ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
თმოგვის ციხე-ქალაქი
სამცხე ჯავახეთი

თმოგვის ციხე-ქალაქი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", "მატიანე ქართლისა", დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, სუმბატ დავითის ძის "ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა", "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", ბერი ეგნატაშვილის "ახალი ქართლის ცხოვრება", იოანე შავთელის "გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი", XV-XVI სს-ის ისტორიული საბუთები, "ცხოვრება საქართველოისა", არჩილის "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა, XVI-XVIII სს-ის თურქული წყაროები, იოჰან გიულდენშტედტის "მოგზაურობა საქართველოში" 

მდებარეობს ასპინძის მუნიც-ში, ასპინძიდან სამხრეთით 25-ოდე კმ-ის დაშორებით, მდ მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

წყაროებში თმოგვის ციხე პირველად იხსენიება 914 წლისათვის. არაბთა სარდალი აბულ-კასიმი სამცხე-ჯავახეთში ლაშქრობის თმოგვის ციხეს მიადგა, მაგრამ იხილა რა მისი სიმტკიცე, აიყარა და ყველის ციხეზე გაილაშქრა, ბაგრატ III-ს თავისი მამიდაშვილები, კლარჯეთის ხელმწიფეები სუმბატი და გურგენი შეუპყრია და გამოუმწყვდევია თმოგვის ციხეში, სადაც ისინი 1011-1012 წწ. გარდაიცვალნენ. XI ს-ის თმოგვის მფლობელია ფარსმან თმოგველი. ბაგრატ IV-ის დროს, კლდეკარის ერისთავთ-ერისთავის ლიპარიტის განდგომისას, ფარსამან თმოგველს ლიპარიტის მხარე დაუჭერია და მასთან ერთად დამარცხებულია. მეფისა და ერისთავების შერიგების შემდეგ ფარსმანი კვლავ ფლობდა თმოგვს. ის 1065 წ. დაღუპულა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1073 წ. გიორგი II-მ თმოგვი უბოძა განდგომილ ფეოდალ ნიანია ქვაბულის ძეს. ნიანიას გარდაცვალების შემდეგ თმოგვს მისი შვილი კახაბერი განაგებდა. 1089 წ. მომხდარი მიწისძვრის დროს თმოგვი დაიქცა. კახაბერ ნიანიას ძე ცოლითურთ ნანგრევებში მოყოლილა. 1178 წ. გიორგი III-მ თმოგვი უბოძა მსახურთუხუცეს აფრიდონს. დიდგვაროვანთა მოთხოვნით თამარმა გადააყენა გიორგი III-ის დროს აღზევებული პირები, მათ შორის, აფრიდონიც. თმოგვის ახალი პატრონი ამირსპასალარი გამრეკელ-თორელი გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1191 წ. თამარმა თმოგვი გადასცა მხარგრძელთა ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელს, სარგის ვარამის ძეს. სარგისი და მისი შთამომავლები ამიერიდან თმოგველებად იწოდებოდნენ. 1205 წ. რუმის სულთან რუქნადინის წინააღმდეგ ბასიანთან გამართული ბრძოლის დროს თმოგვის პატრონი თაყაიდინ თმოგველია. 1234-1235 წწ. თმოგველი ისევ სარგისია, რომელიც კოხტასთავის შეთქმულებაშიც იღებდა მონაწილეობას. ის დავით ლაშას ძეს (ულუს) ახლდა ჯერ ვოლგისპირეთში, ბათო ყაენთან, შემდეგ ყარაყორუმში დიდ ყაენთან. 1283 წ. თმოგვი კვლავ მიწისძვრას დაუნგრევია. XIV ს-ის შუა ხანებიდან თმოგველები იქიდან წასულები ჩანან. 1350-1393 წწ. თმოგვს ფლობენ მურვან კვითხის ძე და მისი შთამომავლები. შემდგომში თმოგვი ათაბაგ ივანეს, რჩეულაშვილებს ან ამატაკიშვილებს უკავიათ. ის XVI ს-ში ჯერ კიდევ ქალაქია. იმ პერიოდში თმოგვის მფლობელად შალიკაშვილები გვევლინებიან. 1553 წ. შაჰ თამაზმა ილაშქრა რა სამცხე-ჯავახეთში, თმოგვი ქაიხოსრო ათაბაგს გადასცა. შემდგომ მანუჩარ ათაბაგმა თმოგვი წაართვა განდგომილ ფეოდალ კიკოლა შალიკაშვილს. 1578 წ. ჩილდირის ტბასთან გამართულ ბრძოლაში ოსმალებმა დაამარცხეს ქართველთა და ყიზილბაშთა ჯარი. ოსმალებმა სამცხე-საათაბაგო დაიკავეს. მანუჩარ ათაბაგი იძულებული გახდა თმოგვი ოსმალთათვის გადაეცა. ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფის შემდეგ თმოგვი შედიოდა ახალქალაქის ლივაში (გურჯისტანის ვილაიეთის). XVIII ს-ის პირველი ნახევრისათვის თმოგვი უკვე დაბა იყო. რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, 1829 წ. ადრიანოპოლის ზავით თმოგვი კვლავ საქართველოს შემოუერთდა.

თმოგვი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
1953 წ. თმოგვის ციხის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შემთხვევით აღმოჩნდა XI ს-ის ბიზანტიური სპილენძის მონეტა, რომელიც მპოვნელს დარჩა. 1962 წ. თმოგვის ნანგრევებთან ასევე შემთხვევით აღმოჩნდა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე IX-ს სპილენძის მონეტა, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
 
ციხე-ქალაქი აგებულია ერუშეთის მთის ერთ-ერთ განშტოებაზე. სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ციხე მიუდგომელია. დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ჩამოუდის ორი ხეობა. კლდის თავზე შემორჩენილია ციხის ნანგრევები და ზღუდე-ბურჯები, ფერდობი ნაქალაქარსა და სასაფლაოებს უკავია. რელიეფის შესაბამისად ზღუდეები სხვადასხვა სიმაღლეზეა აგებული. დასავლეთით კლდის დამრეც ფერდზე ციხის კედელ-ბურჯებია ამოშენებული. შუა კედელი საბრძოლო დანიშნულებისაა. ქვედა - რამდენიმე ნაგებობას საზღვრავს და სამხრეთ-აღმოსავლეთით მიბჯენილია გამოქვაბულთან, რომელიც გვირაბით დაკავშირებულია ციხის ზედა ნაწილთან და ქვემოთ მტკვართან. კლდის თხემის ცენტრი უკავია ნაგებობებს, რომელთა ნაწილი ციხის ზედა კედელზეა მიშენებული. ნაგებობები თხემის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარესაც გვხვდება. აქვეა შემორჩენილი ორი ღრმა ორმო წყლის მარაგისათვის. თხემის ცენტრში ბაზალტის ცოკოლზე ტუფის გათლილი კვადრებით ნაგები სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევებია, რომელიც დარბაზული ტიპის ეკლესია უნდა იყოს. ციხეს ორი შესასვლელი აქვს. ერთი სამხრეთიდან, მეორე ჩრდილოეთიდან, დასავლეთი და აღმოსავლეთი ხეობების შემაერთებელ უნაგირთან. კარიბჭე აქ ორსართულიანია. პირველი სართული შედგება გასასვლელისა და მის გვერდით მოთავსებული ოთახისაგან, მეორე სართული პატარა გოდოლია. თმოგვში ძირითადად ორი სამშენებლო პერიოდი გამოიყოდა, თავდაპირველი მშენებლობის ფენაა ტუფის გათლილი კვადრებით წყობა, ერთნაირი სიმაღლის რიგებით. ასეა აგებული ციხის კედლების მხოლოდ ქვედა ფენა. მეორე, მოგვიანო ხანის სამშენებლო ფენაში გამოყენებულია უხეშად დამუშავებული ფლეთილი ქვა. ნახევარწრიული მოყვანილობის მასიური ბურჯები ზღუდის კედლის გასწვრივ თანაბარი მანძილითაა ერთმანეთისაგან დაშორებული. ციხის ცენტრიდან მტკვრის ნაპირამდე გაყვანილია კამაროვანი გვირაბი, რომელიც ციხესთან აერთებს მტკვრის ზემოთ, ძნელად მისადგომ სიმაღლეზე გამოკვეთილ ქვაბთა კომპლექსს.

ციხის კედლების გარეთ ორი ეკლესიაა. დასავლეთით, ხევში წმინდა ეფრემის კლდეში ნაკვეთი ეკლესიაა. მცირე ზომის ეკლესიის კედლებზე ჩამოჭრილია თაღები. კანკელი კლდის მასივშია გამოკვეთილი, ეკლესიას აქვს ნახევარწიული თაღოვანი სამრეკლო. მეორე ეკლესია გუმბათიანი ყოფილა. მორღვეულ საკურთხეველში XIII ს-ის კედლის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი.
 
ნაქალაქარი მტკვრის ორივე მხარესაა, სადაც გვხვდება კლდისა და ქვის საცხოვრებელი ნაგებობის ფრაგმენტები, ნაქალაქარზე შემორჩენილია დანგრეული სასახლე. ნანგრევებში გამოირჩევა არქიტრავი, სარკმლის თავი მასზე ამოკვეთილი წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვრით. სასახლე ნაგებია ტუფის გათლილი კვადრატებით. ის თმოგვის ძველი კედლების მსგავსად უძველეს ფენას მიეკუთვნება.
 
 
მტკვრის მარჯვენა მხარეს, მდინარის მაღლა, მოვაკებულ ფართობზე მეორე სასახლეა, რომელიც ოთხ ნაგებობას მოიცავს. სამი ნაგებობა ერთმანეთის გვერდითაა განლაგებული. მათგან ჩრდილოეთით აბანოა. პირველი ნაგებობა სამოთახიანია, 100-120 კვ მ ფართობით, ოთახებს ცალკე შესასვლელები ჰქონია. მეორე შენობა 300 კვ მ ფართობის მქონე სასახლეა. ის ორსართულიანი ყოფილა. მესამე ნაგებობა ერთი ვრცელი სათავსოა, 300 კვ მ ფართობით. შენობები ნაგებია ფლეთილი ქვებით კირხსნარზე. სასახლის კედლების წყობა ანალოგიურია თმოგვის ციხის გვიანდელი წყობისა და XIV ს-ის შუა ხანებით თარიღდება. აბანო ნაგებია ქვითა და აგურით კირხსნარზე და სამი განყოფილებისაგან შედგება. მისი კამარები ჩამონგრეულია.
 
შუა მდინარეში, ლოდზე ხიდის ბურჯის ქვიტკირის ფრაგმენტია შემორჩენილი. მისი ნანგრევები მდინარის ნაპირზეცაა. ხიდი გადებული ყოფილა ორ სასახლეს შორის და სასახლეს აკავშირებდა ციხესა და ქალაქთან. მეორე ხიდი ტრანსპორტისათის ყოფილა განკუთვნილი, ის ქვემოთაა და ქალაქის ორივე ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებდა. ნაქალაქარის თავზე, ციხის ძირში რამდენიმე გვიანდელი სამაროვანია.
 
1953 წ. თმოგვის აღმოსავლეთით, ზღუდის ქვემოთ აღმოჩნდა 1350 წ. დათარიღებული ხუთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომლის მიხედვით 1350 წ. მეფეთ-მეფე დავით IX -ის ბრძანებით თმოგვის ზღუდის მშენებლობა დაუწყია ვარძიელ საწოლის-მწიგნობარ მურვან კვითხის ძეს.
 
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვა).
 
ავტორი: გურამ ხარშილაძე
 
 
ფოტო: ბადრი ვადაჭკორია და ლაშა გაბელია
 
 

 

ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.