბორი რეკომენდებულია ბრონქიტის, ლიმფადენიტის და მეორეული სისხლ­ნაკ­ლებობის სამკურნალოდ.

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს ლეგენდარული ქართული ღვინის, საფერავის მიკროზონა
- ხაშმი. აქაურ საფერავს ხალხმა დევის სისხლი  შეარქვა. ხაშმსა და უჯარმას შორის, ხელოვნურ ტბებზე, გაშენებულია სათევზე მეურნეობა.
 
2. 1935 წელს რელიქტური სოსნოვსკის ფიჭვის იშვიათი მასივის დაცვა-შენახვისა და მეცნიერული კვლევის
წარმოების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე დაარსდა მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი (ფართობი 1033 ჰა). ნაკრძალი მოიცავს ასევე ყორუღის აღკვეთილს
(2068 ჰა). მიმდებარე ტერიტორია კულტურული, სამანქანო–სათავგადასავლო და საფეხმავლო ტურების
მოყვარულთა საყვარელი ადგილია.
 
მდებარეობა: იალნოს ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი ფერდობი.
მანძილი: საგარეჯოდან – 22 კმ, თელავიდან (გომბორის გავლით) – 55 კმ, თბილისიდან – 35 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 960 მ.
რელიეფი: მთაგორიანი, ვაკე-ზეგნების მონაცვლეობით.
კლიმატი: აღმოსავლეთ საქართველოს დაბალმთიანი, შედარებით დაბალტენიანი ჰავა, ტემპერატურის
ცვალებადობის დიდი ამპლიტუდით. ზამთარი რბილი, ცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 00C.
ზაფხული ძალიან თბილი, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 220C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 600 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 63%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ჰიპერთერმული კარბონატულ ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, ბრომის, იოდის, კაჟმჟავას, მეტაბორის მჟავის და სხვ. მაღალი შემცველობით, საერთო მინერალიზაციით8,0-10,0 გ/დმ3;
დებიტი: 250 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი, პერიფერიული ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის,
ასევე გინეკოლოგიური და ანთებითი დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.