იაპონიის კლიმატის ძირითად მახასიათებელს წელიწადის ოთხ დროს შორის ტემპერატურის მკვეთრად გამოხატული ცვლილება წარმოადგენს. ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე იაპონია დაახლოებით 25-გრადუსიანი დიაპაზონის სარტყელს ფარავს. ზამთარში ციმბირიდან მომავალი სეზონური ქარების ზეგავლენა იგრძნობა, რასაც ზაფხულში ენაცვლება წყნარი ოკეანიდან გადმონაცვლებული ქარის მასები. მცირე ფართობის მიუხედავად, ქვეყანა ოთხ განსხვავებულ კლიმატურ ზონას მოიცავს.
სუბარქტიკული კლიმატის მქონე ჰოკკაიდოს საშუალო წლიური ტემპერატურა 8 გრადუს ცელსიუსია, ხოლო წლიური ნალექის საშუალო მაჩვენებელი 1,150 მმ.-ი. იაპონიის წყნარ ოკეანესთან მოსაზღვრე მხარე, ჩრდილოეთ ჰონშუს ტოჰოკუს რეგიონიდან კიუშუმდე ზომიერი სარტყელს მიეკუთვნება და ზაფხული ცხელია, იგრძნობა წყნარი ოკეანის სეზონური ქარების ზეგავლენა. ქვეყნის ნაწილი, რომელიც იაპონიის ზღვას ემიჯნება, წვიმიანი და თოვლიანი კლიმატით ხასიათდება; იაპონიის ცენტრალურ ნაწილს ქედის სახით მიჰყვება ცენტრალური ალპები და სხვა მთები, რომელიც ხელს უშლის კონტინენტიდან წამოსული ცივი და ნესტიანი ქარების გადმონაცვლებას.
ოკინავას პრეფექტურის სამხრეთ–დასავლეთ კუნძულები სუბტროპიკულ კლიმატურ ზონას განეკუთვნება. აქ საშუალო წლიური ტემპერატურა 22 გრადუს ცელსიუსს აღწევს, ხოლო ნალექების რაოდენობა 2 000 მმ.-ს აღემატება.
გაზაფხული (მარტი, აპრილი, მაისი)
ზამთრის დასასრულის მოახლოებასთან ერთად კონტინენტიდან მომავალი ცივი სეზონური ქარებიც სუსტდება და შედარებით ცვალებადი ხდება. ამავდროულად, ჩინეთიდან მომავალი დაბალი წნევის ჰაერის მასები იაპონიის ზღვისკენ გადმოინაცვლებენ, რაც თავის მხრივ, დაბალწნევიანი ზონიდან წყნარი ოკეანისკენ მი- მართული ძლიერი თბილი სამხრეთული ქარების წარმოშობას განაპირობებს. ქარის პირველ სახეობას ჰარუ იჩიბანს უწოდებენ, რომელიც დამდეგი გაზაფხულის სითბოს მაუწყებელია. ხანდახან ამ სახის ჰაერის მასის გადმონაცვლება ზვავს იწვევს და ასევე, იაპონიის ზღვასთან მომიჯნავე მხარის გადაკვეთისას განაპირობებს ცხელი და მშრალი ამინდის წარმოშობას, რაც ხშირად ხანძრის მიზეზი ხდება.
გაზაფხულის დადგომისთანავე იკვირტება ქლიავის ხეები, რასაც მოსდევს ატმის ყვავილობა. მარტის ბოლო ათი დღის განმავლობაში კი იაპონელებისთვის განსაკუთრებული და საყო- ველთაოდ ცნობილი ალუბლის ყვავილობა იწყება.
ზაფხული (ივნისი, ივლისი, აგვისტო)
იაპონიაში ზაფხულის დადგომამდე იწყება ცუიუს სახელით ცნობილი ნესტიანი და წვიმიანი სეზონი. მაისიდან ივლისამდე იაპონიის ჩრდილოეთით, ოხოტსკის ზღვაზე მაღალი წნევის ჰა- ერის ცივი მასები იწყებენ გავრცელებას, ხოლო წყნარი ოკეანის ზემოთ ასევე მაღალი წნევის თბილი და ნესტიანი ჰაერის მასები შემოედინება. ჰაერის თბილი და ცივი მასების სარტყელის გასწვრივ ხშირად წარმოიშობა დაბალი წნევის მქონე თბილი ჰაერის მასები და ხდება მათი თანხვედრა, რაც ბაიუ ძენსენის ანუ „წვიმის წინა სეზონის“ სახელით არის ცნობილი. ამგვარად, სამხრეთ ჩინეთიდან იაპონიის არქიპელაგამდე გავრცელებული ბაიუ ძენსენი უწყვეტი წვიმების პერიოდის გახანგრძლივებას განაპირობებს.
ივლისის შუა რიცხვების შემდეგ წყნარ ოკეანეზე მაღალი წნევის ჰაერის მასები ვრცელდება, წვიმიანი სეზონი დასასრულს უახლოვდება და ბაიუ ძენსენიც ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლებს. წყნარი ოკეანიდან სეზონური ქარების გადმონაცვლებით იაპონიაში თბილი, ნოტიო ჰაერის მასები შემოედინება და ქვეყანაში დგება ზაფხული. ამ დროს დღეების უმრავლესობა ხასიათდება მაღალი ტემპერტურით, რომელიც ხშირად 30 გრადუს ცელსიუსსაც კი აჭარბებს.
შემოდგომა (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი)
ზაფხულის ბოლოდან მოყოლებული და სექტემბრის განმავლობაში იაპონიაში ხშირია ტაიფუნი. ტაიფუნები წარმოიშობა წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის დაახლოებით 5 და 20-გრადუსიანი განედების დაბალი წნევის მქონე ტრო- პიკული ჰაერის ნაკადის მასებისგან. ტაიფუნი თვისობრივად წარმოადგენს იგივე ფენომენს, რასაც მსოფლიოს დანარჩენი რეგიონების ქარიშხლები და ციკლონები. როდესაც ტაიფუნი იწყება და საბოლოოდ ყალიბდება, იგი გადანაცვლებას იწყებს ჩრდილოეთისკენ. ყოველწლიურად, ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 300 ტაიფუნი წარმოიშობა და მათგან დაახლოებით 4 ტაიფუნი აღწევს იაპონიამდე, რაც ხანდახან დასახლებული პუნქტების ნგრევასაც იწვევს.
ოქტომბრის შუა რიცხვების შემდეგ ან მიწურულს, იაპონიაში ძირითადად მოწმენდილი ცაა. აღნიშნულ პერიოდში ნარჩუნდება საშუალო ტემპერატურა. ქვეყანას განსაკუთრებით კარგი ამინდი ახასიათებს ნოემბრის თვის დასაწყისში. ამ დროს ხეები შემოდგომის თბილი ფერებით იმოსება და გარემო გაზაფხულის სიმწვანესთან ერთად მშვენიერ იერსახეს იძენს.
ზამთარი (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი)
ნოემბრის მიწურულს იაპონიაში კონტიტენტიდან მომავალი ცივი სეზონური ქარების მასები გადმოინაცვლებენ. იაპონიის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით ნესტიანობის მაჩვენებელი იზრ- დება, რაც ტრანსფორმირდება და ნალექის სახით ბრუნდება იაპონიის დასავლეთ ნაწილში, სადაც მათ გადანაცვლებას აღმოსავლეთისკენ დაბრკოლება ხვდება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მთათა სისტემის გამო. ჰოკურიკუს მხარე (ფუკუის, იშიკავას, ტოიამასა და ნიიგატას პრეფექტურები), რომელიც იაპონიის ზღვას ემიჯნება და ქვეყნის დანარჩენი რეგიონებისგან მაღალი მთებითაა გამოყოფილი, თოვლის უხვი ნალექით გამოირჩევა.
ზემოაღნიშნულისგან განსხვავებით, იაპონიის წყნარ ოკეანესთან მოსაზღვრე მხარე ზამთრის განმავლობაში გამოირჩევა უღრუბლო ამინდით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტოკიოს ზამთრის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი 5 გრადუსია, რაც ზაფხულის 30-გრადუსიანი ტემპერატურისგან 25 გრადუსით განსხვავდება.
შორეულ სამხრეთ–დასავლეთში მდებარე ოკინავას პრეფექტურის კუნძულები სუბტროპიკული კლიმატით ხასიათდება და სეზონებს შორის ტემპერატურული სხვაობაც ნაკლებად შეიმჩნევა. რაც შეეხება ზამთარს, ტემპერატურა უფრო ზომიერია, ვიდრე ქვეყნის სხვა დანარჩენ ნაწილში.