ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები
სამცხე ჯავახეთი
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები
ჯავახეთი საქართველოს, სომხეთსა და თურქეთს შორის არსებული ვულკანური წარმოშობის მაღალმთიანეთის ნაწილია. მისი ეკოსისტემა მთის სტეპებით, სუბალპური მაღალბალახეულობით და ალპური მდელოებით, რელიქტური სუბალპური ტყის კორომებით, წყალჭაობის მცენარეულობით და ათეულობით ენდემური სახეობით წარმოადგენს ერთ-ერთ უნიკალურ არეალს კავკასიის ეკორეგიონში. 
ჯავახეთის განსაკუთრებული, საერთაშორისო მნიშვნელობა უკავშირდება მაღალი მთის ზეგნებზე და ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე ისეთი ჭარბტენიანი ტერიტორიების არსებობას, რაც წარმოადგენს ევროპა – აზია – აფრიკის ფრინველების სამიგრაციო გზაჯვარედინს. საერთაშორისო გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მიხედვით ჯავახეთის ჭარბტენიანი ტერიტორიები მიეკუთვნება რამსარის კონვენციის საიტს. 
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები წარმოადგენს პირველი ტრანსსასაზღვ­რო ეკოლოგიური თანამშრომლობის შე­დეგს კავკასიაში. მისი ფორმირება საქართველოში პირველად განხორციელდა ლანდშაფტური დაგეგმარების ევროპული გამოცდილების და მეთოდოლოგიის საფუძველზე. ლანდშაფტური დაგეგმარების დასკვნების საფუძველზე შესაძლებელია ერთი ეროვნული პარკის, 5 აღკვეთილის, ერთი დაცული ლანდშაფტის და ბუნების ძეგლის შექმნა.
ჭარბტენიანი ტერიტორიების სახით ჯავახეთის ზეგანზე წარმოდგენილია როგორც ვულკანური წარმოშობის ტბები, ისე გეოლოგიურ ეპოქებში ტბების ევტროფიკაციის შედეგად განვითარებული ჭაობები. ტბებიდან აღსანიშნავია: კარწახი (თურქეთის საზღვართან), ხანჩალი, მადატაფა, ბუღდაშენი, საღამო, ფარავანი და ტაბაწყური. 
დაცული ტერიტორიების არეალში ფრინველთა 275 სახეობაა აღრიცხული, რაც საქართველოს ფრინველთა ფაუნის 3/4-ს შეადგენს. ჯავახეთის მთიანი ნაწილის ფრინველთა ფაუნა სულ ცოტა 225 მუდმივი სახეობითაა წარმოდგენილი, ხოლო დაახლოებით 50 სახეობა მოცემული ტერიტორიისთვის იშვიათ ან პერიოდულად მობინადრე ელემენტს წარმოადგენს. 
რეგიონი ძალიან მდიდარია ბუნებრივი და ისტორიული ძეგლებით. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სიახლოვესაა არაერთი ეროვნული პარკი და აღკვეთილი, მსოფლიო მნიშვნელობის ვარძიის სამონასტრო კომპლექსი და ხერთვისის ციხესიმაგრე.
 
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.