„მეიდან ჯგუფი" თბილისში ეკო-სასტუმროს მიმდინარე წლის ივნისში გახსნის. სასტუმროს გამხსნელი მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ სასტუმროს მოწყობა უკვე დაწყებულია, მისი გახსნა მარტში იგეგმებოდა, თუმცა ტექნიკური საკითხების გამო რამდენიმე თვით გადაიდო.
ალავერდაშვილის თქმითვე, ეს იქნება ერთ–ერთი პირველი ეკო სასტუმრო თბილისში, მისი სახურავი სრულად ბალახითა და ყვავილებით იქნება დახურული. თავად სასტუმრო კი გარედან ხის მასალით იქნება მოპირკეთებული.
სასტუმროს გამხსნელი მენეჯერის თქმით, განიხილება სასტუმროში ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებაც.
სასტუმრო „ვარდების ბაღში" მდებარეობს, ის 63 ნომრიანი და 3 ვარსკვლავიანი იქნება. აქვე განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზი და სპა ცენტრი.
სასტუმრო სახელი ამ ეტაპზე ზუსტდება, მისი მოწყობისთვის 2 მილიონ დოლარამდე დაიხარჯება.
მეიდან ჯგუფი არის უძრავი ქონების განვითარების კომპანია, დაარსებული 2000 წელს.
კომპანიის მიზანია თბილისის ისტორიულ ნაწილში ინვესტიციების და ახალი პროექტების განხორციელება არქიტექტურული ტრადიციების შენარჩუნებით.მეიდან ჯგუფის მართვაშია დღეისათვის სამი ბიზნეს ცენტრი ქ.თბილისში: "მეიდან პალასი", "მანთაშევის სავაჭრო რიგები" და ე.წ. "დიპლომატთა სახლი".
„მეიდან ჯგუფმა" წლის დასაწყისში თბილისში ბალნეოლოგიური კურორტი შეიძინა. ადგილზე თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსის მოწყობა იგეგმება.
ავტორი: სალომე სოსელია
commersant.ge