პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გერმანელი კოლონისტები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. კავკასიის იმპერიულმა ადმინისტრაციამ ღონისძიებები გაატარა კოლონიების მიმართ. პირველი ასეთი ღონისძიება იყო კოლონიების გერმანული სახელწოდებების შეცვლა რუსული და ქართული სახელწოდებებით: კატარინენფელდი ეკატერინოვკად გადაკეთდა, ფროიდენტალი — ვესიოლოედ, მარიენფელდი — მარინოდ, ელიზაბეტტალი — ასურეთად, ტრაუბენბერგი — ახალ ალავარად და ა.შ. 1915 წლის ნოემბრიდან მეფისნაცვლის ბრძანებით, გერმანულ სოფლებში «კოლონისტებზე თვალყურის სადევნებლად და მავნე საქმიანობის აღსაკვეთად» დანიშნეს სახელმწიფო მამასახლისები და მოხელეები — რუსი და ადგილობრივი ეთნოსების წარმომადგენლები.
ამიერკავკასიის გერმანელ კოლონისტებს კარგად ესმოდათ ის ორჭოფული მდგომარეობა, რაც მათ შეექმნათ რუსეთ-გერმანიის ომის გამო. მათთვის ცნობილი იყო, რომ იმყოფებოდნენ გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ; თუმცა როგორც პოლიციისა და ჟანდარმერიის მოხელეთა საიდუმლო მოხსენებებშია აღნიშნული, მეთვალყურეობა ძნელდებოდა კოლონიების კარჩაკეტილობისა და მათი მონოეთნიკური შემადგენლობის გამო. ომთან დაკავშირებით შექმნილ ანტიგერმანულ ატმოსფეროში პირველ ხანებში კოლონისტები ცდილობდნენ ხელისუფლებას ეჭვი არ შეეტანა მათს ლოიალობაში, ამიტომ სახელმწიფოს გადასცეს მოთხოვნილი ცხენები და ფურგონები, სამხედროვალდებული კოლონისტები დროულად გამოცხადდნენ გასაწვევ პუნქტებში, საქართველოს გერმანულ კოლონიებში დაიწყეს ფულის შეგროვება წითელი ჯვრისათვის — ლაზარეთის გასახსნელად, მოკლედ, კოლონიების ადმინისტრაცია ყოველმხრივ ცდილობდა ხაზი გაესვა სახელმწიფოსადმი თავისი ერთგულებისათვის. 1914 წლის 23 სექტემბერს გერმანული კოლონიების ობერპასტორმა გაინცელმანმა კატარინენფელდიდან უქვეშევრდომილესი დეპეშა გაუგზავნა კავკასიის მეფისნაცვალს.
პირველ მსოფლიო ომამდე რუსეთ-გერმანიის ეკონომიკური წინააღმდეგობის გამწვავების გამო რუსეთის პრესასაში დაიწყო კამპანია, ე.წ. «გერმანული ძალმომრეობისაგან» გასათავისუფლებლად. იგი გამოხატავდა რუსეთის ბურჟუაზიისა და მემამულეთა ზოგიერთი წრის ინტერესებს. ბურჟუაზიის ეს ნაწილი ცდილობდა განთავისუფლებულიყო უცხოელთა კონკურენციისაგან, ხოლო მემამულეები მიწის ფართობების შეძენას ესწრაფვოდნენ იმპერიის სამხრეთ რეგიონებში, სადაც მათ ძლიერ კონკურენციას უწევდნენ გამდიდრებული გერმანელი კოლონისტები.
გერმანელთა მიწათმფლობელობის შეზღუდვა მეფის მთავრობამ ჯერ კიდევ ომამდე სცადა, მაგრამ ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ომის დაწყების შემდეგ გახდა. 1915 წლის 2 თებერვალსა და 13 დეკემბერს რუსეთში გამოიცა კანონები გერმანული წარმოშობის პირთა მიწათმფლობელობის ლიკვიდაციის შესახებ. მაგრამ ამ კანონების გატარების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც «მემარჯვენე» (კადეტები და სხვ.), ისე «მემარცხენე» (ტრუდოვიკები, სოციალ-დემოკრატები [მენშევიკები]) პარტიები.
მიწების ჩამორთმევის შიშით შექმნილ გაურკვეველ სიტუაციაში კოლონისტები არ აწარმოებდნენ ხვნა-თესვას. მათ ხელში კი რუსეთის იმპერიის სათესი ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი იმყოფებოდა. ეს ვითარება კიდევ უფრო აუარესებდა რუსეთის ისედაც მძიმე სასურსათო მდგომარეობას. პურისა და სურსათის ნაკლებობას განსაკუთრებით დიდი ქალაქები განიცდიდნენ. ამიტომ უკვე 1916 წლის გაზაფხულისათვის მინისტრთა საბჭო იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება, რომ იმ კოლონისტებს, რომლებიც განაგრძნობდნენ ხვნა-თესვას, მიწებს სულ მცირე ორი წლით შეუნარჩუნებდნენ. ამით ცარიზმის ბიუროკრატიამ ოფიციალურად აღიარა მის მიერ მოფიქრებული და ფართოდ რეკლამირებული გეგმის ჩაშლა. დროებით მთავრობას არც უცდია ამ საკითხის ახლებურად გადაჭრა. მან საერთოდ შეაჩერა სალიკვიდაციო ღონისძიებები მიწათმფლობელობის დარგში.
ამ პერიოდში, როგორც საარქივო დოკუმენტები მოწმობენ, საქართველოში მცხოვრებ გერმანელთა ზოგიერთი წარმომადგენელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გერმანიის სადაზვერვო საქმიანობაში. ისინი მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული გერმანიის თბილისის საკონსულოსთან, რომელიც ამიერკავკასიაში გერმანიის სადაზვერვო ცენტრს წარმოადგენდა. საკონსულომ განსაკუთრებით გააქტიურა მოქმედება ამ მიმართულებით მას შემდეგ, რაც გერმანიის კონსულად თბილისში გრაფი შულენბურგ ფონ ბერგი დაინიშნა.
1906 წელს ამიერკავკასიაში მცხოვრებ გერმანელთა მომსახურების მიზნით, თბილისში დაარსდა გერმანულენოვანი გაზეთი «კაუკაზიშე პოსტი». გაზეთში ქვეყნდებოდა მასალები ამიერკავკასიის ცხოვრებიდან, გერმანული კოლონიების შესახებ, ადგილობრივი და საერთაშორისო ქრონიკა და სხვ. 1909 წლამდე გაზეთს რედაქტორობდა ქართული ლიტერატურის ნიმუშების, მათ შორის «ვეფხისტყაოსნის», გერმანულ ენაზე მთარგმნელი, XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან თბილისში დამკვიდრებული ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ქართველი ხალხის მეგობარი არტურ ლაისტი.
საქართველოში გერმანიის ჯარების შემოსვლის შემდეგ (1918 წ. მაისი) გერმანელი კოლონისტები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. გერმანელთა სარდლობამ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე გამოაცხადა აქ მცხოვრები ყველა გერმანელი სამხედრო ვალდებულისა და სამხედრო ტყვის მობილიზაცია. გერმანიის ჯარების მოწვევა საქართველოში გამოწვეული იყო თურქების შემოტევის საშიშროებით, რომლებიც არ დასჯერდნენ ბრესტის ზავით (1918 მარტი) გადაცემულ ტერიტორიებს (ყარსი, არდაგანი, ბათუმი) და მთელი ამიერკავკასიის დაკავებას ცდილობდნენ. გერმანიას იმ მომენტში თურქეთის შემაჩერებელი როლი უნდა ეთამაშა. გერმანელების ჩარევა თურქეთის მხარემ უკანონოდ ჩათვალა, მაგრამ ძლიერი პარტნიორისათვის წინააღმდეგობის გაწევა ბოლომდე ვერ შეძლო. საქართველო თურქეთის ოკუპაციას გადარჩა.
გარდა ამისა, გერმანელებმა გარკვეული დახმარება გაუწიეს საქართველოს სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი ამბოხების ჩაქრობაში, რომლებიც ძირითადად ბოლშევიკური რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული. მაგრამ გერმანიის ჯარები დიდხანს არ დარჩენილან საქართველოში. 1918 წლის 9 ნოემბრის რევოლუციამ გერმანიაში დაამხო მონარქია. 11 ნოემბერს გერმანიის წარმომადგენლებმა კომპიენის ტყეში ხელი მოაწერეს ზავს, რომლითაც გერმანიამ აღიარა თავისი დამარცხება მსოფლიო ომში. 1918 წლის დეკემბრის ბოლოს გერმანიის ჯარებმა და დელეგაციამ დატოვა საქართველო.
1920 წლისათვის გერმანელებმა განაახლეს ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან, რაც, ძირითადად, მანგანუმის იმპორტით გამოიხატა. 1922 წელს თბილისში ცხოვრობდა 2457 გერმანელი. 1926 წელს მათი რაოდენობა 3156 გახდა. ამავე პერიოდში ქვემო ქართლში მცხოვრებ გერმანელთა რაოდენობამ 6000 მიაღწია.
წყარო: