ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ბაკურიანი
სამცხე ჯავახეთი
ბაკურიანი
ბაკურიანი სამთო-კლიმატური კურორ­ტია, რო­მელიც თრიალეთის ქედის ჩრდილო კალთებზე, მდინარე ბაკურიანისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს.
დაბა ბაკურიანი გაშლილია მისივე სახელწოდების ქვაბულის ფსკერზე, რომელიც ვულკანური ქანებით არის აგებული. იგი საქართველოს სამთო კურორტებს შორის ცნობილია მზის ნათების ხანგრძლივობით, რაც 2100 საათს აღწევს წელიწადში. ქვაბულის მიმდებარე ფერდობები შემოსილია შერეული და მუქწიწვოვანი ტყეებით, რაც ზრდის მის საკურორტო და რეკრეაციულ დანიშნულებას. მის მიდამოებში სამი ტიპის ლანდშაფტია წარმოდგენილი, რომელთაგან მასშტაბებით წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყეები და სუბალპური მდელოები გამოირჩევა. 
ბაკურიანი სამთო-სათხილამურო სპორტის უმნიშვნელოვანესი კერაა საქართველოში, რაც ხელსაყრელ კლიმატურ პირობებს უკავშირდება. აქ ზამთარი ხანგრძლივი, ცივი და თოვლიანია. იანვრის საშუალო ტემპერატურა -7.20-ია, ხოლო ივლისის +150. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 750 მმ არ აღემატება, თუმცა მისი არსებითი ნაწილი (1/3) თოვლის სახით მოდის. თოვლის დების საშუალო ხანგრძლივობა 5 თვეს აღწევს, რითაც იგი გამოირჩევა საქართველოს სამთო კურორტებს შორის. თოვლის საფრის საშუალო სიმაღლე 64 სმ-ია, რაც ზამთრის სპორტული სახეობების განვითარების წინა პირობაა. აქ ამჟამად რამდენიმე სათხილამურო ტრასა და ტექნიკურად აღჭურვილი ტრამპლინი ფუნქციონირებს. 
ბაკურიანის მიჯნაზეა ბოტანიკური ბაღი, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში დაარსდა. აქ თავმოყრილია ალპურ, ზომიერი სარტყლის მთიან სისტემათა, კავკასიონის და ეგზოტიკურ მცენარეთა 1500-მდე სახე­ობა. ბაკურიანი ბორჯომ-ხარაგაულის და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სიახლოვეს მდებარეობს. ჯავახეთში გადასვლა ცხრაწყაროს უღელტეხილითაა (2454 მ) შესაძლებელი, საიდანაც როგორც კავკასიონზე, ისე საქართველოს მთათაშორის ბარსა და ვულკანურ მთიანეთზე ულამაზესი პანორამა იშლება.
 
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.