მტკვარი საქართველოს დედამდინარეა, თუმცა არაერთი მახასიათებლით (სიგრძე, წყალუხვობა, ენერგეტიკული პოტენციალი) სხვა მდინარეებს ჩამოუვარდება. იგი სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის და მსხვილი საქალაქო დასახლების ტერიტორიაზე მიედინება, რის გამოც საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიის ფუნქციასაც ასრულებდა.
მტკვარი სამხრეთ კავკასიის უდიდესი მდინარეა. მისი საერთო სიგრძე 1200 კმ, ხოლო წყალშემკრები აუზის ფართობი 200 ათას კმ2 აღწევს. მტკვარს უერთდება ისეთი მდინარეები, როგორიცაა ფარავანი (ხერთვისთან), ფოცხოვი (ახალციხესთან), ლიახვი (გორთან), არაგვი (მცხეთასთან), ხრამი, იორი და ალაზანი (საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან), არაქსი (აზერბაიჯანის ტერიტორიაზე) და სხვ.
იგი საქართველოში ვარძიის სიახლოვეს, თითქმის შვეულფერდობიან, კანიონისებურ ხეობაში შემოედინება. კანიონი ერუშეთის ვულკანურ მთიანეთსა და ჯავახეთის ვულკანურ ზეგანს შორისაა გამომუშავებული. მისი სიღრმე სოფელ აფნიასთან 500 მეტრია. აქედან თმოგვის ციხემდე ულამაზესი პანორამა იშლება.
საქართველოს ტბებს შორის ფართობით ყველაზე დიდი ფარავნის ტბაა, წყლის მოცულობით _ ტაბაწყური, სიღრმით _ რიწა, პალიასტომის ტბა კი სახეობათა მრავალფეროვნებით არის გამორჩეული.
ფარავანი სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ვულკანურ პლატოზე, აბულ-სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის, ზღვის დონიდან 2073 მეტრზე მდებარეობს. ტბა გამდინარეა. მისგან გამოედინება მდ.ფარავანი ანუ ჯავახეთის მტკვარი. იგი ძირითადად მიწისქვეშა და თოვლის ნადნობი წყლებით იკვებება. მიწისქვეშა წყალი განსაზღვრავს მის ტემპერატურულ რეჟიმს, რის გამოც ტბის წყლის ტემპერატურა მიმდებარე ტერიტორიის ჰაერის ტემპერატურაზე ყოველთვის 1-20-ით მაღალია.
ტაბაწყურის ტბის წყლის დიდი მოცულობა მისი ზედაპირის ფართობს (14.2 კმ2) და სიღრმეს (40 მ) უკავშირდება. იგი, როგორც ფარავანი, მაღალმთიანი ტბაა და ზღვის დონიდან 1991 მეტრზე, სამხრეთ საქართველოში, აბულ-სამსარისა და თრიალეთის ქედებს შორის მდებარეობს. ტბა ძირითადად თოვლის ნადნობი წყლებით იკვებება, რის გამოც წყლის დონის ამპლიტუდა 2 მეტრს აღწევს. მისი წყლის ტემპერატურა, ზაფხულის თვეებშიც კი, არ აღემატება +150. ცივი წყალი კალმახის გავრცელების კარგი წინა პირობაა, რომელსაც დიდი რაოდენობით მოიპოვებენ.
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge