ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სინაგოგა, მეჩეთი, კათოლიკური ეკლესია
თბილისი
ებრაელები საქართველოში მცხოვრები უძველესი ერია. ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე VI ს-ში იერუსალიმიდან დევნილ ებრაელთა ნაწილი ქ. მცხეთაში მოვიდა და დასახლდა. ებრაელებს საკუთარი უბნები ჰქონდათ საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში და ძირითადად ვაჭრობას მისდევდნენ. კომპაქტურად მცხოვრები იუდეველები აგებდნენ თავიანთ სალოცავს  სინაგოგას. საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი სინაგოგაა, მათ შორის, სილამაზითა და ორიგინალური არქიტექტურული ფორმებით გამორჩეულია ქ. ონის სინაგოგა რაჭაში. თბილისში რამდენიმე სინაგოგაა. მოქმედი დიდი სინაგოგა ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობს, აგებულია 1910 წელს. იქვეა მომცრო სინაგოგაც. მესამე, ე. წ. `გუმბათოვანი სინაგოგა~ ანტონ კათოლიკოსის ქუჩაზე მდებარეობს. ის ამჟამად არაა მოქმედი და იქ განთავსებულია დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.
 
თბილისი თითქმის 4 საუკუნის განმავლობაში (735-1122 წწ.) იმყოფებოდა ისლამური გავლენის ქვეშ. ისტორიული წყაროები მოწმობს, რომ თბილისში მეჩეთი VIII ს-დან არსებობდა. შემდგომშიც დიდი იყო ისლამური კულტურის გავლენა ქალაქის ყოფასა და არქიტექტურაზე. ქალაქის ცენტრში, თბილისის ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს არსებული მეჩეთი პირველად ააგო ქართლის მეფე როსტომმა (1633-1658). XIX ს-ში მეჩეთის მინარეთს რეკონსტრუქცია ჩაუტარა იტალიელმა არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რიყეზე, არსებობდა სხვა მეჩეთიც, რომელიც 1522 წელს აშენდა ირანის შაჰის ისმაილის ბრძანებით. ეს შიიტური მეჩეთი 1951 წ. მეტეხის ხიდის რეკონსტრუქციის საბაბით კომუნისტებმა დაანგრიეს. ამის შემდეგ ისლამის ორივე მიმართულების წარმომადგენლები (შიიტები და სუნიტები) ერთად ლოცულობენ აბანოთუბნის სუნიტურ მეჩეთში.
 
თბილისში პირველი კათოლიკური ეკლესია ჯერ კიდევ 1243 წ. ააშენეს დომინიკელმა ბერებმა. გიორგი V ბრწყინვალის მეფობის (1318-1346) პერიოდში რომის პაპის ბრძანებით თბილისში დაარსდა საეპისკოპოსო და აშენდა ხარების სახელობის კათოლიკური ეკლესია, სავარაუდოდ, იმავე ადგილზე, სადაც ის დღეს მდებარეობს (ისტორიული თბილისის ერთ-ერთ შესასვლელთან, კოჯრის კარის სიახლოვეს. ამჟამინდელი გ. აბესაძის ქ. #4). 1795 წ. ირანის შაჰმა აღა მაჰმად-ხანმა თბილისის აოხრებისას კათოლიკური ეკლესიაც დაანგრია. 1804 წ. კავკასიის მეფისნაცვლის პავლე ციციანოვის ინიციატივით შეიქმნა ფსევდოგოტიკური სტილის ახალი ეკლესიის გეგმა, რომლის მშენებლობა 1806 წ. დასრულდა (გალავნისა  1825 წ.). ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია მოქმედებდა XX ს. 20-იან წწ-მდე, ვიდრე მას ბოლშევიკები დახურავდნენ. 1998-1999 წწ-ში ეპისკოპოს ჯ. პეზოტის ქტიტორობით ეკლესიას ჩაუტარდა რესტავრაცია და ამოქმედდა.
 
სტატიის ავოტორია გამომცემლობა "კლიო"


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.