ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ბახმარო და ნაბეღლავის მინერალური წყალი
გურია
კურორტი ბახმარო და 
ნაბეღლავის მინერალური წყალი
 
კურორტი ბახმარო გურიაში, აჭარა-იმერეთის ქედის დასავლეთ ექსპოზიციის ფერდობებზე, კურორტ ქობულეთის განედზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, მუქწიწვიანი ტყეებისა და სუბალპური მდელოების მიჯნაზე მდებარეობს. აქ თავისუფლად აღწევს შავი ზღვიდან მონაბერი ჰაერის მასები. ადგილის სიმაღლე, მზის პირდაპირი რადიაციის მაღალი მაჩვენებლები, მუქწიწვიანი ტყის კორომები და ნოტიო ჰაერის მასები ბახმაროს უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის. 
ბახმაროში, ზაფხულის თვეებში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა 140-ს აღწევს, რაც განსაკუთრებით კომფორტულს ხდის მას. აქ არაერთი დაავადების მკურნალობაა შესაძლებელი. მათ შორისაა: სუნთქვის ორგანოების დაავადებანი, სისხლნაკლებობა, ნევრასთე­ნია, ლიმფური ჯირკვლების ანთება და სხვ. აქვე იღებს სათავეს სუსტი მინერალიზაციის წყარო, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს მთელ საქართველოში.
ბახმაროს სიახლოვეს, მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზღ.დ. 470 მეტრზე, მდ.გუბაზოულის აუზში, მდებარეობს კურორტი ნაბეღლავი. აქ წარმოდგენილია ცნობილი მინერალური წყლის _ ნაბეღლავის ბუნებრივი გამოსასვლელი. იგი გასული საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა. 
 
ნაბეღლავი ბორჯომის ანალოგადაა ცნობილი. იგი სუფრის ნახშირორჟანგიანი ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალია, რომელიც სამკურ­ნალოდ გამოიყენება. ნაბეღლავი კურნავს კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის (მათ შორის ქრონიკულ ჰეპატიტს), სანაღვლე და საშარდე გზების დაავადებებს, აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მოშლას (მათ შორის შაქრიან დიაბეტს). მისი მოხმარება შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თანაც შეუზღუდავი რაოდენობით.
 
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge
 

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.