სამცხე ჯავახეთი
|
დღევანდელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ძველი მესხეთის ნაწილია და აერთიანებს სამ ისტორიულ პროვინციას - სამცხეს, ჯავახეთსა და თორს. ტერიტორიის ფართობია 6 421კმ2. მოიცავს ექვს ადმინისტრაციულ ერთეულს - ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს. რეგიონს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, რაც მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების განვითარების საშუალებას იძლევა. აქ გადის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ტრანსკავკასიური გაზსადენი, ასევე მარაბდა-კარწახი-ყარსის რკინიგზა. წარსულში საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და კულტურულად დაწინაურებული პროვინცია მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით - ადრეანტიკური ხანის ნაქალაქარიდან და ყორღანული სამარხებიდან დაწყებული, ციკლოპური ტიპის, უზარმაზარი ლოდებისგან მშრალად ნაშენი ციხე-ნამოსახლარებით, გალავნებით, კოშკებითა და აკლდამებით დამთავრებული. ბუნების ძეგლებიდან აღსანიშნავია მდინარე ქვაბლიანის აუზში, გოდერძის უღელტეხილის აღმოსავლეთ კალთაზე მდებარე მესამეული პერიოდის განამარხებული ფლორა, რომელიც "გოდერძის ნამარხი ტყის~ სახელწოდებით არის ცნობილი; ასევე ჯავახეთის ეროვნული პარკი - ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი ტრასა.
მეცნიერები სამცხე-ჯავახეთს ქართული ხორბლისა და ვაზის სამშობლოდ მიიჩნევენ. გათხრების დროს ღვინის ქვევრები და მარანი ისეთ ადგილებშიც კი იქნა აღმოჩენილი, სადაც საუკუნეებია ვაზი აღარ ხარობს. ბორჯომის ჯგუფის კურორტები სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი რეკრეაციული რესურსია.
|