ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კოლხეთის ეროვნული პარკი
სამეგრელო ზემო სვანეთი
კოლხეთის ეროვნული პარკი დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ქალაქ ფოთის მიდამოებში, ქ.თბილისიდან 290 კმ-ზე მდებარეობს. იგი დაარსდა კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, პრაქტიკულად პირვანდელი სახით შენარჩუნებული ჭარბტენიანი ლანდშაფტების დაცვის მიზნით, რაც ასევე უკავშირდება წყლისა და გადამფრენ ფრინველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებას. დაცული ტერიტორია წარმოადგენს რამსარის კონვენციის პირველ საიტს საქართველოსა და კავკასიაში. ამჟამად პარკი რამდენიმე სახმელეთო ჭარბტენიანი (ჭაობიანი) და შავი ზღვის აკვატორიის ნაწილისგან შედგება. მისი საერთო ფართობია 44.3 კმ2, რომლის 1/3 საზღვაო ტერიტორიაზე მოდის. 
კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიები რელიქტური, ტროპიკული ჭაობის ლანდშაფტის ნაშთია. ამგვარი ლანდშაფტები რამდენიმე მილიონი წლის წინ გაცილებით დიდ ტერიტორიებზე იყო წარმოდგენილი. მცენარეულობიდან აქ ვხვდებით ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლების ჭაობებისთვის დამახასიათებელ სახეობებსაც. ზომიერი სარტყლის სახეობებიდან გავრცელებულია სფაგნუმის ხავსები (შპაგნუმ იმბრიცატუმ, პალუსტრე, აცუტიფლიუმ), მრგვალფოთოლა დროზერა (როსერა როტუნდიფლორა), ჩრდილოეთის ისლი (ჩარეხ ლასიოცარპა), აგრეთვე ალპური ზონისთვის დამახასიათებელი მცენარეები  ისლი და შქერი (ღჰოდოდენდრონ პონტიცუმ). პარკის ტერიტორიაზე შემორჩენილია ბევრი რელიქტური თუ ენდემური სახეობის მცენარე, რომლებიც მიეკუთვნებიან როგორც ჭაობისა და ჭალის ტყეების, ისე სანაპირო დიუნური ზოლისა და წყალქვეშა ფლორის ადგილსამყოფელს. ორი სახეობა  ყვითელი ყაყაჩურა და ზღვის შროშანი წითელ წიგნშია შეტანილი. იშვიათ და გადაშენების პირას მყოფი სახეობებიდან აღსანიშნავია კოლხური მუხა (უერცუს ჰარტწისსიანა), ლაფანი (ტეროცარყა პტეროცარპ), კოლხური ბზა (უხუს ცოლცჰიცა) და სხვ. 
კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია სანაპირო წარმოშობის პალიასტომის ტბა, რომელიც რამდენიმე ათასი წლის წინ შავი ზღვის ყურე იყო. იგი შავი ზღვისგან რამდენიმე მეტრის სიმაღლის დიუნური ზოლითაა გამოყოფილი. ტბის ფართობი 18 კმ2-ს აღემატება, ხოლო სიღრმე 3 მეტრს აღწევს. მიუხედავად მცირე ზომებისა, პალიასტომის ტბა მდიდარია სხვადასხვა სახეობის თევზით. მისი მრავალფეროვნება სხვადასხვაგ­ვარი სასიცოცხლო გარემოს მონაცვლეობას უკავშირდება. ცალკეულ, მშრალ წლებში, როცა ტბაზე მკვეთრად ეცემა წყლის დონე, მასში შეიმჩნევა ზღვის წყლის შედინება. 
ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ფრინველის 200-მდე სახეობა ბუდობს. მათ შორისაა კოლხური ხოხობი, რომლის ეგზოტიკური მომხიბვლელობის შესახებ რამდენიმე ათასწლეულის წინ არგონავ­ტების მეშვეობით შეიტყო ცივილიზებულმა სამყა­რომ. ჭარბტენიანი ტერიტორიები ფრინველის ასეულობით სახეობის ტრადიციული თავშესაფარია მიგ­რაციის გზაზე. აქ შემოდგომასა და გაზაფხულზე მილიონობით ფრინველი „ისვენებს“, ხოლო ზამთარში არაერთი სახეობის ფრინველი ელოდება გაზაფხულს.
შავი ზღვის აკვატორიაში ბინადრობს დელფინის 3 სახეობა: აფალინა, თეთრგვერდა დელფინი და ზღვის ღორი. აქვე ვხვდებით ატლანტურ ზუთხსა და სვიას, სკუმბრიასა და ორაგულს, ქაშაყსა და ქარიყლაპიას, ღორჯოსა და მორევის ნაფოტას. იქთიოფაუნის 90-მდე სახეობიდან ნახევარი მარილიანი, ხოლო 1/4 მტკნარი წყლის ბინადარია.
კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და მის სიახლოვეს რამდენიმე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური და ისტორიული ძეგლის მონახულებაა შესაძლებელი. მათ შორისაა ლაზიკის ძველი დედაქალაქი არქეოპოლისი და კოლხეთის ქრისტიანული ძეგლები - შუა საუკუნეების მარტვილის სამონასტრო კომპლექსი, ხობის მონასტერი, ცაიშის ეკლესია და სხვა. 
 
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
 
www.klio.ge
 
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.