ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
უკანაკსნელი ბრძოლა
ქვემო ქართლი

ალგეთის ვრცელი ხეობის გავლას რამდენიმე საათი სჭირდებოდა. ქართულ მხედრობას, რომელიც ამ გზას გადიოდა დღის ბოლომდე არ ეწერა ელდარის ველზე მისვლა. მდინარე მტკვარი დროულად უნდა გადაელახა ჯარს, თორემ... შირვანელები და შაქელები უკვე მტკვარს იქით ელოდნენ. განადგურებას უქადდა შავბატკნიანთა ურდო ყოველივე შემხვედრს. 

-მაინდამაინც ამ უღრან ტყეში უნდა გვატაროს კონსტანტინემ?
-მეფეა, რას გააწყობ.
-მასთან შენ ვერ გააწყვე და აბა მე რას გავხდები.
-ხმადაბლა თორემ, ამ ხეობას ვერ გავცდებით!
-კარგი რა ერთი, ხომ ხედავ როგორ კარგად ვართ შენიღბული.
-ინით შეღებილ წვერს ყველა სცნობს.
-იცნონ, მერე რა? ბევრი დიდებული იღებავს წვერს ახლა.
-თითოეული ამ დიდებულის სახეს წლები ატყვია.
-ეგ როგორ?
-როგორ? შეხედე აბა ბარათაშვილებს, მთელი სახე დაჩეხილი აქვთ, ან კიდევ ჩოლოყაშვილებს და სხვებს შეხედე, ყველა მათგანს ნაოჭი აქვს სახეზე, ჩვენგან განსხვავებით.
-კარგი ერთი, ამ სიბნელეში ვინ უნდა დაგვინახოს ნაოჭები?
-ერთ საათში გათენდება და ტყეც უსასრულო არ არის, გაშლილ ველზე ყველაფერი ჩანს.
-ბაბუაშენს რომ ვთხოვოთ დახმარება?
-ქუცნა უკვე ის ქუცნა აღარ არის ლანგ თემურს თაჯი რომ გააგდებინა და მრავალძალის წმინდა გიორგის შესწირა.
-დამიჯერე ის დაგვეხმარება.
-არა! მამაჩემმა ყველა გააფრთხილა, არცერთ ახალგაზრდას არ იახლებს ამ ბრძოლაში. თან ქუცნა აქ მაინც არ გვახლავს.
-მამაშენს რომ გადაეყარო რა მოხდება?
-არ ვიცი. ხუთი წელია არ მინახავს.
-ბაგრატიონებს დაგღუპავთ ეგ სიჯიუტე.
-დაე მოვკვდეთ, ქედს მაინც ვერ მოგვახრევინებს მტერი!
-„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“?
-დიახაც! შოთამ ზუსტად თქვა.
-ისიც თქვა „საცა სჯობს, გაცლა სჯობს“-ო.
-ყველაფერს კარგს ხომ ვერ იტყოდა დიადი რუსთაველი - ამის თქმა და ორივემ გაიცინა.
-მოკლედ შენ ვერ გაჯობებს ვერავინ ენაში!
-მაგიტომაც ვარ დევნილი მამაჩემისგან.
-აი ნახავ შერიგდებით.
-სიკვდილის შემდგომ.
-მასეთი რა მოხდა მაშინ?
-ამ თემაზე არ მსურს საუბარი! - ალექსანდრემ ქორული მზერით გახედა აზნაურს და დაადუმა.
დემეტრე თორელმა ხმა ვეღარ ამოიღო. ალექსანდრე ბატონიშვილი ყოველთვის დუმდებოდა, როდესაც მამასთან ჩხუბის შესახებ კითხავდნენ რაიმეს. იცოდა ეს ყოველივე და უხმოდ მიჰყვა მის ბატონს.
წინ ალგეთის ტყე იყო, ნელ-ნელა სიბნელე იფანტებოდა. ტყის შიგნით ჯერ ისევ ბნელოდა.
ქართველი მეომრები მდუმარედ მიდიოდნენ. მამა-პაპათა ტრადიციას არღვევდნენ სიმღერით არ მიიწევდნენ ბრძოლის ველისკენ. მხიარული განწყობით არ მიდიოდნენ საიქიოს გზისკენ. სიკვდილი მათთვის ნეტარება იყო ლანგის რვა შემოსევის შემდეგ. ნეტარი ჟამი ალბათ მალე დაუდგებოდათ, ერთი რამ ადარდებდათ, მოასწრებდნენ თუ არა ცოდვების გამოსყიდვას. ცოდვების რომელიც მათ შთამომავლობას დატანჯავდა. რვა შემოსევა და გაპარტახებული საქართველო, ვერ დაცული თავისუფლება, ეს იყო მათი ცოდვა.
ტყეში ისევ ბნელოდა, ალგეთის ხეობაში ხელუხლებელი და თითქმის გაუვალი ტყე იყო. კონსტანტინე ერიდებოდა გამოსაჩენ ადგილებში სიარულს, იცოდა მზვერავები ეყოლებოდა მტერს გამოგზავნილი, არც ქართველები დაიკლებდნენ ოქროს სიხარბის გამო მეფის ღალატს. უკვე ჭაღარა შეპარული კონსტანტინე ნელი ტაატით მიუძღვოდა ჯარს. ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, აქამდე არავის დაემარცხებინა შავბატკნიანები. გაუჭირდებოდა მტერზე ძლევა, თან მხოლოდ ორიათასი ქართველი ახლდა, ისიც მასავით ბრძოლაში გამოცდილი მეომრები. არცერთი ახალგაზრდა არ იახლა, ისინი თავის ვაჟს დაუტოვა. თავის მემკვიდრეს მეომრების გარეშე ვერ დატოვებდა, ქვეყანას მის შემდგომაც სჭირდებოდა დაცვა. შვილის უნახავად არ უნდოდა სიკვდილი, მზად იყო ახლა მაინც შერიგებოდა შვილს, მაგრამ თუ შეურიგდებოდა, მაშინ არ დაიშლიდა ალექსანდრე და უკან აედევნებოდა, მამა-შვილს შორის გაჩენილი უფსკრული მისი აზრით სამეფოს გადაარჩენდა.
-ალექსანდრე.
-ხო დემნა რა იყო.
-ახლა მაინც ნუ მიძახი დემნას, დემეტრე მქვია.
-კარგი რა გინდა დემეტრე?
-გთხოვ ამოიღე ხმა, თორემ გაუსაძლისია აქ ყოფნა.
-რატომ არის გაუსაძლისი?
-შეხედე ყველას სახე ჩამოსტირის.
-ეს ძველი არმიის ნაშთებია, მათ ყველაფერი დაკარგეს, მეგობრები, ძმები, ოჯახის წევრები, დაკარგეს საკუთარი მეფე, და დიდებული სვეტიცხოველი.
-სვეტიცხოველი?
-ხო.
-სვეტიცხოველი გინდ ყოფილა გინდ არა, ნახევრად ჩამონგრეულია.
-მათი ცხოვრების დასაწყისში კი მთელი იყო!
-ამათ მაინც არაფერი დაუშავებიათ.
-დამარცხდნენ, ეს კი მათთვის დანაშაულია, მათ ვერ დაიცვეს მეფე გიორგის სიცოცხლე, ვერ დაიცვეს ეკლესია-მონასტრები.
-გაიქცნენ?
-არცერთი მათგანი არ გაქცეულა! რას უნდა გაქცეოდნენ?
-სიკვდილს.
-როდესაც გავალთ ტყიდან მათ სახეებს კარგად დააკვირდი თორელო. ისინი წლებია სწორედ სიკვდილს ეძებენ, მაგრამ ეს ბედნიერება ჯერ არ სწვევიათ.
-მერე თავი მოიკლან.
-არა დემეტრე, თავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში  მოკვდეს.
-მე სახლში მშვიდი სიკვიდილი მსურს.
-შენ სულით მეომარი არ ხარ როგორც ჩანს.
-როგორ არა, უბრალოდ არ მწამს იარაღით შენარჩუნებული ძალაუფლების, ძალაუფლებას მხოლოდ სიმდიდრე შეგინარჩუნებს.
-ლანგ თემურსაც ჰქონდა სიმდიდრე და მოკვდა.
-მე თქვენი მეფეების სიმდიდრეზე კი არა ხალხის სიმდიდრეზე გეუბნები.
-დღეს მეფეც ისევე გაჭირვებულია, როგორც სხვა დანარჩენი.
-მას მიწები აქვს, შეუძლია გაყიდოს!
-გაყიდოს? მერედა ვის მიჰყიდოს? სადღა არიან შეძლებული დიდებულები, სიმდიდრე არასდროს ყოფილა ჩვენი ხვედრი - თქვა ალექსანდრემ.
-აბა ეს ხმალია სიმდიდრე? - ხელში გასინჯა ხევსურული დემეტრემ.
-დიახ.
-მოვა დრო და ხმალი ვეღარ დაგვიცავს, ბაგრატ მეფის წინააღმდეგ კოჭლმა თემურმა ზარბაზანი გამოიყენაო, რაღაც იარაღი რომელიც ცეცხლს ისვრის, მასთან ხმალი არ ჭრის.
-მაგ მეც ვიცი ბიძაჩემის, მეფე გიორგისგან. - თქვა ბატონიშვილმა.
-ხოდა მოვა დრო და ხმალი აღარ გაჭრის.
-ახლა ჭრის და შავბატკნიანებს დავჭრი ყელებს, როგორც ზვარაკად შეწირულ ბატკანს სჭრიან ჩვენში.
-ფრთხილად ბატონიშვილო, მათთან თამაში სახიფათოა, შენს უკან შენი სამეფოა, შენი შეცდომა შეიძლება მრავალი ქართველის სიცოცხლედ დაჯდეს.
-დაე დაჯდეს, ეგ კი ვიცი მათ მტკვარს აქეთ არ გადმოვუშვებ, მამაჩემი შეცდა ორიათასი კაცი სასაცილოა მათ წინააღმდეგ, შირვანელები და შაქელები არ არიან ომში საიმედონი.
-ღმერთმა დაიფაროს საქართველო.
-დაიფარავს!
-შეხედე ალექსანდრე მამაშენი.
ტყე უკვე თავდებოდა, მეჩხერდებოდა და სინათლეც კარგად აღწევდა. წინ მეფე კონსტანტინე მიიწევდა, უკან კი ორიათასი მრავალ ჭირ-ვარამ ნანახი ქართული მხედრობა.
-ცუდი წინათგრძნობა მაქვს.
-ნუ გეშინია ვერ გიცნობს.
-მაგის არ მეშინია, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ეს ადამიანები უკან ვერ დაბრუნდებიან.
-იმედია შენი შეგრძნებები არ გამართლდება.
-იმედია!
მხედრებმა ალგეთის ტყიდან იწყეს გამოდინება წინ ვრცელი მინდორი ქონდათ, მეფემ ანიშნა თავისიანებს და ცხენების ჭენებას მიჰყვნენ, დღის ბოლომდე უნდა ჩასულიყვნენ ელდარის ველზე, სიკვდილის ველზე.
უკვე შებინდებული იყო მტკვარს ორიათასი მხედარი რომ მიადგა. მათ მეწამული ფერის დროშები აღმართეს, რომელსაც შუაში თეთრი ალი ჰქონდა. ცეცხლის ალი, რომელიც დროშის პატრონთა ისტორიას გამოხატავდა. ამირანი, ხვამლის მთაზე მიჯაჭვული მითოლოგიური გმირი, რომელმაც ცეცხლი გამოსტაცა ღმერთებს და  კაცობრიობას უბოძა, მეწამული ფერი კი ალბათ ამირანის ღვიძლიდან წამოსული სისხლის ფერია. ეს დროშის მითოლოგიური განმარტება, რეალობა კი...
მზე ლიცლიცებდა, გარემოს ესალბუნებოდა, მალე ხომ მას ბნელი ღამე შთანთქავდა. ჩამავალი მზით გაწითლებულ ზეცას მხოლოდ ერთი ადამიანი შეჰყურებდა, ლოცულობდა და დახმარებას შესთხოვდა, ევედრებოდა მის ქვეყანას კიდევ დიდხანს ეხილა ამომავალი მზე, სანაცვლოდ კი საკუთარი თავის ძღვნად მირთმევას ჰპირდებოდა.
-მეფეო, მგონი დროა მტკვარი გადავლახოთ.
-მეფეო... მეფეო!
-ჰა.. რამე მითხარი?
-დღესვე უნდა გადავლახოთ მტკვარი.
-უთხარი რომ გაემზადონ.
-უკვე მზად არიან.
-კარგი, მაშინ წავიდეთ.
-მეფეო.
-რა იყო გლახო?
-კიდევ ხომ არ გვეცადა მოლაპარაკება?
-აზრი არ აქვს, შირვანელების და შაქელების გაცემას მოითხოვენ.
-შავბატკნიანები ჯერ არავის დაუმარცხებია.
-ლანგ თემურმა ვერაფერი გვიყო და ყარა-იუსუფმა რა უნდა დაგვაკლოს?
-ნახევარი ქვეყანა გაწყდა მეფეო, სვეტიცხოველი...
-კმარა - დაიღრიალა კონსტანტინემ.
-მეფეო.
-მისმინე, მე შავბატკნიანებს მუხლებში არ ჩავუვარდები, ნებით არ დავთმობ ჩემს მიწებს, შთამომავლობას თავს არ დავაწყევლინებ.
-შეიძლება შთამომავლობა აღარც დაგვრჩეს.
-სიკვდილი მირჩევნია მათ მონობას, საუბარი მორჩა.
კონსტანტინემ ალისფერ და ბაგრატიონთა დროშებს შეხედა, ღრმად ჩაისუნთქა და მტკვარში ცხენიანად შესცურა. ნაპირზე შაჰ შეიხი იბრაჰიმი და შაქის მმართველი სიდი ალი დახვდნენ.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეფეო კონსტანტინე - მიმართა იბრაჰიმმა.
-კეთილი და გამარჯვება ნუ მოგიშალოს ღმერთმა.
-იცოცხლე კარგია გამარჯვება, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ - თქვა სიდი ალიმ.
-იუსუფი სადღაც აქ ტრიალებს - თქვა იბრაჰიმმა.
-მერე ბანაკს რატომ არ იცავთ?
-გუშაგი ფხიზლად გვყავს.
-თქვენს გუშაგს ინათლებს თუ არა მაშინვე ძილი მოერევა და ნახევარ ჯარს ძილში ამოგიწყვეტენ.
-ჩვენი გუშაგები... - შეეწინააღმდეგა იბრაჰიმი.
-გუშაგიც ადამიანია, მიწათხრილები უნდა გაგეკეთებინათ. გაშრებიან თუ არა ჩემები მაშინვე დავიწყებთ მუშაობას.
-ჩვენ მათთან ბრძოლას ვაპირებთ და არა მიწის თხრას.
-მათ კარგად ვიცნობ, არაფერს დაერიდებიან, სიფრთხილეა საჭირო!
-თქვენი არ ვიცი და მე მათგან თავდასხმას არ ველი, ხვალ დილას შევუტიოთ და ეგ არის, მე ჩემს კარავში ვიქნები - თქვა იბრაჰიმმა, თავი დაუკრა და წავიდა.
-რაო მეფეო, რა თქვეს? - კითხა გლახომ.
-ძალიან უზრუნველი არის იბრაჰიმი, თავის თავზე და მის მხედრობაზე დიდი წარმოდგენა აქვს.
-ანუ?
-ანუ ამ ომს წავაგებთ. გავშრებით თუ არა სანგრების თხრა დავიწყოთ, გამთენიისას შეიძლება თავს დაგვესხან, თუ სიკვდილი გვიწერია, დაე ღირსეულად მოვკვდეთ და მეტი ურჯულო გავიყოლოთ იმ ქვეყნად.
-ვითომ დილით დაგვესხმებიან?
-მე რომ მათ ადგილას ვიყო ასე მოვიქცეოდი.
მთელი ღამე მუშაობდნენ, მეფე თავად თხრიდა თხრილებს და ამაღლებდა მიწაყრილებს, ცდილობდა მოესწრო დილამდე, მხოლოდ ორჯერ შეისვენეს რათა ეჭამათ და ძალები აღედგინათ. ნელ-ნელა ცა ღიავდებოდა, მალე გათენდებოდა, კონსტანტინემ შესვენება ბრძანა, მეომრები მიწაყრილებზე მიწვნენ.
-ალექსანდრე.
-რა იყო დემეტრე.
-დილით იქნებაო ომი, სადაცაა გათენდება.
-ხომ არ გეშინია?
-შიში რა მოსატანია, იქნებ კონსტანტინეს დაელაპარაკო? შეურიგდი სანამ ომი დაიწყებოდეს.
-არა! მე თუ აქ დამიგულა ვეღარ იბრძოლებს ისე როგორც სჩვევია.
-წვიმა დაიწყო.
-ვხედავ, წვეთებს მეც ვგრძნობ.
-იქნებ ხვალ ვეღარაფერი ვიგრძნოთ.
-თუ ვერ ვიგრძნობთ, მაგ უკეთესი იქნება, „ნეტარ მას კაცსა, ვინც არღარა ცოცხალ არს“.
-ხანძთელის ცხოვრება?
-ხო, იქ არის.
-არც მაშინ ყოფილა უკეთესი ვითარება.
-მასეა, ნეტავ თუ ოდესმე ჩავაგებთ ხმალს ქარქაშში.
-არამგონია მაგ დღე დადგეს, ქართველებს უქარქაშო ხმლები ესაჭიროებათ.
-ქარქაშში ვერცერთი ხმალი ვერ ჩაუეტევია მამაჩემს, რომელიც ბრძოლისას გამოუყენებია.
-მარტო ხმალი რას იზავს, მთავარია ერთიანობა, ჩვენს ლაშქარს კი მაგ აკლია, იბრაჰიმი და სიდი ალი თავისი მცირე ჰარემით არის აქ, ახლა თავიანთ ხარჭებთან ერთობიან ჩვენ კი მიწას ვთხრით.
-ნეტავი შენ, მაგის უშნო ხარჭას რომ ნატრულობ.
-შენ რა იცი როგორია? და კიდევ არ ვნატრულობ.
-ვიცი და მორჩა. რატომ არ ნატრულობ?
-მახინჯები არიანო ახლა არ თქვი.
-ეჰ დემეტრე დემეტრე, სიტყვებზე თამაშს ჯობია შეეშვა და ცოტა ღვინო მოიტანო.
-თავად მოიტანე.
-მე ბატონიშვილი ვარ.
-ბატონიშვილი თუ ხარ მეფეს სთხოვე და დამავალებს.
-დემეტრე - ხმას აუწია ალექსანდრემ.
-გისმენ? აბა დაივიწყე ჩვენი წარსულიო, უბრალო აზნაურები ვართო.
-კარგი ჯანდაბას, მე წავალ. ჩვენი სანოვაგე მდინარესთან არის.
ბანაკი ისევ არეული იყო, ყველაფერი აქა-იქ მიეყარათ, შაქელები და შირვანელები წესრიგს არ იცავდნენ. პირდაპირ გზაში ეძინად. ცხენებისთვის უნაგირები აეხსნათ და თავსადებად იყენებდნენ. ყველას ეძინა მხოლოდ ქართველები ფხიზლობდნენ, რომლებიც მიწათხრილებს აკეთებდნენ. ასევე ფხიზლობდა შირვანელების მბრძანებელი იბრაჰიმი, რომელიც თავის ხარჭასთან ერთად ნებივრობდა. იბრაჰიმის მცველები თავს ძლივს იკავებდნენ, ძილი ნელ-ნელა ერეოდათ.
ბატონიშვილმა კახური საფერავით სავსე პატარა ტიკი მოძებნა, ტუჩთან მიიდო და ყელი გაიგრილა. უცბად ღვინო დიდი ნაკადით წამოვიდა და ყელზე გაესხა. ალექსანდრემ ტიკით ხელში უკან გამობრუნდა. ნაბიჯი არ ჰქონდა გადაგმული რომ მის ფეხთან მიწაში ისარი ჩაერჭო. უკან მიიხედა და მისკენ მიმავალი ლანდები დაინახა, უფრო მოშორებით კი მდინარეში ცხენოსნები შეამჩნია.
-ქართველებო აქეთ, მტერი თავს დაგვესხა - დაიღრიალა ალექსანდრემ.
ქართველებს არც კი გაუგიათ ხმა, ამას მიხვდა ბატონიშვილი და სასწრაფოდ ბანაკის შუაგულისკენ დაიხია. მას თან მისდევდნენ შავბატკნიანები, რომლებიც გზად მძინარე შაქელებს და შირვანელებს უმოწყალოდ ხოცავდნენ. წამით წაიფორთხილა, ადგომისას ბუკს მოავლო თვალი, რომელიც მძინარე შაქელს ჩაებღუჯა. ხელიდან გამოგლიჯა, შაქელმა დაფეთებულმა გაახილა თვალები. ალექსანდრემ ბუკს შაჰბერა და მძინარენი შეაფხიზლა, დაფეთებულები წამოვარდნენ, იარაღს ეცნენ, თუმც აუკვე გვიან იყო, მათთან სიკვდილი მიჰქროდა.
-გლახო, რა ხმა იყო?
-ბანაკიდან ისმის მეფეო.
-ნუთუ უკნიდან დაგვიარეს და მტკვარი გადმოლახეს?
-მაგას როგორ შეძლებდნენ.
-შეძლეს და ეგ არის - კონსტანტინემ ცეცხლის ალი შენიშნა და განაგრძო - შეხედე ცეცხლი ავარდა.
-შაქელების და შირვანელების საქმე ცუდად იქნება - თქვა გლახომ.
-სირცხვილი მათი, მძინარეს დაჭრეს ყელები.
-რა ვქნათ?
-რა? რა და შევუტიოთ!
კონსტანტინე მიწაყრილიდან წამოდგა, თვალი თავის მხედრებს გადაავლო, მათაც შეემჩნიათ ცეცხლის ალები და ბუკის ხმაც გაეგონათ. ყველანი ფეხზე წამომდგარიყვნენ და მეფის ბრძანებას ელოდნენ.
ნიშანზე ყველანი ცხენებზე ამხედრდნენ და მეფის სიტყვას დაელოდნენ, ლოდინი დიდხანს არ მოუწიათ.
კონსტანტინემ მხედრებს მიმართა:
-მეომრებო ერთმა ბრძენმა თქვა „როცა იარაღი ჩლუნგდება და ფუჭდება, ძალები სუსტდება და სახსრები ილევა, თავადები შენს სისუსტეს გამოიყენებენ და შენს წინააღმდეგ წამოვლენ“ ის ცდება, ჩვენ ყველამ ვნახეთ რომ ის ცდება, ჩვენ გამოვიარეთ თემურ ლენგის დრო, ჩვენ გამოვიარეთ დრო, როდესაც ხალხი სახიზარებიდანაც კი იხიზნებოდა და ჩვენ გადავრჩით. ჩვენი თანამოძმეების დიდი ნაწილი დაიღუპა, ჩვენი საამაყო სვეტიცხოველის გუმბათი კი ლანგმა დააქცია, ეს ყოველივე თქვენ კარგად იცით, ისიც იცით რომ თუ ყარა იუსუფმა თავისი შავბატკნიანებით მტკვარს გაღმა განაგრძო გზა, ქვას ქვაზე აღარ დატოვებს. იმ ბრძენმა თქვა: თავადები შენს წინააღმდეგ წამოვლენო, ის შეცდა! იმიტომ რომ არცერთ ქართველს არ უღალატია ქვეყნისთვის. ყველანი აქ ხართ ჩალაღანის ველზე, სიკვდილის ველზე, დღეს აქ ჩვენი სისხლი დაიღვრება, ჩვენი სიცოცხლე დაილევა იუსუფ ხანი კი მიზანს ვერ მიაღწევს, დღეს გვაქვს შანსი ვიძიოთ შური ათასობით დაღუპული ქართველისათვის, სვეტიცხოველისთვის და ჩემი ძმის თურქმანებთან ბრძოლისას გმირულად დაღუპული მეფე გიორგისთვის, ან გამარჯვება ან სიკვიდილი მეომრებო, მომყევით - დაიღრიალა კონსტანტინემ და თურქმანებს შეუტია.
ზვავით მიაწყდნენ ქართველები ბრძოლის ველს, არაფერს არ ერიდებოდნენ, ყველაფერს ჩეხდნენ, კლავდნენ, ანადგურებდნენ. პირველი ვინც კონსტანტინემ მოკლა ეს გაქცეული შირვანელი იყო, რომელიც უკან თხრილებისკენ გარბოდა. მისი მოკვლის შემდეგ, სვლა არ შეუნელებია, მხედველობა დაძაბული ქონდა, ჯერ კარგად არ გათენებულიყო. რამდენი ქართველი ვერ ეღირსებოდა მზის ამოსვლას...
-კონსტანტინე! - დაიყვირა ბარათაშვილმა.
-რა მოხდა?
-მიწაყრილისკენ გაიხედე.
-ახი მაგაზე!
-დახოცეთ ყველა, ვინც უკან დაიხევს! - დაიღრიალა კონსტანტინემ.
შირვანელები აირივნენ და უკან დახევა იწყეს, ან ვინღა დარჩებოდა ბრძოლის ველზე, როდესაც დაინახეს როგორ გარბოდა შირვან შაჰ შეიხი იბრაჰიმი, როგორ ჩავარდა თხრილში და მოიტეხა ხელი, ისიც კარგად დაინეხეს მეომრებმა, ხელმანდილი როგორ ჩააბა შავბატკნიანმა მებრძოლმა და დაატყვევა მათი სარდალი. სიკვდილს ტყვეობა არჩიეს, თუნდაც სამარცხვინო ტყვეობა და ბრძოლით ნელა უკან დახევის ნაცვლად, მტერს ზურგი აქციეს და გაიქცნენ. მაგრამ არ გაუმართლათ, ქართველებმა უმოწყალოდ დაიწყეს გაქცეულთა ხოცვა, ნაწილი შირვანელებისა ისევ ბრძოლის ველისკენ გაბრუნდნენ.
ალექსანდრემ მას შემდეგ რაც ბუკში ჩაჰყვირა, უკან გაბრუნდა და ბრძოლა დაიწყო, მის წინ სამი შავბატკნიანი თურქმანი აიტუზა, ორმა გვერდებიდან დაუარა, ალყაში მოქცევა გადაწყვიტეს. ბატონიშვილმა ფეხში ჩამალული პატარა დანა ამოიღო და მის წინ მდგომს ესროლა, შემდეგ მარჯვნივ შებრუნდა და შავბატკნიანს მუცელში ჩაარტყა ხმალი, შემდეგ მისკენ მომავალი მესამე თურქმანი დაინახა, რომელმაც ხმალი მოუქნია, ალექსანდრე გადაიხარა და  მოქნეული ხმალი აიცდინა თუ არა გასწორდა და თავისი მოუქნია. ბატონიშვილის ხმალმა არტერია გაჭრა, თურქმანს ყელიდან  სისხლი თქრიალით წამოუვიდა.
ბრძოლა ნელ-ნელა შენივთდა, შაქელები და შირვანელები ან დაატყვევეს ან დაიხოცნენ, ქართველების უმეტესობაც გაწყდა. შავბატკნიანებმა უკან დაიხიეს მდინარისაკენ. კონსტანტინემ გადარჩენილები შეაგროვა სულ სამასამდე იქნებოდნენ.
-შენ, ექიმთან მიდი სისხლი გდის - მიმართა მეფემ მეომარს.
-ხმა ამოიღე მეფე რომ გელაპარაკება - შეუღრინა იქვე მყოფმა ბარათაშვილმა.
იქვე ბედად დემნა გამოჩნდა.
-აპატიეთ ბატონო, დაჭრილია - მიმართა მან ბარათაშვილს.
-თვალები! ახლოს მოიწიე. - მიმართა კონსტანინემ.
-ჩემს თვალებს ყოველთვის ცნობდი მეფეო - თქვა და მიმაგრებული წვერი მოიგლიჯა.
-შეცვლილხარ.
-ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად გნახეთ მეფეო.
-აქ რატომ ხარ?
-იმავე მიზეზით რატომაც თქვენ!
-ჩვენ აქ განწირულები ვართ სიკვდილისათვის.
-არასდროს მშინებია სიკვდილის.
-არც არავის უთქვამს რომ გეშინია.
-წამოგეყვანა უფრო მეტი მეომარი და არ იქნებოდი ესეთ დღეში.
-მე რომ ყარა იუსუფს ხალხი შევაწყვიტო, მერე ვინ დაიცავს სამეფოს?
-თუ წამოიყვანდი მთელ მხედრობას, დაამარცხებდი მტერს.
-თქმა მარტივია შესრულება რთული. ყველა შედეგი უნდა გაითვალისწინო, მე გავითვალისწინე.
-და მერე რა მოიფიქრე? ამათი დახოცვა? - ხელი გაიშვირა ალექსანდრემ მეომრებისკენ.
-მათ მაინც ვერ ვძლევდით. მთელი მხედრობა რომც წამომეყვანა. რომ დავმარცხებულიყავით ისინი თბილისს შეუტევდნენ. ახლა კი ვერ გაბედავენ, შეეშინდებათ, იფიქრებენ რომ აქ სადმე მყავს მეომრები ჩასაფრებული და უკან გაბრუნდებიან.
-თუ არ გაბრუნდებიან?
-თუ არ გაბრუნდებიან? მაგიტომ უნდა დარჩენილიყავი მესხეთში. შენი აზრით იმდენად უგულო ვარ რომ ერთადერთი ვაჟის შეურიგებლად შემეძლო სიკვდილი? მე რომ შეგრიგებოდი მაშინ არ დაიშლიდი და ამედევნებოდი, აკი მალულად მოხვედი აქ და იბრძვი. შენ აქ არ უნდა იყო!
-ბარემ ლეჩაქი დამახურე. დღეს აქ მთელი საქართველო უნდა იდგეს!
-მე დღეს საქართველოს დაღუპვის მიზეზი ვერ გავხდები, ვერც შენი.
თქვა და გლახოს ანიშნა. მანაც ხმალის ტარი თავში ჩაარტყა და გათიშა უფლისწული. ამაზე დემეტრე განრისხდა და გლახოს მივარდა, თუმცა ისიც გათიშეს.
-რას მიბრძანებთ ბატონო?
-ამათი გაყვანა შეუძლებელია, თხრილებში გადაიტანეთ გვამების ნაწილი, მათ შორის ეს ორიც, ისე ქენით რომ მკვდრები ეგონოთ.
-მეფეო რა ვქნათ? - ჩუმად კითხა ბარათაშვილმა.
-რა უნდა ვქნათ? ჩვენ სიკვდილი არ აგვცდება, ჯობია დღეს მოვკვდეთ ვიდრე ჩვენი სახელები ჩვენს შთამომავლებს საწყევრად გავუხადოთ.
-ალავერდელი მღვდელია აქ ერთი, იქნებ აღსარება გვეთქვა  და ზიარებაც მიგვეღო.
-ახლა მაგის დრო არ არის წუთი წუთზე შემოგვიტევენ. დაღუპულებს აუგოს წესი.
-კარგით. - თქვა, თავი დაუკრა და გაცლა დააპირა.
-ბარათაშვილო! - დაუხაძა კონსტანტინემ.
-დიახ, მეფეო!
-ჩვენი სახელებიც მოიხსენიოს!
-ჩვე... - ხმა გაუწყდა, შემდეგ კი დაბალი ხმის უთხრა - დიახ ბატონო, გადავცემ.
-გლახო.
-რას მიბრძანებთ მეფეო?
-ახალი ხმალი მომართვი და ღვინოც.
-ახლავე.
რამდენიმე წამში ახალი ხმალი და ღვინო მიართვეს მეფეს, მან საკუთარი ხელით დაისხა ფიალაში ღვინო. ბეჭედი გადაატრიალა და შიგ თეთრი ფხვნილი ჩაყარა.
-რას აკეთებთ მეფეო არ გინდათ.
-ეს საჭიროა, სამარცხვინო ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია, არავინ იცის რა მოხდება, თუ დავიჭრები შეიძლება ტყვედ ჩამიგდონ, თან ჩემი სიკვდილი მისწრება იქნება ჩემი ქვეყნისთვის.
-რას ბრძანებთ მეფეო!
-მასეა, მასე. ის ბრძენი მართალი იყო „როცა იარაღი ჩლუნგდება და ფუჭდება, ძალები სუსტდება და სახსრები ილევა, თავადები შენს სისუსტეს გამოიყენებენ და შენს წინააღმდეგ წამოვლენ“-ო, აქ არ გახლავს ივანე ჯაყელი, მან ალექსანდრე შეიფარა. ბევრი თავადი არ არის აქ დღეს. ჩემი სიკვდილი კი გააერთიანებს საქართველოს, ყველანი ალექსანდრეს დაუჭერენ მხარს.
-და ესენი? ესენიც უნდა დაიღუპნონ?
-მე არავისთვის დამიძალებია აქ წამოსვლა.
-და მაინც...
-მეომრებო, ყველა თქვენგანი გამითავისუფლებია ვალდებულებისაგან, თქვენ შეგიძლიათ თხრილებისკენ დაიხიოთ უკან, შორიდან დაუაროთ და საქართველოში დაბრუნდეთ - დაიძახა ხმამაღლა კონსტანტინემ.
წინ რამდენიმე დიდებული გამოვიდა, ერთ-ერთმა უკვე გაჭაღარავებულმა თავადმა ხმა აღიმაღლა.
-მე აქ ვრჩები! - მეომრებს გადახედა და განაგრძო - მე ერთხელ უკვე დავბრუნდი გმირულად დაღუპული მეფის გვამით თბილისს. ის ხელებში ჩამაკვდა, არ მსურს კიდევ ერთი მეფის სიკვდილს მოვესწრო, თქვენ თუ სიკვდილი გიწერიათ ჩალაღანის ველზე, მეც თქვენს ბედს გავიზიარებ.
ყველამ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და ერთად დაიგუგუნა.
-დიდება მეფე კონსტანტინეს! დიდება საქართველოს!
-დღეს შენს გაზრდილს, მეფე გიორგის ნახავ მოხუცო, თქვენც შეივსეთ და იმათი სადღეგრძელო იყოს ვინც ლანგის ლაშქრობებს შეეწირა.
თქვა და ფიალა გამოსცალა. ცოცხლად დარჩენილმა სამასამდე მეომრებმაც დასცალეს ფიალა.
კონსტანტინე   თეთრ ცხენზე ამხედრდა. თეთრი დილით იყო ბრძოლის დაწყებამდე, ახლა სისხლით შეღებილიყო.
კონსტანტინემ უკან მოიხედა, სამასივე ამხედრებული ელოდა. გადაწყვიტა მიემართა მათთვის.
-ერთხელ უკვე შემოგთავაზეთ უკან დახევა, პასუხიც ღირსეული მივიღე! ყარა იუსუფს სურს მივეახლო, დავუჩოქო, მორჩილება გამოვხატო. მე კი მხოლოდ ხატის წინ ვიჩოქებ, ისევე, როგორც თქვენ. ყოველთვის მქონდა სათქმელი თქვენთვის, ახლა არაფერი მაფიქრდება, იქ დავილაპარაკებთ! მანამდე კი შავბატკნიანთა სისხლით გავძღებით, მომყევით უკეთეს ადგილას წაგიყვანთ ვიდრე ეს სამყაროა.
შავბატკნიანთა ურდო ბანაკის გარშემო გაშლილ ველზე ელოდა თავის მსხვერპლს. ჯარს რომელიც რკალად იყო დაწყობილი თავად უისუფ ხანი და მისი ვაჟი ფირბუდაყი ხელმძვანელობდნენ. მათ წინ კი ნელი სვლით მიაბიჯებდა სამასი ქართველი თავად-აზნაური, თავიანთ მეფესთან ერთად. ყველას ხმალი დაეშვა, მოდუნებულები იყვნენ, მეფის ბრძანებით.
სამასი მეტრიღა იქნებოდა დარჩენილი ქართველებმა სვლა შეანელს.
-მეომრებო, საუკუნეების წინ სპარტას სპარსელები შეესივნენ, სპარტის მეფე ლეონიდასი თერმოპილეს ხეობაში სამასი მეომრით შეეგება სპარსელებს, მაშინ ის მეომრები დაიხოცნენ, თუმცა უკვდავები გახდნენ, რადგანაც ჩვენ დღეს მათი ისტორია ვიცით, მათი თავგანწირვა თავიანთი სამშობლოსათვის ისტორიამ შემოგვინახა, მე დღეს მხოლოდ ერთ რამეს გპირდებით, უკვდავებას! მეომრებო გაიღიმეთ და წინ საიქიოსკენ, წინ უკვდავებისკენ! - ცხენი ყალყზე შეაყენა, დაიღრიალა კონსტანტინემ და მტერს შეუტია.
და ბრძოლა იყო ფიცხელ...
იბრძოდნენ, როგორც „უშიში ვითარცა უხორცო“
ბრძოლის ბედი რაოდენობამ გადაწყვიტა, ბრძოლამ ერთ საათს გასტანა, თავდაუზოგავად იბრძოდნენ, მაგრამ მათი რაოდენობა მცირდებოდა. ბოლოს მძიმედ დაჭრილი და მომაკვდავი კონსტანინე იუსუფ ხანის კარავში შეიყვანეს.
-როგორ გრძნობს თავს დიდებული მეფე? - იკითხა იუსუფმა ქართულის მცოდნე სპარსის დახმარებით.
-ისე, როგორც შეჰფერის, მტრის ხელით კვდება. - თქვა და სუნთქვა შეეკვრა, იგრძნო საწამლავი მოქმედებდა.
-ეგეთი სიკვდილი სასახელო არ არის მაინცდამაინც.
-არის! მე მტერი მკლავს, მოსისხლე მტერი, შენ კი შენივე შვილები მოგკლავენ, მაშინ როდესაც მშვიდად დაიძინებ. - მიმართა იუსუფ ხანს.
ეს კი აღარ თარგმნა სპარსმა, დაფრთხა. მაგრამ ფირბუდაყმა ქეჩოში წაავლო ხელი და ხმალი მოუღერა. სპარსმა ნათქვამი თარგმნა.
გაფითრებულმა მამა-შვილმა ერთმანეთს შეხედეს...
ფირბუდაყმა ზიზღით შეხედა კონსტანტინეს, მხლებლებს ანიშნა და დააჩოქებინა დაჭრილი მეფე.
ხმალმა იელვა, ძირს კი  თავი გაგორდა...
 
ავტორი: გურამ ხარშილაძე
ფოტო პროექტიდან "გააგრძელე საქართველოს ისტორია", ფოტოს ავტორი: ვანო ფიცხელაური.
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.