სამეგრელო ზემო სვანეთი
|
სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარე მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ, ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი 7.4 ათას კმ2-ია და მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებს. აერთიანებს ორ ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციას - სამეგრელოს და სვანეთი ნაწილს - ზემო სვანეთს. მეზობლად მდებარე და ლანდშაფტურად სრულიად განსხვავებული ეს ორი კუთხე საუკუნეების განმავლობაში ერთი სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა ორივემ განვითარების დამოუკიდებელი ისტორიული გზა განვლო. ძვ. წ. VIII საუკუნიდან წლებიდან მოყოლებული, წერილობით წყაროებში სამეგრელო კოლხეთის, ეგრისის, ლაზიკას, ოდიშის სახელწოდებით მდიდარ და ძლევამოსილ სამეფოდ გვევლინება. რაც შეეხება სვანეთს, თავდაპირველად ის კოლხეთის, შემდეგში კი ეგრისის სამეფოს ნაწილად ითვლებოდა, XI-XV საუკუნეებში კი საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს ერთ-ერთ საერისთავოს წარმოადგენდა. რეგიონის საკურორტო პოტენციალი კლიმატურ–საკურორტო, ზღვისპირა–საკურორტო და ჰიდრომინერალური რესურსებით არის წარმოდგენილი. მხარის ბუნებრივი პირობები - შავი ზღვის სანაპირო ზოლი, გორაკ-ბორცვიანი ლანდშაფტები, მაღალი მწვერვალები და მყინვარები - მოიცავს ბევრ ისეთ ადგილს, სადაც სრულფასოვან დასვენებასთან ერთად შესაძლებელია ბუნების მიერ თუ ადამიანის ხელით შექმნილი მრავალი ღირსშესანიშნაობის ხილვა.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"
|