ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Adjara Group Hospitality-ს მიერ სასტუმროს გახსნის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
22 თებერვალი, 2017

Adjara Group Hospitality თბილისში ახალ სასტუმროს წელს გახსნის, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია მას „ავიატორი" ერქმევა თუ „სტამბა". სასტუმრო გამომცემლობა „სამშობლოს" ყოფილი შენობის შუა ნაწილში განთავსდება.

როგორც „კომერსანტს" Adjara Group Hospitality-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა, სასტუმრო ორ ეტაპად გაიხსნება და პირველ ჯერზე 65 ნომრის გახსნა მოხდება.

საბოლოო ჯამში, პროექტის დასრულების შემდგომ ეს სასტუმრო 150 ოთახით იქნება წარმოდგენილი. ჩეხერიას განცხადებით, პროექტში 15 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება.

„რაც შეეხება ჩვენ ახალ სასტუმროს ჯერ გადაწყვეტილი არ არის მას "ავიატორი" ერქმევა თუ "სტამბა". ამ საკითხზე ამჟამად შეჯერებულები არ ვართ. ახალ პროექტთან დაკავშირებით სარემონტო სამუშაოები გრძელდება, ასევე ვმუშაობთ ბრენდინგზე. სასტუმროს პირველი ნაწილი აუცილებლად წელს, სექტემბრის ბოლოს გაიხსნება.

სასტუმრო ორ ეტაპად გაიხსება. თავდაპირველად გვსურს 65 ნომრის გახსნა, ხოლო საბოლოო ჯამში პროექტის დასრულების შემდგომ ეს სასტუმრო 150 ოთახით იქნება წამროდგენილი. ეს იქნება კიდევ ერთი ქართული დიზაინ ჰოტელი. რაც შეეხება ინვესტიციას, ბიუჯეტის ნაწილზე მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს. საერთო ჯამში ამ სასტუმროში 15 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება."- განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

„კომერსანტთან" საუბრისას Adjara Group Hospitality-ს აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ახალი სასტუმროს გახსნასთან ერთად ამავე სასტუმროში კაზინოს შესვლა განიხილება.

როგორც ჩეხერია ჩვენთან საუბრისას განმარტავს, „აჭარა ჯგუფს" რამდენიმე შემოთავაზება სხვადასხვა კომპანიისგან აქვს და მათთვის მისაღები წინადადების შემთხვევაში სასტუმროში კაზინოსთვის ფართის გამოყოფას აპირებს.

„თბილისში, ახალ სასტუმროში რამდენიმე უცხოური, ასევე ქართული მოქმედი ბრენდებისგან კაზინოს გახსნასთან და ჩვენთან შემოსვლასთან დაკავშირებით შემოთავაზებები გვაქვს. თავად ჩვენ კაზინოს გახსნას არ ვაპირებთ. კაზინოსთვის ფართის გაქირავების თემა განიხილება. თუ ფართის ქირაობასთან დაკავშირებით რომელიმე კომპანიისგან კარგი შემოთავაზება იქნება, ამ წინადადებას აუცილებლად განვიხილავთ. ჩვენ მზად ვართ, რომ სასტუმროში ფართი გავაქირაოთ და კაზინოს დავუთმოთ. საბოლოო ჯამში, მფლობელი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამაზე ვერ გიპასუხებთ. თუ ახალი სასტუმრო წელს გაიხსნება, მაშინ შესაძლოა, კაზინო წელსვე შემოვიყვანოთ." - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.