ვარძია
კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი (1156-1203 წწ.). მდებარეობს ჯავახეთში, ასპინძიდან 30 კმ-ზე, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ვარძიაში მოღვაწეობდა იოანე შავთელი, შემორჩენილია მისი `გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისა~. ვარძიის მონასტრის წინამძღვარი ამავე დროს სამეფო კარის მაღალი მოხელე _ საწოლის მწიგნობარი იყო და მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა.
1551 წელს ირანის შაჰ თაჰმასპ I-ის შემოსევის დროს ვარძიიდან გაიტაცეს ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარი და მრავალი ძვირფასეულობა. ოსმალთა შემოსვლის შემდეგ, 1578 წლიდან ვარძია გაუკაცრიელდა. 1938 წ. ვარძიამ მიიღო მუზეუმ-ნაკრძალის სტატუსი. XXI საუკუნის დასაწყისში ვარძიაში აღდგა სამონასტრო ცხოვრება.
ვარძიის მონასტერი 0,5 კმ. სიგანეზეა ნაკვეთი და 13 სართულზეა განლაგებული. იგი 2 ნაწილისგან შედგება: კლდის სოფელ ანანაურისა (X-XII სს.), თავად მონასტრისაგან, რომლის მშენებლობა 5 ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე, გიორგი III-ის მეფობაში (1156-1184) გამოიკვეთა პირველი სენაკები და ეკლესია. თამარის მეფობაში, მეორე ეტაპზე (1184-1185) მონასტრის ცენტრში გამოკვეთეს ღვთისმშობლის მიძინების დარბაზული ეკლესია სტოათი. ტაძარი ქართლის ერისთავის რატი სურამელის საფასით მოხატა ფერმწერმა გიორგიმ. მესამე ეტაპზე (1185-1203) დასრულდა სათავსებისა და სენაკების, თავდაცვით და საირიგაციო ნაგებობათა მშენებლობა. 1283 წლის მიწისძვრას მოჰყვა მონასტრის მშენებლობის IV ეტაპი, რაც სამცხის მთავარმა ბექა ჯაყელმა (1285-1306) განახორციელა. მან ააგებინა ორსართულიანი მოჩუქურთმებული სამრეკლო. V ეტაპზე (XIV ს. შუახანები) ივანე ათაბაგმა გამოაკვეთინა დიდი სატრაპეზო.
მთლიანად ვარძია შედგება 420 სათავსისგან. მათ შორის არის 25 მარანი 185 ქვევრით. საცხოვრებელი სენაკები 2, 3, 4-ოთახიანია და შედგება კარიბჭის, ოთახისა და საკუჭნაოსგან. ოთახის კედლებში ნაკვეთია ფართო ნიშები _ საწოლად, მცირე ნიშები _ ჭურჭლისთვის, წიგნებისა და ჭრაქისთვის. სულ მონასტერში 12 სამლოცველოა.
მონასტერში ყველაზე უკეთ შემორჩენილია აღმოსავლეთის ნაწილი _ 242 გამოქვაბული ოთახი (მათ შორის 8 მ X 5,6 მ. ფართობის დარბაზი, `სადარბაზო~ საკრებულო, თამარის ოთახი, სალხინო ოთახი). მონასტრის დასავლეთ ნაწილშია სატრაპეზო, ცენტრალურ ნაწილში კი _ სახიზარი ოთახები. გვირაბები მარაგდებოდა მთავარი ეკლესიის უკან, სიღრმეში არსებული ბუნებრივი წყაროდან (3,5 კმ-იანი წყალსადენი ტრასის მეშვეობით).
ვარძია მდიდარია ფრესკული მხატვრობით. XII საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გამოსახულნი არიან ქტიტორები: გიორგი III, თამარ მეფე, რატი სურამელი. აქვეა ახალი აღთქმის სცენები. ანანაურის ეკლესიის მხატვრობა XVI ს-ისაა.
ავტორი: გამომცემლობა "კლიო"