ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
თოვლიანი უფსკრული
ოკუპირებული აფხაზეთი

მდებარეობა: მდებარეობს გუდაუთის რაიონში, ბზიფის კირქვული მასივის ე.წ. ,,გამყოფ შტო ქედზე” (ხიფსთის განშტოება), გადასასვლელ ძინას მიდამოებში;  ზღ. დ. 1960 მ სიმაღლეზე, ხოლო ,,მეჟენის” _ პარალელური ხევის ფერდობზე, ზღ. დ. 2 000 მ სიმაღლეზე იხსნება.   

კოორდინატები: N 43016’02’’; E 40041’46’’

მისასვლელი გზა: მანძილი თბილისიდან 550 კმ. სოხუმიდან 100 კმ, გუდაუთიდან 60 კმ. ქალაქ გუდაუთის აღმოსავლეთით თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილიდან სოფელ აჩანდარამდე მიდის სასოფლო გზა (მანძილი გადასახვევიდან 30 კმ), შემდეგ გრუნტის გზა მიემართება მთა დუდრიფშის მიმართულებით, სოფელ აჩანდარადან კარსტული უფსრული 25 კმ მოშორებით მდებარეობს.

უნიკალურობა: მსოფლიოში ყველაზე ღრმად შემორჩენილი ყინული.

თოვლიანის უფსკრულში მღვიმური თოვლი და ყინული თოვლიანის უფსკრულში მნიშვნელოვან ოდენობას 200 მეტრ სიღრმეზე აღწევს. მიწისქვეშა მყინვარის ფართობი 6 ათას მ2 აღწევს. მისი ასაკი დაახლოებით 5 ათასი წელია, ხოლო მოცულობა 60 ათასი მ2 აღწევს. თოვლისა და ყინულის ნარჩენები 550 მეტრ სიღრმეზეც აღინიშნება. ზაფხულში, ჩასასვლელი შახტის ფსკერიდან 200 მ სიღრმეზე (მყინვარის მახლობლად) ჰაერის ტემპერატურა 00-ს აღწევდა, 480 მ სიღრმეზე 3,40, ხოლო 965 მეტრზე – 5,30.

თოვლიანის უფსკრული შედგება 3 შემაერთებელი მღვიმისაგან: ილუზია-თოვლიან-მეჟენი. თოვლიანის ძირითადი მაგისტრალი ხუთი დიდი გალერეისაგან შედგება, რომლებიც თავის მხრივ რიგ განშტოებებს შეიცავს. უფსკრული ჭებისა და შახტების ვრცელ სისტემას წარმოადგენს, რომელთა შორის აღსანიშნავია ორსაფეხურიანი 160 მ სიღრმის ვერტიკალური მონაკვეთი. მეჟენის უფსკრული მკვეთრად გამოხატული ვერტიკალური (400 მ სიღრმემდე) და ჰორიზონტული ნაწილებისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს მოკლე დერეფნებით უკავშირდებია.

უფსკრულის ჰორიზონტული მონაკვეთი სხადასხვა მიმართულების ნაპრალებშია განვითარებული. უფსკრულის ამ ნაწილისათვის დამახასიათებელია სართულიანობა, რაც სხვადასხვა უბნებზე სხვადასხვა ხარისხითაა გამოხატული. უფსკრულები ერთმანეთს ჩასასვლელიდან 630 მ სიღრმეზე უერთდება და საკმაოდ რთულ სისტემას ქმნიან. ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების შედეგად 410 მ-ით მაღლა მდებარე უფსკრული ,,ილუზია” თოვლიან-მეჟენს შეუერთდა, რითაც მღვიმური სისტემის ჯამურმა სიღრმემ 1760 მ შეადგინა და მსოფლიოს უღრმეს უფსკრულთა სიაში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

ინდიკატორული ესქპერიმენტებით დადასტურებული იქნა, რომ თოვლიანი და მჭიშთა ერთი და იგივე სისტემის შემადგენელი ნაწილებია. ეს სისტემა თოვლიანის ჩასასვლელი შახტით იწყება (ზღ.დ. 1960 მ) და მჭიშთას მძლავრი მიწისქვეშა მდინარის გამოსავლებით მთავრდება (ზღ.დ. 70 მ). მომდევნო წლებში ასევე დადასტურტურდა, რომ ,,ნაფრა” და მის მერიდიანზე მდებარე კარსტული გვირაბების სისტემაც მჭიშთა-თოვლიანის სისტემის ნაწილია, რის გამოც ნაფრა-მჭიშთას სისტემამ 2 345 მ სიღრმე შეადგინა და ერთ-ერთი უღრმესი აღმოჩნდა დედამიწაზე. 

დღეს აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და მასზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

«საქართველოს ბუნების 100 საოცრება»

ფოტო: თამაზ ქობულაშვილი



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.