ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
საჩხერე
იმერეთი

ქალაქი დასავლეთ საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს მდინარე ყვირილის ნაპირზე, საჩხერის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქალაქის ძირითადი ნაწილი გაშენებულია მდინარის მარჯვენა ნაპირის სუსტად დახრილ ტალღოვან ფერდობზე, ზღვის დონიდან 500-550 მეტრ სიმაღლეზე, მანძილი თბილისიდან საჩხერემდე საავტომობილო გზით 165 კმ, ხოლო რკინიგზით ზესტაფონის გავლით 232 კმ. ქალაქი მდებარეობს გომი-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.

საჩხერეში ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +11,70ც, იანვრის +0,40ც, ივლისის +200ც. აბსოლიტური მინიმუმი -240ც. აბსოლიტური მაქსიმუმი +370ც. ნალექები 900 მმ წელიწადში.

საჩხერე, როგორც დასახლებული პუნქტი, ხვჳჳ საუკუნიდან ფიგურირებს; ტერიტორიულად საჩხერე მდებარეობდა აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოსაკენ მიმავალ გზაზე, რომელიც „ჭერათხევის“ ხეობით კვეთდა  ლიხთ-იმერეთის მთას; ფრანგი მოგზაური შარდენი და ევროპელი მისიონერები თავიანთ ჩანაწერებში მიუთითებდნენ სწორედ ამ მარშუტს, რომელიც ინდოეთიდან და ირანიდან მომავალ სავაჭრო გზას წარმოადგენდა და საქართველოს გულს, თბილისს, იმერეთის სამეფოსთან და შავი ზღვის სანაპიროებთან აკავშირებდა.

დაბა საჩხერე იმთავითვე მნიშვნელოვან პუნქტად იყო ცნობილი მთელი ზემო იმერეთის მოსახლეობისათვის, აი, რას წერდა იაკობ გოგებაშვილი საჩხერის შესახებ 1912 წელს: ,,ზემო იმერეთში... შესანიშნავი დაბა არის საჩხერე, სადაც წელიწადში ერთხელ და დიდს პარასკევს გაიმართება ხოლმე დიდი ვაჭრობა, იარმუკა. ისტორიულ წყაროებში საჩხერეს ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათების გარდა, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც წარმოაჩენს: ,,კვალად ჯრუჭის სესართავს ზეით, ყვირილას სამხრით კიდეზედ, არს საჩხერე. მოსახლენი არიან იმერნი, სომეხნი, ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ”. სახლხური ტრადიციული გადმოცემა საჩხერეს რატომღაც სიტყვა ,,ჩხირს” უკავშირებს: ,,საჩხერის რაიონი უფრო თიანია. უწინდელ დროში ყოფილა დოუსახლებელი. მერე აჭარიდან გამოქცეული გლეხი მოსულა, გვარათ გოგიბაძე... საჩხერეს სახელი არ ერქვა მაშინ. რაღაი აჭარიდან იყო გამოქცეული, გედითქვა გვარი, დეითქვა მაჭარაშვილი, დეიწყო ცხოვრება... მეფის მონადირეებმა მოახწიეს ამ დიდ თებს. ნახეს ერთი კარამი (-კარავი), მივიდენ ამ მაჭარაშვილთან, ღამე გეითიეს. რო დაბრუნდენ. მეფეს მოახსენეს: მისთანა ადგილას ნავხეთ კაცი, რომ ჩხირი არ აკლიაო. ამის მერე დაარქვეს ჩვენ ხარეს საჩხერე”.

ნ.კეცხოველი საჩხერეს წარმოშობას შეფარვით უკავშირდებდა მეგრულ ჩხერ-სიტყვას; დაჩხერვა მეგრულად ,,ღომის დაცეხვას’ ნიშნავსო. ამ ვარაუდთან ერთად ნ. კეცხოველი საჩხერეს მდ. ჩიხურას სახელთანაც უძებნიდა საერთოს: სა-ჩიხურ-ე ყვირილას ხეობის სიძველეთა ცნობილი მკვლევარი არქეოლოგი ჯურხა ნადირაძე შესაძლებლად თვლის სახელწოდება საჩხერისა და უძველესი ტოპონიმის ჩიხას ურთიერთ კავშირს, რაკიღა არგვეთის ერისთავთა რეზიდენციად ადრეფეოდალურ ხანაში ჩიხა იყო ცნობილი. მატიანე ქართლისასი ეს პუნქტი ხშირად იხსენიება გიორგი ჳ მეფის (ლეონის ძის) და მისი მეუღლის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ერისთავი ჩიხისა... და შთააგდეს... ზღუასა... მაგრამ, არა გვგონია ამ ქალაქს რაიმე საერთო ჰქონდეს გვიანდელი წარმომავლობის საჩხერესთან. უკანასკნელ ხანს გამოითქვა კიდევ ერთი, ადრინდელთაგან სრულიად განსხვავებული, თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც საჩხერე თურმე ,,საჩხარე’ ტერმინისაგან ყოფილა წარმომდგარი: ,,საჩხარე გზა’, ,,ჩხარისაკენ მიმავალი გზა”.

 

ტოპონომი საჩხერე აშკარად სა-ე აფიქსით არის გაფორმებული. იგი ისევეა წარმოქმნილი, როგორც სა-ფურცლ-ე, სა-ფიჩხულ-ე და ა.შ. ტოპონიმის საყრდენი სიტყვაა ჩხერ-ი, რომელიც ქართული ენის დიალექტებში  სხვადასხვა მნიშვნელობით არის დადასტურებული. ჩხერ- სიტყვის ორი მნიშვნელბა თვით ზემოიმერულ კილოს შემოუნახავს. ერთია ,,ჩანჩქერი”, ,,წყალვარდნილი”, ,,ჩქერი”, ხოლო მეორეა ,,თევზის დასაჭერი მახე”, ,,ფაცერი”. ეს უკანასკნელი მნიშვნელობა დღესაც ცოცხლად არის დაცული ზემოიმერულ დიალექტში: ,,ჩვენ ხვადაბუნში, სადაც დავაკდებოდა ყვირილა, წინეთ უგებდნენ ჩხერს და ამიტომ დაერქვა ამ ადგილეფს საჩხერე” (ქეთ. ძოწენიძე, ზემოიმერული კილოკავი, თბ., 1973, გვ. 418). შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ძველი რაჭის მოსახლეობა საჩხერეს კრებითობა-სიმრავლის აღმნიშვნელი საჩხერეთ- ფორმით მოიხსენიებდა: ,,სავაჭროთ უნდა წევიდეთ საჩხერეთ- ჩიხაში”. აშკარაა, რომ საჩხერეთი ჩხერმრავალ, წყლის ჩანჩქერებიან მხარედ მოიაზრებოდა.

მეფე-პოეტ არჩილის ნაწარმოებ „თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასებაში“ საჩხერე წარმოდგენილია აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელ პოლიტიკურ ხიდად, რასაც ის განაპირობებდა, რომ საჩხერელი წერეთლები იმერეთის სამეფო კარზე დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდნენ. საინტერესოა ერთი დეტალი ზემოთ ხსენებული ნაწარმოებიდან: XVII საუკუნის დამდეგს შაჰ-აბაზისაგან ლტოლვილმა კახეთისა და ქართლის მეფეებმა, თეიმურაზ პირველმა და ლუარსაბ მეორემ თავიანთი მხლებლებით გარკვეული დრო წერეთლებთან დაჰყვეს და შემდეგ იმერთა მეფის – გიორგი მესამის მიწვევით ქუთაისისკენ განაგრძეს გზა.

ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, საჩხერე, როგორც დასახლებული პუნქტი, მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს ყოფილა გაშენებული. დღევანდელი საჩხერე კი, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, ოთხი საუკუნეა, რაც ყვირილას მარჯვენა სანაპიროზეა, იგი ზღვის დონიდან 440 მ. სიმაღლეზეა (რკინიგზის სადგურის ტერიტორია). ისტორიულ  წყაროებში პირველად XVII ს. იხსენიება. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში, საჩხერე დაწინაურებული სავაჭრო პუნქტი იყო, საჩხერეში არის კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები. (ღვინისა და საკონსერვო ქარხნები, ბამბის სართავი ფაბრიკა აღარ ფუნქციონირებს), ადგილობრივი მრეწველობის სატყეო მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების წვრილი საწარმოები, ამზადებენ ფართო მოხმარების საგნებს, ქალაქში არის 3 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, სამუსიკო და სამხატვრო სკოლები,  კულტურის ცენტრი, ბიბლიოთეკა, საავადმყოფო, აფთიაქი, კავშირგაბმულობის განყოფილება, საჩხერის მიდამოებში არის შუა საუკუნეების ძეგლი-მოდინახეს ციხე (დაანგრია 1991 წ. მიწისძვრამ).

ქალაქ საჩხერეში არის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, რომლის მშენებლობა 1904 წელს დაიწყო და 1908 წელს დასრულდა. კომუნისტური რეჟიმის დროს აქ მოღვაწე სასულიერო პირების მეოხებით აღნიშნული ტაძარი მოქმედი იყო, რომელიც 1991 წ. მიწისძვრამ ძლიერ დაანგრია, შემდეგ უფლის ნებითა და პატრიოტ ადამიანთა მონდომებით ეკლესია მალე აღსდგა. ქალაქ საჩხერის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 207 ჰექტარს, ქალაქში ცხოვრობს 2264 კომლი, მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის 1 იანვრისათვის შეადგენდა  8 023 სულს, 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით კი 13 845 მაცხოვრებელი იყო 

ქალაქ საჩხერესა და მის მიდამოებში, XIX საუკუნის 70-იან წლებში შემთხვევით აღმოჩენებს ყურადღება მიაქცია დავით წერეთელმა (აკაკი წერეთლის ძმა). არქეოლოგიური კვლევები ჩაატარეს: 1910 წ. ექვთიმე თაყაიშვილმა, 1939, 1945-46 წწ. ბორის კუფტინმა, 1955 წელს ოთარ ჯაფარიძემ, 1957 წ. ნ. ღამბაშიძემ, 1966-68 წწ ჯურხა ნადირაძემ  შესწავლილია ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის ძეგლები: ადგილ ნაჩერქეზევში, ცარცის გორაზე და სოფელ ქორეთში აღმოჩენილია ჩვ. წ. აღ-ის IIIათასწლეულის კულტურისათვის დამახასიათებელი ვარდისფერ სარჩულიანი თიხის ნაწარმი, ბრინჯაოს მრავალ-ფეროვანი იარაღი, ჭურჭელი და სამკაული. ააღსანიშნავია, რომ ცარცის გორაზე აღმოჩნდა ოქროს ნივთი, რაც იშვიათი მოვლენაა ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში. საჩხერის მიდამოებში:  დუნთაში  და ადგილ ჟალიეთში-გვიანდელი ბრინჯაოს ხანის განძი, სოფელ ჩიხაში-ადრინდელი ანტიკური ხანის ნამოსახლარი, გორაძირში-წინა ანტიკური და ადრინდელი ანტიკური ხანის სამაროვანი და ნამოსახლარი, სოფლებში: ჯალაურთასა და კორბოულში ელინისტური ხანის სამარხები, სოფელ პერევში- გვიანდელი ბრინჯაოს ხანის საწაარმოო უბნები; სოფელ კალვათაში-რკინის ხანის სამეურნეო იარაღები, სოფელ არგვეთში-ადრინდელი ანტიკური ხანის ნამოსახლარი. აღმოჩენები ადასტურებენ, რომ ძვ. წ. II ათასწლეულში საჩხერის მიდამოები მჭიდროდ იყო დასახლებული და კულტურულ-ეკონომიკური კავშირი ჰქონდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ცივილიზაციებთან.

ელისაბედ წერეთლის სასახლეXIX საუკუნით თარიღდება. 1923 წ. საჩხერის თეატრალურმა დასმა პიესა „ციცინათელა“ დადგა, რომელშიც ცნობილი ქართველი რეჟისორი მიხეილ ქორელი და მისი მეუღლე ნუცა ჩხეიძე მონაწილეობდნენ. სპექტაკლის მომზადების პერიოდში ქორელების ოჯახი ამ სასახლეში ცხოვრობდა.

ნასტამბარი - XIX საუკუნე. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ქუთაისის სტამბამ მუშაობა შეწყვიტა. საჩხერელ თავადებს ზურაბ წერეთელსა და მის შვილს, გრიგოლს სტამბა საჩხერეში, თავიანთ სასახლეში გადმოუტანიათ, რუსეთში შეუძენიათ სათანადო ინვენ-ტარი და დაუწყიათ საგამომცემლო საქმიანობა. იმ ადგილს, სადაც სტამბა ფუნქციონირებედა, საჩხერლები დღესაც ნასტამბარს ეძახიან.

რკინიგზის სადგური წარმოადგენს XX ს. დასაწყისი ძეგლს. საჩხერელი კნეინის, ელისაბედ წერეთლის ინიციატივით (ელისაბედი რუსეთის მეფის ნიკოლოზ ჳჳ–ის ნათლული გახლდათ), 1904 წ. სარკინიზო მაგისტრალი დარკვეთიდან საჩხერემდე გაგრძელდა რკინიგზის სადგურის მშენებლობითურთ. არქიტექტურის ეს შესა-ნიშნავი ნიმუში მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა. 2000 წ. შენობა იგივე სახით აღადგინეს.  1904 წ. საჩხერეში ჩატარებულ სარკინიგზო ზეიმს ქუთაისის გუბერნატორი სლოვოჩინსკი ესწრებოდა, 2000 წელს კი ისეთივე შინაარსის ზეიმს კვლავ ქუთაისის გუბერნატორი, თუმცა ამჯერად ქართველი, თეიმურაზ შაშიაშვილი დაესწრო.

 

საჩხერე ამაყობს თავის ღირსეული შვილებით: წმინდანად შერაცხული დოსითეოზ–ქუთათელ-გაენათელი (წერეთელი), აკაკი წერეთელი- მგოსანი; გიორგი წერეთელი-მწერალი, საზოგადო მოღვაწე; ირაკლი (კაკი) წერეთელი_ რევოლუციონერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ელისაბედ წერეთელი- მეცენატი, საზოგადო მოღვაწე; პაოლო იაშვილი-პოეტი, საზოგადო მოღვაწე; ვიქტორ ნოზაძე-მეცნიერი, რუსთველოლოგი; ივანე გომართელი - ექიმი,  მწერალი, პუბლიცისტი; სერგი დურმიშიძეა - აკადემიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ბიოქიმიკოსი; სევერიან ჭოღოშვილი - ექიმი, გოგირდოვანი წყლების მკვლევარი; მალხაზ აბდუშელიშვილი -აკადემიკოსი ისტორიის მეც. დოქტორი; ელგუჯა ამაშუკელი - მოქანდაკე, საქ. სახალხო მხატვარი; მედეა ჯაფარიძე - მსახიობი, საზოგადო მოღვაწე; მუხრან მაჭავარიანი - პოეტი-აკადემიკოსი, საზოგადო მოღვაწე, რევაზ ჯაფარიძე - მწერალი, საზოგადო მოღვაწე; კონსტანტინე წერეთელი- აკადემიკოსი,  აღმოსავლეთმცოდნე; მარი აბრამიშვილი - პოეტი, საზოგადო მოღვაწე; ნოდარ შამანაძე- პოეტი, საზოგადო მოღვაწე; იორამ ქემერტელიძე - პოეტი, საზოგადო მოღვაწე; ჯურხა ნადირაძე - არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე; მამია ხატელიშვილი-კომპოზიტორი; ლუარსაბ იაშვილი - თბილისის სახ. კონსერვატორიის პროფესორი; ბესიკ ქუთათელაძე -პოლკოვნიკი, ეროვნული გვარდიის დამაარსებელი, გოჩა აბაშიძე- მსახიობი; ლეილა აბაშიძე - საქართველოს სახალხო არტისტი; გიორგი ჭოღოშვილი - მეცნიერი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე; ეთერ ქემერტელიძე - აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მანანა შეყლაშვილი- აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ზურაბ ტატაშიძე- საქ. მეც. აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, გეოგრაფი; ბიძინა ივანიშვილი-მეცენატი, ფილანტროპი. საჩხერის საპატიო მოქალაქეებად აირჩიეს შემდეგი საზოგადო მოღვაწეები: სერგი დურმიშიძე-აკადემიკოსი, რევაზ ჯაფარიძე_მწერალი, ელგუჯა ამაშუკელი-მოქანდაკე, გენადი სადუნიშვილი-პედაგოგი, უშანგი სადღობელაშვილი -კოლმეურნე,  მუხრან მაჭავარიანი_პოეტი, მედეა ჯაფარიძე_მსახიობი, კონსტანტინე წერეთელი_აკადემიკოსი, გუგულა ფოფხაძე_მევენახე, ბორის კიპაროიძე-ომის ვეტერანი, ეთერ ქემერტელიძე_აკადემიკოსი, ჯურხა ნადირაძე-არქეოლოგი, ვასილ ჯალაბაძე - მევენახე, ლუარსაბ იაშვილი-პროფესორი, ნინო ძინძიბაძე_ პედაგოგი, გიორგი გელბახიანი_კოლმეურნე, ნოდარ შამანაძე_პოეტი, იორამ ქემერტელიძე_პოეტი, გივი ყიფიანი_ყოფილი რაიკომის მდივანი, ნიკოლოზ არუთინოვი _ კოლმეურნე, პავლე წერეთელი - მეტალურგი, მეცნიერი, ვახტანგ ღუღუნიშვილი_კოლმეურნე,ეკატერინე მაჭარაშვილი _ პედაგოგი, 12 შვილის დედა, გიორგი ბარათაშვილი _ ფარმაცევტი, რევაზ კიპაროიძე_მექანიზატორი, რევაზ ღლონტი_ რაიკომის მდივანი, თომა იაშვილი _პედაგოგი, ნინო გოშაძე_ექიმი, ელენე დურმიშიძე_ ქალთა საბჭოს თავმჯდომარე, თენგიზ თოდაძე_ საგზაო სამმართველოს უფროსი, ჯანო ლომიძე_მეცნიერი, პავლე მაჭარაშვილი _ პედაგოგი, ბორის საყვარელიძე _ მეურნეობის დირექტორი, გიორგი ჭოღოშვილი _ პროფესორი, ლული შათაშვილი _ პროფესორი, ნოდარ ჩაჩანაძე _ მსახიობი, გიორგი ასანიძე-ოლიმპიური ჩემპიონი, რებეკა ბრაიენი_ქველმოქმედი `ქაუნთერ ფარტი~ დირექტორი, ჯემალ გორგოძე _რაიკომის მდივანი, მიხეილ გოგატიშვილი _მხარეთმცოდნე. პედაგოგი, თინათინ ეზიაშვილი _პედაგოგი, თენგიზ კაპანაძე_ბანკირი, რევაზ მიშველაძე_მწერალი, ევტიხ სამხარაძე_ომის ვეტერანი, ალექსანდრე ხურციძე_ომის ვეტერანი; თეიმურაზ შაშიაშვილი _გუბერნატორი, თემურ ბუცხრიკიძე `საქელექტროკავშირის~ დირექ-ტორი, აკაკი ჩხაიძე რკინიგზის დეპარტ. თავმჯდომარე, ბიძინა ივანაშვილი _ ბიზნესმენი, მეცენატი; ზაზა თურმანიძე _ ევროპის ჩემპიონი თავისუფალი სტილით  ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი; გრიგოლ ჯაფარიძე - ომის ვეტერანი, დევიდ პოიტრისი _გენერალ-მაიორი, სარდალი; სამსონ (სოსო) ქუთათელაძე _გენერალი, რობერტ გოგოლაშვილი _`ქართული ხმების~ ხელმძღვანელი; გია ნიჟარაძე_რაგბის კავშ. პრეზიდენტი; ლიზა ბარათაშვილი_რეწვის ოსტატი; სოზარ იაკობაშვილი _ პროფესორი, მეცნიერი,  ელდარ ნადირაძე _პროფესორი, მეცნიერი; გია მაჭარაშვილი _კომპოზიტორი; ლეილა აბაშიძე _სახალხო არტისტი; მიკოლა სპისსი - უკრაინის ელჩი; სოსო დეკანოიძე _ქორეოგრაფი, ნიკოლოზ კურტანიძე _პოეტი,  ქველმოქმედი, ერიკ ფურნიე - საფრანგეთის ელჩი; თამაზ მაჭავარიანი _ქტიტორი, სსრკ ჩემპიონი ჭიდაობაში, მარინა იაშვილი _საქართველოს სახახლო არტისტი, მევიოლინე. (მასალები მოგვაწოდა საჩხერის სამხარეთმცოდნეო–ეთნოგრაფიული მუზეუმ `საწერეთლოს~ დირექტორმა ანდრია გაფრინდაშვილმა.

კულტურული დაწესებულებებიდან საჩხერეში ფუნციონირებს:  ობოლა ციმაკურიძის სახელობის საჩხერის კულტურის ცენტრი, საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, საჩხერის კინო-თეატრი, საჩხერის აკ. წერეთლის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკა. სკვერები: მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი, 9 აპრილის სახელობის სკვერი, აკაკი წერეთლის სახელობის სკვერი, ქალაქ საჩხერეში ფუნციონირებს საჩხერის სამხარეთმცოდნეო-ეთნოგრაფიული მუზეუმი `საწერეთლო~.

ქალაქ საჩხერეში ფუნქციონირებს სამი საჯარო სკოლა: 1. ა.წერეთლის სახ. საჩხერის #1 საჯარო სკოლა (საშუალო), 2. ილია ჭავჭავაძის სახ. საჩხერის #2  საჯარო სკოლა (საშუალო), 3. შოთა რუსთაველის სახ. საჩხერის # 3 საჯარო სკოლა (საშუალო).

ტურისტული მარშრუტი

საჩხერე-რკინიგზის სადგური_სერგი დურმიშიძის სახ-მუზეუმი-ელისაბედ წერეთლის სასახლე-ნასტამბარი_წმინდა ნინოს ტაძარი-მოდინახეს ციხე-სიმაგრე-მდ. ყვირილას ხეობა

ტურისტული ობიექტები:

ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ადგილები: მდ. ყვირილას ხეობა, მოდინახის სერი, საჩხერის ქვაბული.

ისტორიული ძეგლები: იმერეთის სამეფო სტამბის მიდამოები, წმ. ნინოს სახელობის ეკლესია (1904-1905 წ.წ), რკინიგზის სადგური (1905-1906 წ.წ.), ღვთისმშობლის ეკლესია (გვიანი შუასაუკენეები), გიორგი წერეთლის კარ-მიდამოს კედელი 

ღამის თევის ადგილი: ქ. საჩხერე, მოდინახეს ციხესიმაგრე,

მარშრუტის ხანგრძლივობა: მინიმალური – 1 დღე, მაქსიმალური _ 2 დღე, საფეხავლო, სამანქანო, შესაძლებელია ნაწილობრივ საჰაერო.

ჩატარების დრო: იანვარი დეკემბერი.

მანძილი: 4 კმ_ საფეხმავლო, 3 კმ _ სამანქანო.

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

 
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.