ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ვანი
იმერეთი
ანტიკური ხანის ძველი კოლხეთის უმნიშვნელოვანესი ქალაქია. ქალაქის საფუძვლად იქცა გარშემო არსებული მრავალრიცხოვანი მცირე დასახლებები. ანტიკური ვანის ისტორიაში 2 პერიოდი გამოიყოფა: ძვ. წ. VI-IV და III-I საუკუნეები  პირველ ეტაპზე ვანი კოლხეთის სამეფოს ადმინისტრაციული ერთეულის (სკეპტუხიის) ცენტრი და მმართველი ფენის რეზიდენცია იყო. ამ ეპოქისაა ხის საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობები, მრავალფეროვანი კერამიკა (შავლაკიანი, შავ და წითელფიგურიანი, თიხის და ლითონის ჭურჭელი) და მდიდრული სამარხები (დიადემები, სამაჯურები, ყელსაბამები, საყურეები, სასაფეთქლეები, ჰერალდიკური გამოსახულებები და თასები), რომლებიც ბერძნულ სამყაროსთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე მეტყველებს.
მეორე პერიოდში ვანი დიდი სატაძრო ცენტრია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა გალავნის კედელი, მრგვალი ტაძარი, კონტრფორსებიანი ნაგებობა, შვიდსაფეხურიანი საკურთხეველი, საკულტო-რიტუალური დანიშნულების ქანდაკებები, ადგილობრივი და ბერძნული კერამიკა. ძვ. წ. I საუკუნეში ანტიკურმა ქალაქმა არსებობა შეწყვიტა.
 
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.