ქვეყნის ფართობი შეადგენს 9,83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 309 მილიონი ადამიანი. შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. ეკონომიკის მაჩვენებლებით აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.
ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.
XIX საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან; მოახდინა ტეხასის რესპუბლიკისა და ჰავაის ანექსია. 1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა. აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.