ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ნოიშვანშტაინის სასახლე
ცნობარი

ბავარიის მეფე ლუდვიგ II თავისი ახდენილი ოცნების კოშკს გადააყოლეს, აქაოდა, მისი მშენებლობა ხაზინას მეტად ძვირი - ოქროთი ექვსი მილიონი გერმანული მარკა დაუჯდაო.

ამიტომაც თავიანთი მეფე შეშლილად გამოაცხადეს და ტახტიდანაც ჩამოაბრძანეს, რამდენიმე დღის მერე კი საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში თავის ფსიქიატრთან ერთად სტარნბერგის ტბაში დამხრჩვალი იპოვეს.

ახლა იმ ადგილის მახლობლად, სადაც მეფის ცხედარი იპოვეს, უწარწერო ჯვარია აღმართული მაგრამ ლუდვიგ II ხსოვნისთვის საუკეთესო ძეგლი მისივე სასახლე - ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრეა.

ეს ოცნების კოშკი ზღაპრული ციხესიმაგრის გერმანულ ეტალონად და არქიტექტურის შედევრად მიუჩნევიათ, რომელსაც ყოველდღიურად 60000 დამთვალიერებელი ჰყავს, ყოველწლიურად კი იგი 1,3 მილიონ ტურისტს იზიდავს. ზოგი მონაცემით, დამთვალიერებელთა სიმრავლით იგი მთელ მსოფლიოში მეორეა და ამ მხრივ მხოლოდ ეიფელის კოშკს ჩამორჩება. ჰოდა, ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრის წყალობით, გერმანიის ხაზინა მნიშვნელოვნად ივსება.

ხაზინა ივსება ლუდვიგ II ახდენილი სხვა ლამაზი ოცნებების წყალობითაც, რომლებიც ასევე უთვალავ დამთვალიერებელს იზიდავს და ახლა, აბა, რომელ ჭკუათმყოფელს მოუბრუნდება ენა, რომ კიდევ ამტკიცოს, ბავარიის მეფე შეშლილი და უგუნური იყოო.

ახლა, მანამ ამ ახდენილ ოცნებებზე და მათკენ მიმავალ გზაზე ვისაუბრებდეთ, თავად ბავარიას გადავხედოთ, უფრო სწორად, ავსტრიის ტიროლთან მდებარე მის საზღვრებს.

ბავარია ბევრისთვის იქაურ დიდებულ ლუდთან ასოცირდება, მაგრამ გერმანიის ეს მხარე სხვა მხრივ უფრო ცნობილი და ტურისტთათვის მეტად მიმზიდველია. სწორედ აქაა მისი სახელგანთქმული სამთო-სათხილამურო კურორტი გარმიშ-პარტენკირხენი, რომელიც ორი უძველესი დასახლების, გარმიშისა და პარტენკირხენის გაერთიანებით 1935 წელს წარმოიქმნა, ერთი წლის მერე კი მან IV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. აქ მომდევნო თამაშებიც უნდა გამართულიყო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა ყოველივე თავდაყირა დააყენა. იმ ომისას გარმიშ-პარტნკირხენმა იმითაც გაითქვა სახელი, რომ სწორედ აქ იყო ბაზირებული გერმანელთა ელიტური სამთო-მსროლელი დივიზია "ედელვაისი", რომლის წევრებმაც 1942 წელს ევროპის უმაღლეს მწვერვალ იალბუზზე თავიანთი სვასტიკიანი დროშა ააფრიალეს.

და მაინც, გარმიშ-პარტენკირხენის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა მისი მთებია, რომლის უმაღლესი მწვერვალისკენ სარკინიგზო მატარებელს უთვალავი ტურისტი აჰყავს. ისინი შინ აღტაცებულნი ბრუნდებიან აქაური წარმტაცი მთებისა და ხეობების ხილვით, აგრეთვე თავად გარმიშ-პარტენკირხენის შუასაუკუნეების სტილში ნაგები პატარა, კოხტა სახლებით, რომლებიც ძირითადად ბიბლიურსიუჟეტებიანი ნახატებითაც დაუმშვენებიათ. ბავარიულ ალპებში მოგზაური მხოლოდ გარმიშ-პარტენკირხენისა და მისი შემოგარენის მონახულებით სულაც არ კმაყოფილდება. მას იმავე ავსტრიის საზღვართან მდებარე ბავარიის ციხე-სიმაგრეებისკენ მიუწევს გული, რომელთაგან უმთავრესი ამ მხარის კიდევ ერთ ცნობილ ზამთრის კურორტ ფიუსენის მახლობლად აღმართული ნოიშვანშტაინია.

ამ ციხესიმაგრეს თავისი მშვენებით ისე გაუთქვამს სახელი, რომ მისთვის ეპითეტებს არ იშურებენ. და ეს მაშინ, როცა გერმანია მთელ ევროპაში ერთმანეთზე უმშვენიერესი ციხესიმაგრეების სიმრავლით გამოირჩევა, მათგან ნოიშვანშტაინი კი ამ ქვეყნის XIX საუკუნის რომანტიზმის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო გამხდარა.

ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრე უოლტ დისნეის საოცარი სამყაროს სიმბოლოც გახდა. და როცა დისნეის კინოსტუდიის ემბლემის შექმნაზე დაიწყეს ფიქრი, ნოიშვანშტაინის ზღაპრული სასახლე უკონკურენციო აღმოჩნდა.

ეს ციხესიმაგრე ფრანგული დისნეილენდის ემბლემაცაა.

ბუნებრივია, რომ ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრე მთელი ბავარიის სადარბაზო ბარათიც გამხდარა.

ყველაფერი კი ბავარიელთა პატარა უფლისწულისა და მომავალი მეფის ლუდვიგ II ოცნებებით დაიწყო. მაშინ ლუდვიგი შვანზეს - "გედის ტბასთან" მდებარე შუასაუკუნეების მსგავსად ნაგებ ხოენშვანგაუს ციხესიმაგრეში ცხოვრობდა, რომელიც მამამისმა, მაქსიმილიან II ააგო. ამ რომანტიკულ სასახლეში პატარა ლუდვიგს, რომელიც გერმანული მითოლოგიის უდიდესი თაყვანისმცემელი იყო, ლამაზუ ოცნებები ეძალებოდა და, როგორც ირკვევა, თავი რაინდ გედად - ლოენგრინად წარმოედგინა. ერთხელაც, 1858 წელს მამამისთან ერთად ოპერაში რიხარდ ვაგნერის "ლოენგრინის" პრემიერას დაესწრო და აღტაცებისგან მოსვენება მთლად დაკარგა. სამი წლის მერე, ჯერ მხოლოდ თვრამეტისა რომ იყო, ლუდვიგმა მემკვიდრეობით სამეფო გვირგვინი მიიღო და ერთ-ერთი პირველი, რაც მოიმოქმედა, მიუნხენში თავისი საყვარელი კომპოზიტორის მიწვევა აღმოჩნდა. ლუდვიგ II ვაგნერისადმი უდიდესი თაყვანისცემა იმითაც გამოხატა, რომ იგი კომპოზიტორის მეცენატი გახდა. ლუდვიგმა მას მეფური პირობაც მისცა, რომ მისი ნაწარმოებების შესასრულებლად ფესტივალს დააწესებდა. ეს, რაღა თქმა უნდა, შემთხვევითი სულაც არ იყო, რადგან ვაგნერი თავის ოპერებში აცოცხლებდა გერმანულ ლეგენდებსა და თქმულებებს; იმ ლეგენდებსა და თქმულებებს, რომელთა გმირადაც ლუდვიგს საკუთარი თავი წარმოედგინა.

ამბობენ, ჯერ კიდევ ბავშვობაში ლუდვიგი თავს ლოენგრინად რომ წარმოიდგენდა, მისებრ კოსტიუმში იმოსებოდა, სხვა მხრივაც უჩვეულოდ იცვამდა და, საერთოდ, ცხოვრების წესიც მეტად უცნაური ჰქონდაო. მაგალითად, მისი თანამედროვენი და თვითმხილველნი იხსენებენ, რომ ჭაბუკ ლუდვიგს ზოგჯერ მთელი დღეები ეძინა, ხანდახან კი სადილად... ლუდოვიკო XIV სულს იძახებდაო.

ეს ყოველივე ლუდვიგის გარემოცვას შეუმჩნეველი სულაც არ რჩებოდა და მის საღ აზროვნებაში ეჭვი ეპარებოდა, თუმცა, როცა ამ ამბავმა ბისმარკის ყურამდეც მიაღწია, გერმანიის იმპერიის დამაარსებელს უთქვამს, უფლისწული სრულიად საღად აზროვნებსო.

ასე იყო თუ ისე, როცა ლუდვიგი გამეფდა და ბრძანა, ციხესიმაგრის ასეშენებლად კლდოვანი მთა ააფეთქეთ, რვა მეტრით დაადაბლეთ და ამგვარად საძირკველისთვის პლატო მოასწორეთო, ყველამ იფიქრა, ეს კაცი საბოლოოდ შეიშალაო. ციხესიმაგრის მშენებლობას ლუდვიგის დედაც ეწინააღმდეგებოდა, პარლამენტიც, მაგრამ მეფემ თავისი გაიტანა და 1869 წელს მშენებლობაც დაიწყო, თუმცა ეს მეოცნებე კაცი ამას არ დასჯერდა და იმავე წელს ობერამერგაუს მახლობლად ულამაზეს ტყეში, სადაც სამონადირეო სახლი იყო, მეორე, ლინდერხოფის სასახლის მშენებლობაც გააჩაღა. ცხრა წლის მერე, როცა ამ სასახლის მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა, ლუდვიგმა ხიმზის ტბის ერთ-ერთ კუნძულზე საკუთარი... ვერსალის აშენებაც ისურვა, რომელიც ნამდვილ ვერსალზე გაცილებით ვრცელი იქნებოდა, მასზე ლამაზი სარკეებიანი გალერეა ექნებოდა და უფრო მდიდრული საძინებელიც, ვიდრე ეს ლუდოვიკო XIV სახელგანთქმული საძინებელი იყო. ლუდვიგის გარემოცვა ირწმუნებოდა, ჩვენს მეფეს ეს საძინებელი... დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი ფრანგი მონარქისთვის ჰქონდა ჩაფიქრებული, ამიტომაც მშენებარე სასახლის ირგვლივ ფრანგულ სტილში უმშვენიერესი პარკიც მოაწყო.

სამწუხაროდ, შვიდწლიანი მშენებლობის მერე ამ სასახლისთვის გამოყოფილი თანხა ამოიწურა და მეფეს იგი დაუსრულებელი დარჩა. ამ დროს ლინდერხოფის სასახლის მშენებლობა უკვე კარგა ხნის დამთავრებული იყო.

ამ ულამაზეს სასახლეს, რომელიც სამოთხისებურ ბაღშია აშენებული, ამშვენებს ვენერას ტაძარი და ეგრეთწოდებული მავრიტანული პავილიონიც, რომელიც ლუდვიგმა 1867 წელს პარიზში, მსოფლიო გამოფენაზე შეიძინა.

ამ სასახლეში ბევრი რამ წარმტაცი და მიმზიდველია, მაგრამ დამთვალიერებელთა ყველაზე დიდ ინტერესს, ვენერას ტაძართან ერთად, ხელოვნური მღვიმე იწვევს, რომელსაც ამშვენებს მის შიგნით მოწყობილი ასევე ხელოვნური ტბა, ხელოვნური სტალაქტიდები, სტალაგმიტები და ვეება ნახატი, რომელზეც, რაღა თქმა უნდა, მეფის საყვარელი კომპოზიტორის ოპერა "ტანგაიზერის" სცენებია გამოსახული.

ამბობენ, ხელოვნურ ტბაში გედის ფორმის ნავი დაცურავდაო. იმასაც იხსენებენ, რომ ერთხელაც იმ ნავში მჯდომი მომღერალი, ქალბატონი შეფიცკი განგებ ამოყირავდა და წყალში გადავარდა, რათა ლუდვიგს რაინდულად გადაერჩინა და ამგვარად მისი ვნებაც გაეღვიძებინაო. ბოროტი ენები იმასაც ამბობდნენ, მეფეს ქალები სულაც არ აინტერესებდაო, ამის დასტურად კი სწორედ მომღერლის ამბავს იხსენებდნენ, როცა მეფემ მისი გადარჩენა თავის ხელქვეითებს მიანდო.

ერთი სიტყვით, ამ სასახლის მონახულება თვალისთვისაც მეტად სასიამოვნოა, სულისთვისაც და ყურისთვისაც, რომელიც კიდევ ბევრ საინტერესოს გაიგონებს.

სამწუხაროდ, ლუდვიგი მხოლოდ ლინდერხოფის ბოლომდე დასრულებას მოესწრო, თუმცა იმ დროს იგი უკვე თავისი უმთავრესი ოცნების, ნოიშვანშტაინის სასახლეში ცხოვრობდა, რომლის მშენებლობა და კეთილმოწყობა დამთავრების პირას იყო.

სპეციალისტები ამბობენ, ამ კოშკებატყორცნილ, სპილოსძვლისფერ ციხესიმაგრეში ორგანულადაა შერწყმული ბიზანტიური პომპეზურობა და გვიანგოტიკური ამაღლებაო. შორიდან ეს ნაგებობა ბევრს თეატრალურ დეკორაციას მოაგონებს და, კაცმა რომ თქვას, გარკვეულწილად ასეცაა.

საქმე ისაა, რომ არქიტექტორები ედუარდ რიდელი და გეორგ ფონ დოლმანი მისი მშენებლობისას სწორედ თეატრალური მხატვრის, მიუნხენელი კრისტიან იანკის ხელმძღვანელობითა და მითითებებით მუშაობდნენ ისევე, როგორც ეს ლინდერხოფში იყო.

ეს ციხესიმაგრე ისეთივე ზღაპრულია შიგნითაც, როგორც გარედან და მასზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

სამწუხაროდ, ამ სასახლეში ცხოვრებით მხოლოდ 170 დღის განმავლობაში ტკბებოდა ლუდვიგ II. იგი ხშირად ადიოდა ზემოთ, ხეობაში, საიდანაც ალპების დათოვლილი მწვერვალების ფონზე მართლაც ზღაპრული სანახავია ეს ისედაც ზღაპრული ციხესიმაგრე. იქიდან, მარენბრიუკეს ხიდიდან, რომელიც ლუდვიგ II დედის, პრუსიელი პრინცესა მარია ფრედერიკის სახელს ატარებს, ხელისგულივით მოჩანდა ეს სასახლე. მისი ყველა ფანჯრიდან ღამით შუქი გამოდიოდა და ამ დროს უფრო იდუმალ ციხესიმაგრეს ემსგავსებოდა. და როცა მეფე თავისი ოცნების ციხესიმაგრეს იქიდან გასცქეროდა, თავი რაინდად წარმოედგინა და სხვა სასახლეების აგებაზეც ფიქრობდა, მაგრამ სხვები სულ სხვაგვარად ფიქრობდნენ...

წყარო:



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.