ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სამშვილდე (ორბეთი, ორბი), ციხე-ქალაქი,
ქვემო ქართლი
სამშვილდე (ორბეთი, ორბი), ციხე, ციხე-ქალაქი, ქალაქი.
 
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", ლეონტი მროველის "მეფეთა ცხოვრება", ჯუანშერის "ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა", "მატიანე ქართლისა", დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", "ჟამთააღმწერელი", XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები, არჩილის "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა", XVIII ს-ის ქვემო ქართლის სტატისტიკური აღწერის მასალები, პაპუნა ორბელიანის "ამბავნი ქართლისანი", სეხნია ჩხეიძის "ცხოვრება მეფეთა", ომან ხერხეულიძის "მეფობა ირაკლი მეორისა", იოანე ბაგრატიონის "ქართლ-კახეთის აღწერა", VII ს-ის სომხური გეოგრაფია, იოანე დრასხანაკერტელის "სომხეთის ისტორია" თომა არწრუნის "არწრუნთა სახლის ისტორია", სტეფანოს ტარონელის "მსოფლიო ისტორია", ვარდან დიდის "მსოფლიო ისტორია", სტეფანოს ორბელიანის "ცხოვრება ორბელიანთა", მხითარ აირივანეცის "ქრონოგრაფიული ისტორია", ანონიმი ისტორიკოსის თხზულება, XIV-XV სს-ის სომხური ანდერძები, თომა მეწოფელის "ისტორია ლანგთემურისა", მისივე "მემუარები", არაქელ დავრეჟიცის თხზულება, იაკუბის "ისტორია". იოჰან გიულდენშტედტის "მოგზაურობა საქართველოში".
 
სამშვილდის საეპისკოპოსო ტაძარი - ფოტო "მწვანე ზებრა"
 
ვახუშტი ბაგრატიონი სამშვილდის შესახებ გადმოგვცემს: პირღებულის "ქუემორ არს ციხე ორბეთი, აქ წოდებული სამშვილდე, აღაშენა ქართლოს, და პირველმან მეფემან ფარნაოზ ჰყო საერისთაოდ და ქალაქი. არამედ იყო პგ (ოთხმოცდამეერთე) მეფის სვიმონისადმე ქალაქი. არს ფრიად მაგარი, სამხრეთით უდის ქცია, ჩდილოთ უდის ჭივჭივა; საშორისსა ზედა არს გარდავლებული ხრამით ხრამამდე ზღუდე განიერი და მაღალი, კუალად გარე მის ქალაქისა ზღუდე გარდავლებული, ეგრეთვე დიდროვანითა ლოდითა. ციხესა შინა აღაშენა ეკლესია გუმბათიანი ლბ (ოცდამეთორმეტე) მეფემან მირდატ, შემუსრა ლანგთემურ, მერმე ოსმალთა... ამის ძირს, ქციის პირს არს მონასტერი მცირე, აწ ხუცის სამარ".
 
მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, დღევანდელი სოფ. სამშვილდის მახლობლად. თეთრიწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ის დაშორებით, მდ. ქციისა და ჭივჭავის შესართავს შორის წარმოქმნილ მაღალ კონცხზე.
 
ისტორიული ტრადიციის თანახმად ქართველთა ფეოდალურმა ეთნარქმა ქართლოსმა ააშენა "ციხე ორბისა", რომელსაც შემდგომ სამშვილდე ეწოდა. სამშვილდე, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ციხე-ქალაქი, მოხსენიებულია ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლაშქრობასთან დაკავშირებით. ქართლის პირველი მეფის, ფარნავაზის დროიდან ის ქალაქი და საერისთავოს ცენტრია. ვახტანგ გორგასლის დედას, დედოფალ საგდუხტს, აუშენებია სამშვილდის სიონი. ვახუშტი ბაგრატიონი ტაძრის მშენებლობას საგდუხტის მეუღლეს, მეფე მირდატს მიაწერდა. VIII-IX სს-ში სამშვილდე თბილისის საამიროს შემადგენლობაშია. IX ს-ის ბოლოდან X ს-ის შუა ხანებამდე სამშვილდე სომეხ ბაგრატიონთა მფლობელობაშია (დრასხანაკერტელი 1965: 251). გურგენ ერისთავთ-ერისთავი X ს-ის 20-იან წლებში შეეცადა სამშვილდის დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ. XI ს-ის 60-იან წლებში ბაგრატ IV-მ შეიპყრო სომეხთა მეფე კვირიკე II და სამშვილდე დაიბრუნა. გიორგი II-მ შერიგებისა და პატიების ნიშნად, სამშვილდე კლდეკარის ერისთავ ივანე ლიპარიტის ძეს უბოძა, მალე სამსვილდე თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს. 1110 წ. დავით აღმაშენებლმა სამშვილდე თურქ-სელჩუკებისგან გაათავისუფლა. დავით აღმაშენებელმა ამირსპასალარ ივანე ორბელს დიდი დამსახურებისათვის უბოძა სამშვილდე. 1177 წ. სამშვილდე გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული დემნა უფლისწულის, მისი სიმამრის, ამირსპასალარ იოანე ორბელისა და მათი მომხრეების ერთ-ერთ დასაყრდენს წარმოადგენდა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ სამშვილდე უშუალოდ სამეფო კარს დაუმორჩილეს. XIII ს-ში სამშვილდეს მონღოლები იპყრობენ. მონღოლთა ბატონობის დროსაც სამშვილდე კვლავ ქართველი მეფეების მფლობელობაშია. სამშვილდე დაარბია თემურ-ლენგმა. 1440 წ. შავბატკნიან თურქმანთა ჯარმა, ჯეჰარ შაჰის მეთაურობით, სამშვილდე აიღო და იქ სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. 1578 წ. ოსმალებმა მუსტაფა ლალა ფაშას მეთაურობით თბილისის აღების შემდეგ სამშვილდე დაიკავეს. 1583 წ. ქართლის მეფე სვიმონ I-მა სამშვილდე ოსმალებისგან გაათავისუფლა. გვიან შუა საუკუნეებში სამშვილდე, როგორც ქალაქი, თანდათან კარგავს თავის მნიშვნელობას და ციხის მდგომარეობამდე ქვეითდება. 1636 წ. ერეკლე I-მა (ნაზარალი-ხანი) სოფ. სამშვილდე მისცა ავთანდილ ბარათაშვილს. ისარგებლა რა ქართლის მეფე თეიმურაზ II-ის ირანში ყოფნით 1747 წ. იესე მეფის ძემ აბდულა ბეგმა ქართლის სამეფო ტახტის მიტაცება განიზრახა და სამშვილდე საიმედოდ გაამაგრა. ამის შემდეგ სამშვილდის ციხე ლეკთა მოთარეშე რაზმების დასაყრდენი და თავშესაფარი გახდა. 1749 წ. ერეკლე II-მ სამშვილდის ციხე ბრძოლით აიღო. ტყვედ ჩავარდნილ აბდულა-ბეგს ნება მისცა თავრიზში წასულიყო. სამშვილდეში დარჩა აბდულა-ბეგის ძმა უსეინ-ბეგი, რომელიც 1751 წ. ერეკლე II-მ სამშვილდიდან თბილისში გადმოიყვანა.
 
სამშვილდე - ფოტო "მწვანე ზებრა"
 
1948 წ. ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი) ფართო დაზვერვითი სამუშაოები აწარმოა ნაქალაქარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გამოვლინდა რამდენიმე ნასოფლარი და ეკლესია. 1957 წ. ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაზვერვა ჩაატარა მდ. ქციის ხეობის შუა წელზე სოფ. სამშვილდესთან, მდ. ჭივჭავას მარცხენა ნაპირის ფერდობზე ზედაპირულად აიკრიფა ობსიდიანის ანატკეც-ანამტვრევები, რომლებიც ქვედა პალეოლითს განეკუთვნება. 1968 წ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სამშვილდის ნაქალაქარზე ჩაატარა დაზვერვითი ხასიათის სამუშაოები. სადაზვერვო თხრილები გავლებულ იქნა შიდა ციხეზე, ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში და ციხის გარეთ მდებარე ტერიტორიაზე. ექსპედიციამ დაზვერა ნაქალაქარის ახლომდებარე ტერიტორიები. 1968-1970 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თეთრიწყაროს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სოფ. სამშვილდის მახლობლად გათხარა ადრე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი. 1974 წ. იმავე ინსტიტუტის ალგეთის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მუშაობა განაახა სამშვილდის ადრე ბრინჯაოს ხანის ნასოფლარზე. ტერასულად განლაგებული ნასოფლარის ტერიტორია შუა საუკუნეებშიც ინტენსიურად ყოფილა ათვისებული. 1978-1987 წწ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სპელეისტიკის ლაბორატორიის ქცია-ხრამის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც 1985 წლიდან ქვემო ქართლის კლდის ძეგლთა შემსწავლელი ექსპედიცია ეწოდა, სამშვილდის მიდამოებში, მდ. ქციისა და ჭივჭავის ხეობებში დაზვერვების შედეგად გამოავლინა გამოქვაბულთა კომპლექსები, რომელთაგან ზოგიერთი არქეოლოგიურად იქნა შესწავლილი.
 
ციხე-ქალაქ სამშვილდეში შესასვლელი ხიდი - ფოტო "მწვანე ზებრა"
 
1968 წ. ნაქალაქარის ტერიტორიაზე სადაზვერვო თხრილების სულ ქვედა ფენაში აღმოჩნდა ადრე ბრინჯაოს ხანის ვარდისფერსარჩულიანი და შავზედაპირიანი სქელკედრიანი ჭურჭლების ნატეხები, რომელთა ნაწილი შემკულია ხაზოვანი ორნამენტით. კერამიკის ზოგიერთი წითლად გამომწვარი ფრაგმენტი შავი საღებავითაა მოხატული. გამორიცხული არაა ნაქალაქარზე ადრე ბრინჯაოს ხანაზე უძველესი სამოსახლოების არსებობაც. ამაზე მიუთითებს ობსიდიანის უამრავი დამუშავებული იარაღის აღმოჩენა თვით ნაქალაქარის ტერიტორიაზე. ნაქალაქარზე გამოვლენილი ნაცრისფრად გამომწვარი კერამიკის რამდენიმე ნატეხის მიხედვით სავარაუდოა აქ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ფენის არსებობაც. სადაზვერვო თხრილებში აღმოჩენილი შავპრიალა ჭურჭლის ნატეხები ძვ. წ. IV-III  სს-ით თარიღდება. განათხარი მასალის უდიდესი ნაწილი შუა საუკუნეებისაა და ძირითადად X-XIII  სს-ით თარიღდება. მათ მიეკუთვნება: სქელკედლიანი სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელი, წითელი და შავი საღებავით მოხატული თხელკედლიანი კერამიკა; ერთფერად და მრავალფრად მოჭიქული ჯამები, რომელთა შორის გვხვდება უანგობო, ანგობით მოხატული, ამოკაწვრით მოხატული და სხვა ნიმუშები. ნაქალაქარზე აღმოჩენილია ფაიანსის ფრაგმენტებიც. ზოგიერთი ჭურჭელი ნახევრადნამზადია. მათი მიხედვით სამშვილდეში კერამიკის ადგილობრივი წარმოებაა საგულისხმები. სამშვილდის ნაქალაქარის არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. სამშვილდის მიდამოები ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითში ჩანს ათვისებული. ნაქალაქარის მახლობლად, მდ. ჭივჭავას მარცხენა ნაპირის ფერდობზე, მრავლადაა აღმოჩენილი ობსიდიანის ანატკეც-ანამტვრევები, რომლებიც უმეტესად ფერდობის ქვემო და შუა წელზეა გამოვლენილი. ობსიდიანის შედარებით მცირერიცხოვანი მასალაა აღმოჩენილი ხეობის ფლატეზე არსებული გამოქვაბულების ახლოს. დაზვერვის შედეგად გამოვლენილი ქვის ხანის ნივთებიდან ყურადღებას იქცევს ობსიდიანის სამკუთხა ფორმის წვეტანა, დამზადებული მოგრძო და განიერი ლამელებისაგან. იარაღის ერთ მხარეს, ნაპირების გასწვრივ, მიუყვება ფაქიზი რეტუში, მეორე მხარეს ობსიდიანისათვის დამახასიათებელი ნიჟარისებური ზედაპირი აქვს. დამზადების ტექნიკის მიხედვით ის გვიან მუსტიეს დაშორებით გამოვლინდა მუსტიეს ეპოქის განიერ სამუშაოპირიანი საფხეკი და რამდენიმე ლამელა. იარაღების თავდაპირველი ადგილსამყოფელი ფერდობის თავზე განლაგებული, დღეისათვის უკვე დანგრეული გამოქვაბულები უნდა ყოფილიყო
 
სამშვილდის ადრე ბრინჯაოს ხანის ნასოფლარი მდებარეობს სოფ. სამშვილდის მახლობლად, სამშვილდე-დაღეთის გზასთან, კარკნალის მთის სამხრეთ კალთაზე. ნამოსახლარი განლაგებულია 100-150 მ სიგრძის 20-ზე მეტ ტერასაზე, სადაც დიდი რაოდენობითაა გაბნეული ობსიდიანის ანატკეცები, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ნამოსახლარი ორფენიანია. ზედა II ფენაში გამოვლინდა წრიული გეგმის შენობის (თუ შენობების) სამი პარალელური კედლის ნახევარწრიული ქვის საძირკველი. ქვის საძირკველი მრგვალი ნაგებობის მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარს უნდა ჰქონოდა. სამხრეთი მხარე კი ხის ბოძებზე ბათქაშით შელესილი ხის წნულისა იყო. იქვე აღმოჩნდა ბათქაშის ნატეხები. რომლებსაც წნულის ანაბეჭდები ეტყობათ. ნახევარწრიულ ნაგებობას გათხრილ კომპლექსში ცენტრალური მდებარეობა უკავია. აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს მას მიდგმული აქვს სწორკუთხა ნაგებობები. ნამოსახლარზე გამოვლინდა 2 სამეურნეო ორმო, რომლებიც სავსე იყო თიხის ჭურჭლის ნატეხებით. ნასახლარის ტერიტორიაზე აქა-იქ ჩნდებოდა ადრე ბრინჯაოს ხანის სამარხებიც.
 
ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალის უმრავლესობა თიხის ნაწარმია. ქვედა I ფენის კერამიკისათვის დამახასიათებელია ღია ფერი, დამზადებულია ხელით. თიხა უმეტესად მსხვილმარცვლიანია კვარცის, ქვიშისა და შამოტის მინარევებით.
 
სამშვილდე - ფოტო "მწვანე ზებრა"
 
სამაროვანი მდებარეობს ნამოსახლარის სამხრეთით 600-700 მ-ის დაშორებით. სამარხები დიდი ზომის ბრტყელი დაუმუშავებული ლოდებით ნაგები და ასეთივე ლოდებით გადახურული აკლდამებია. ისინი გეგმაში სწორკუთხა მოყვანილობისაა, შუაში ოდნავ გაგანიერებული. დამხრობილია აღმოსავლეთ ან ჩრდილო-სამხრეთ ხაზზე. სამარხთა განლაგებაში გამოიყოფა მეტნაკლებად ერთ სწორ ხაზზე გამართული 4 მწკრივი. გვხვდება როგორც დიდი ზომის საოჯახო აკლდამები, ისე მცირე ზომის ბავშვის სამარხები. საოჯახო აკლდამები მასიური ნაგებობებია. მათი გვერდითი კედლები შედგენილია დიდი ზომის ბრტყელი, დაუმუშავებული ლოდებით. ქვები ერთმანეთს კარგადაა მორგებული. კედლების ზედა მხარე სახურავის უკეთ მორგების მიზნით მცირე ზომის მშრალად ნაგები ბრტყელი ქვებით არის მოსწორებული. აკლდამების იატაკი მიწატკეპნილია. გამონაკლისს წარმოადგენს N-3 და N-10 სამარხები, რომელთა იატაკი ქვის ფილებით არის მოგებული. საოჯახო აკლდამებში მიცვალებული დასვენებულია კიდურებმოხრილი მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით შესასვლელისკენ. ტავთან იდგა ჭურჭელი. მიცვალებულს ატანდნენ ძროხის, ცხვრის, ღორისა თუ თხის ხორცს. მიცვალებულის ფეხებთან მიხვეტილია ადრე დაკრძალული ჩონჩხი და სამარხეული ინვენტარი. მხოლოდ N-7 სამარხში შეინიშნება 3 მიცვალებულის ერთმანეთის გვერდზე დაკრძალვა. 36 სამარხში დაკრძალული იყო 125 მიცვალებული.
 
სამარხეული ინვენტარის უდიდესი უმრავლესობა თიხის ჭურჭელია. ისინი დამზადებულია ხელით. თიხაში მრავლად ურევია ქვიშა, ადრე ბრინჯაოს ხანის ნასოფლარისა და სამაროვანის ტერიტორია შუა საუკუნეებშიც ინტენსიურად  ყოფილა ათვისებული. ნასოფლარიდან დასავლეთით 100-150 მ-ის დაშორებით შუა საუკუნეების ნასოფლარ ნაშთებია. მთის წვერზე სასახლის მსგავსი ნაგებობების, ეკლესიისა და მიწისქვეშა ნაგებობის - დარანის ნანგრევებია. დარანის ამჟამად ჩანგრეული შესასვლელი კარგად დამუშავებული ქვებით ყოფილა ამოშენებული კირხსნარზე. უძველესი ნასოფლარის ტერიტორიაზე მრავლად იკრიფება შუა საუკუნეების, მათ შორის მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები. უძველესი სამაროვანის ტერიტორიაზე გაითხარა შუა საუკუნეების 5 სამარხი. ისინი მოზრდილებია. უმეტესად ნაგებია გათლილი ქვის ფილებით. თითოეულში 2-3 მიცვალებული იყო დაკრძალული. სამარხები უინვენტაროა.
 
ნაქალაქარის სიახლოვეს, ქციის ხეობის ორივე კალთაზე, მრავალი გამოქვაბულია გამოკვეთილი. უშუალოდ ნაქალაქართან კი გამოქვაბულთა მოზრდილი კომპლექსები გვხვდება. გამოქვაბულები გამოკვეთილია როგორც საკუთრივ ნაქალაქარის კონცხის ქარაფებში, ისე მის მოპირდაპირე კალთების ქარაფებში. ქციის ხეობის მარჯვენა კომპლექსი შედგება 3 იარუსად გამოკვეთილი 70-მდე გამოქვაბულისაგან. ხეობას დაახლოებით 400 მ-ზე გაუყვება და ძირითადად ციცაბო ქარაფის ქვედა რეგისტრშია გამოკვეთილი. მის მოპირდაპირედ, მარცხენა კომპლექსი კონცხის კალთაში 3 იარუსად გამოკვეთილ 45-მდე გამოქვაბულს მოიცავს, რომელთა დიდი ნაწილიც ასევე ქვედა რეგისტრშია განლაგებული. ჭივჭავის მარცხენა კომპლექსი ციტადელის გასწვრივ ხეობის კალთას ორიოდე კმ-ზე გაუყვება ქციის შესართავამდე. შედგება 3-5 იარუსად გამოკვეთილი ერთმანეთისაგან დაშორებული რამდენიმე ჯგუფისაგან. გამოქვაბულების რაოდენობა 80-მდეა. სამშვილდის ქვაბთა კომპლექსების არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. გარდა გათხრებით მოპოვებული არქეოლოგიური მასალებისა, სამშვილდიდან ცნობილია შემთხვევითი აღმოჩენები. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება სამშვილდეში 1909 წ. აღმოჩენილი ნივთები: ცისფერი მინის სამკუთხაგანივკვეთიანი სამაჯური, ბრინჯაოს 2 ბეჭედი ბრტყელგანივკვეთიანი რკალითა და ოვალური მოყვანილობის ფარაკით, ცისფერი მინის 2 მოგრძო ოთხწახნაგოვანი მძივი, გიშრის ცილინდრული ფორმის მძივი და რკინის ორფრთიანი, გრძელყუმწიანი ისრისპირი, კოლექციაში შემავალი ნივთები XII-XIII სს-ით თარიღდება. 1935 წ. მუზეუმმა შეიძინა ბრინჯაოს ცილინდრული მოყვანილობის მცირე ზომის ზარი, რომელიც ყუნწთან ერთად ორ ადგილას გახვრეტილია. ენა დაკარგულია. ზარზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი. საინვენტარო დავთრის მიხედვით, ზარი აღმოჩენილია სამშვილდის გამოქვაბულში.
 
სამშვილდის ნაქალაქარი გაშენებულია მდ. ქციისა და ჭივჭავას შორის მდებარე კონცხზე. ნაქალაქარი გეგმაში სამკუთხა მოყვანილობისაა. სამი მხრიდან ნაქალაქარს ციცაბო ფლატე შეუყვება. დასავლეთი მხარე კი დაცულია ხევიდან ხევამდე გადაჭიმული 4-5 მ სისქის გალავნით. ქალაქის საერთო სიგრძეა 2,5 კმ, სიგანე საშუალოდ 400 მ. ქალაქი იყოფა სამ ნაწილად. აღმოსავლეთით, კონცხის ბოლოს შიდა ციხეა განლაგებული. შუა ნაწილი კედლებით შემოსაზღვრული ციხეა, დასავლეთით საკუთრივ ქალაქია, სადაც შემორჩენილია სახლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები. მის უკან სამაროვანია, სადაც დგას საფლავის ქვები მწყემსების, მხედრებისა თუ ხელოსანთა გამოსახულებებით. გზის მახლობლად თლილი ქვით შემოსილი წმინდა გიორგის პატარა დარბაზული ეკლესიაა. სამხრეთით მდებარე შესასვლელთან ამოკვეთილი ხუცური წარწერა ე. თაყაიშვილს თავის დროზე უკვე გადაშლილი დახვედრია. მის ქვეშ შემორჩენილი ყოფილა მხედრული წარწერა: "ნებითა ღვთისათა ბრძანებითა მეფისა ვახტანგისა და ხელისა პყრობითა თანა მეცხედრისა მისისა დედუფლის ელენესითა მე მისმა გამზრდელმან ზილიხან აღვაშენე საყდარი ესე წმიდისა გიორგისა..." წარწერა დათარიღებულია 1672 წლით. აქ მოხსენიებული მეფე ვახტანგი არის ვახტანგ V შაჰნავაზი. წარწერა დღეისათვის აღარაა შემორჩენილი. ქალაქის შუა ნაწილი გაყოფილია გალავნით, რომლის კარის უკან იწყება ქვის ფილებით მოკირწლული 3 მ სიგანის მთავარი ქუჩა. მის ახლომახლო შენობათა ნანგრევებია. შემორჩენილია რამდენიმე ორსართულიანი სასახლის ნანგრევი, რომელთა პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა, მეორე სართულზე საცხოვრებელი ოთახებია ნიშებითა და ბუხრებით.
 
სამშვილდის ციხე-ქალაქის ქუჩები - ფოტო "მწვანე ზებრა"
 
გალავნის მახლობლად დგას ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. ინტერიერში დიდი შავი მენჰირია ჯვრის გამოსახულებითა და სომხური წარწერით "სუმბათ ერისთავთ ერისთავი". წარწერა XI ს-ით თარიღდება. ეკლესია უფრო მოგვიანებით ჩანს აშენებული. ქციის მხარეს ეკლესიაა "თეოგონიდა", რომელიც სავარაუდოდ XII-XIII სს-ს მიეკუთვნება. ეკლესიის მახლობლად ყრია ქვის ბორბლები და საწნახელის ღარიანი ქვები. შიდა ციხე მძლავრი გალავნითაა გამოყოფილი. მისი ძველი, დასავლეთის კედლის სისქეა 6 მ. კედლების შემორჩენილი სიმაღლეა 10-12 მ. კედლის ზედა, გვიანდელი ფენები ქმნიან გალავნის საბრძოლო ნაწილის განიერ ტალანს. გვიან შუა საუკუნეებში ციხის კედლის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებში აუგიათ დიდი ზომის კოშკები. შიდა მიმოსვლისათვის ერთ მათგანში ჭიშკარია დატანებული. შესასვლელის თავზე გაჩნდა სათოფურები და სალოდეები. კედლები გაგრძელებულია ხევების პირების გასწვრივ. ციხის შიგნით აუგიათ ორსართულიანი სასახლე და აგურის ოთხგანყოფილებიანი აბანო, ტრომპებზე ამოყვანილი გუმბათით. გვიან შუა საუკუნეებისაა ქვითა და კირხსნარით ნაშენი ორი წყალსაცავი, რომელთა ფსკერი კირხსნარითაა მოლესილი. აუზების სიღრმე ორ მეტრს აღემატება.
 
შიდა ციხის ტერიტორიაზე სამი ეკლესიაა. ვახტანგ გორგასლის დედის, საგდუხტის მიერ აშენებული ეკლესია დღეისათვის არ შემორჩენილა. მის ადგილას უნდა იდგეს VIII ს-ში აგებული გუმბათიანი ტაძარი, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. ტაძრის სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლების ფასადზე თითქმის მთელ სიგრძეზე ამოღარულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. შემორჩენილია მხოლოდ 10 მ სიგრძის ტექსტი: "ქრისტე, აღაშენა შეწევნითა ქრისტესითა კაცთმოყუარებითა, საყოფელი ესე წმიდისა ღვთისმშობელისაი სალოცველად ... ქრისტე შეიწყალენ ... ნათესავით პიტიახშნი. წელსა კ მეფობისა კოსტანტინეისა დაიდვა საძირკველი ხელითა მათითა ... იწყო ამის სტოვისა შენებაი. ვარაზ-ბაკურ შეისუენა და მისი უკუან ის ... იოვანე ისწრაფდის. აესრულა იგიცა ... იქმნა სრულიად აღშენებაი წმიდისა ამის ეკლესიისაი ... და სტოვათა. და წელსა გ ლეონ მეფისა, დღესა ენკენიასა ყო სატფურებაი სამი დღე დიდითა კრებითა, განშუენებად ..." მ.ბროსე წარწერას 1313 წლით ათარიღებდა, ექ. თაყაიშვილი 958 წლით, ს. კაკაბაძე 778 წლით ტაძრის აშენებისა და წარწერის თარიღი ყველაზე მართებულად განსაზღვრა ლ. მუსხელიშვილმა, რომლის აზრით, წარწერაში მოხსენიებული კონსტანტინე და ლეონი ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე (740-775) და ლეონია (775-780). ტაძრის მშენებლობა დაუწყია 759 წელს ერისთავ ვარაზ-ბაკურს. მისი სიკვდილის შემდეგ მშენებლობა გაუგრძელებია იოვანეს, მაგრამ ისიც გარდაცვლილა. ტაძრის მშენებლობა დასრულებულა 777 წელს. სხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ ტაძრის მშენებლობა დაუსრულებია დედოფალ დებორას. სამხრეთის ფასადზე ერთი ქართული წარწერის ფრაგმენტია. მის ქვეშ კი მოთავსებულია სომხური წარწერა, რომელშიც სომეხთა კათოლიკოსი გიორგია მოხსენიებული. წარწერა XI ს-ით თარიღდება. სამშვილდის სიონის ტაძარი დანგრეულია თემურ-ლენგისა და ოსმალთა შემოსევების შედეგად.
 
სიონის დასავლეთით დგას მუქი ბაზალტის კვადრებით აგებული IX-X სს-ის დარბაზული ეკლესია შვერილი აფსიდით. ნაგებია უხეშად გათლილი ქვით. ინტერიერში შემორჩენილია ფრესკებისა და ფრესკული წარწერების კვალი. დასავლეთი კარის კედლის თავზე შემორჩენილი ასომთავრული ფრესკული წარწერები 1905 წ. გამოაქვეყნა ექ. თაყაიშვილმა. წარწერები იმჟამად დაზიანებული ყოფილა. წარწერის ფრაგმენტების მიხედვით, რომელიღაც ერისთავთ ერისთავსა და მის მეუღლეს დარეჯანს სამშვილდეში აუგიათ წმინდა თევდორეს ეკლესია. ერისთავთ ერისთავმა და ავაგ ხორსიძემ აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა მეფეთა მეფის დავითისა და მისი ძის ზეობისას ეკლესიას შესწირა მამული. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე, კარის თავზე მოთავსებული დაზიანებული წარწერის ფრაგმენტი ასე იკითხება: "სახელითა ღვთისათა ბრძანებითა დავით (მეფისა) ..." ექ. თაყაიშვილმა სამივე წარწერა დავით აღმაშენებლის დროს მიაკუთვნა. ფრესკულ წარწერათაგან ერთ-ერთი ხელახლა იქნა შესწავლილი. ძველ და ახალ წაკითხვას შორის საგრძნობი განსხვავებაა, თუმცა ცხადია, რომ წარწერა სამშენებლო ხასიათისაა და შეეხება სამშვილდის ციხეში ეკლესიის აგებას. მშენებლები ყოფილან ერისთავთ ერისთავი და მისი მეუღლე, წარწერის თარიღი უცვლელი დარჩა.
 
ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით 500 მ-ის დაშორებით, მდ. ქციაზე 2 ძველი ხიდია. პირველი ხიდის 2 ბურჯია შემორჩენილი. მეორე ორმალიანი, სამბურჯიანი ყოფილა. სამშვილდიდან სამხრეთ-დასავლეთით 2 კმ-ის დაშორებით მდ. ქციის ნაპირზე მდებარეობს მონასტერი. გალავნის შიგნით ორი გვიანი შუა საუკუნეების ეკლესია და შენობის ნაშთებია შემორჩენილი. შენობათა კედლებში გამოყენებულია პირღებულის მონასტრის ჩუქურთმებიანი ქვები. ნაქალაქარის ჩრდილო-დასავლეთით, ორიოდე კმ-ის დაშორებით ნასოფლარია გვიანი შუა საუკუნეების დანგრეული დარბაზული ეკლესიით, რომლის ირგვლივ ასევე გვიანი შუა საუკუნეების სასაფლაოა. იქ უნდა ყოფილიყო სოფ. კრწანისი. სოფ. სამშვილდის დასავლეთით 1,5 კმ-ის დაშორებით შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები. მის გვერდით გვიან შუა საუკუნეებში შეკეთებული წმინდა გიორგის ეკლესიაა. სოფ. სამშვილდის ჩრდილოეთით, 500 მ-ის დაშორებით მდ. ჭივჭავას მარცხენა ნაპირზე კიდევ ერთი ნასოფლარია, სადაც შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების მცირე ზომის დარბაზული, შვერილაფსიდიანი ეკლესია. მის ირგვლივ სასაფლაოა.
 
სოფ. ორბეთთან დაზვერვის დროს ტყეში მიკვლეულ იქნა მინის საწარმოს ნაშთები.
ძეგლი შეისწავლა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ნატბეურ-ორბეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. 1958-1961 წწ. გამოვლინდა მინის საწარმოს სამი უბანი, რომლებიც ერთმანეთისგან 500 მ-ით იყო დაშორებული. უბნებზე გაითხარა ჩაქცეული და ჩაშლილი თაკარები - მინის სალღობი ქურები. 244 კვ.მ. ფართობზე შესწავლილ იქნა საწარმოს გადანაყარი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვა).

ავტორი: გურამ ხარშილაძე
ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.